ძველი აღთქმა
იობი
171 „სული შემემუსრა, ჩამიქრა დღეები, და გათხრილია საფლავი ჩემთვის. 2 ნეტავ ეს მქირდავნი არ მეხვივნენ თავს! მათი ურჩობით ღამეს ათევენ ჩემი თვალები. 3 მომხედე, შენვე გამიწიე თავდებობა შენს წინაშე. სხვა ვინ დამირტყამს ხელს ხელზე? 4 რადგან დახურე შენ მათი გული გონიერებისთვის, და ამიტომაც არ აღაზევებ მათ. 5 ვინც მეგობრებს ასმენს ანგარებით, მის შვილებს თვალები უნდა დაევსოთ. 6 ხალხის საიგავოდ გამხადა, და მათ დასაცინად ვიქეცი. 7 თვალთ დამიბნელდა დარდისაგან, და აჩრდილივით არის ჩემი სხეულის ასოები. 8 განცვიფრდებიან ამის გამო წრფელნი, და მართალი ურჯულოზე აღდგება. 9 დაიჭერს მართალი თავის გზას, და ხელწმიდა კაცი მეტად განმტკიცდება. 10 თქვენ კი, მობრუნდით, მოდით ყველანი, ბრძენს მაინც ვერ ვიპოვი თქვენს შორის. 11 ჩემმა დღეებმა განვლეს, ჩაიფუშა ჩემი ზრახვები – ჩემი გულის ფიქრები. 12 ისინი ღამეს დღედ აქცევენ, ახლოა ნათელი ბნელთან. 13 თუ ველი რამეს, მხოლოდ შავეთს – ჩემს სახლს. ბნელში დავაგე ჩემი ლოგინი. 14 ჩავძახე საფლავს: ‘შენ მამა ხარ ჩემი!’ ჭიას ვუთხარი: ‘დედაჩემი ხარ და ჩემი და ხარ!’ 15 და სადაა ჩემი სასოება? ვიღა იხილავს ჩემს სასოებას? 16 თან ჩამომყვება შავეთში? და ნუთუ ერთად განვისვენებთ დამიწებულნი?”