ესაია 24

ივლისი 3, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
241 აჰა, უფალი აუკაცრიელებს ქვეყანას და აოხრებს მას, ასხვაფერებს მის სახეს და ფანტავს მის მცხოვრებთ. 2 და ერთი იქნება ერი და მღვდელი, მონა და მისი ბატონი, მხევალი და მისი ქალბატონი, მყიდველი და გამყიდველი, გამსესხებელი და მსესხებელი, მევახშე და მოვალე. 3 გაუკაცრიელდება ქვეყანა და გაიძარცვება, რადგან უფალმა წარმოთქვა ეს სიტყვა. 4 გლოვობს, მიილია ქვეყანა, სასოწარკვეთილებაში მიილია ქვეყანა, დაუძლურდნენ დიდებულნი ქვეყნის ერისა. 5 ქვეყანა შეიბილწა მისი მცხოვრებლების მიერ, რადგან გადავიდნენ რჯულს, შეცვალეს წესი, დაარღვიეს საუკუნო აღთქმა. 6 ამის გამო წყევლამ შეჭამა ქვეყანა და დაისაჯნენ მისი მცხოვრებნი; ამის გამო გადაიბუგნენ ქვეყნის მცხოვრებნი და სულ ცოტა დარჩა ხალხი. 7 მაჭარი გლოვობს, გახმა ვაზი, ოხრავს ყველა გულით მხიარული, 8 შეწყდა დაფდაფების ლხინი, მიწყდა მოლხინეთა ჟრიამული, შეწყდა ქნარის სიხარული. 9 სიმღერით აღარ შესვამ ღვინოს, გაუმწარდებათ სასმელი მის მსმელებს. 10 დაილეწა უკაცური ქალაქი, დაიკეტა ყველა სახლის მისასვლელი. 11 ღრიალია ქუჩებში ღვინის გამო, ჩაჟამდა ყველა მხიარულება, განიდევნა ქვეყნიდან სიხარული. 12 უდაბურება დარჩა ქალაქში და ნანგრევებად იქცა კარიბჭე. 13 რადგან ასე მოხდება ქვეყნის შუაგულში, ხალხებს შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვისას, როგორც დაკრეფის შემდეგ, როდესაც დამთავრდა მოსავლის აღება. 14 ისინი აამაღლებენ თავიანთ ხმას, იმღერებენ უფლის დიდებაზე, ხმამაღლა იყვირებენ ზღვიდან. 15 ამის გამო აღმოსავლეთში ადიდეთ უფალი, ზღვის კუნძულებზე – სახელი უფლისა, ისრაელის ღმერთისა. 16 ქვეყნის კიდიდან ვისმინეთ ჩვენ სიმღერა: „დიდება მართალს!” და ვთქვი მე: ვაი მე, ვაი მე, ვაგლახ მე! მოღალატენი ღალატობენ, და ღალატით ღალატობენ მოღალატენი.” 17 შიში, ორმო და მახეა შენთვის, ქვეყნის მკვიდრო! 18 და იქნება: შიშის ხმას გაქცეული ორმოში ჩავარდება, და ორმოდან ამოსული მახეში გაებმება; რადგან ცის სიმაღლიდან გაიხსნა სარკმლები და ქვეყნის საფუძვლები შეირყა. 19 დალეწვით დაილეწა ქვეყანა, მსხვრევით დაიმსხვრა ქვეყანა, რყევით შეირყა ქვეყანა. 20 რხევით ირხევა ქვეყანა, როგორც მთვრალი, და როგორც კარავი, ისე ირწევა, დაამძიმებს მას მისი დანაშაული და დაეცემა და ვეღარ აღდგება. 21 და იქნება იმ დღეს: დასჯის უფალი ზეცის მხედრობას ზეცაში და მიწის მეფეებს მიწაზე. 22 და შეიყრებიან ისინი ერთად, როგორც პატიმარნი დილეგში; და ჩაკეტილნი იქნებიან კლიტულში, და მრავალი დღის შემდეგ გაიხსენებენ მათ. 23 გაწბილდება მთვარე და შერცხვება მზეს, რადგან უფალი ცაბაოთი გამეფდება სიონის მთაზე და იერუსალიმში. და დიდება იქნება მის უხუცესთა წინაშე. უფალო, ჩემი ღმერთი ხარ შენ! გადიდებ შენ, მადლობას მივაგებ შენს სახელს, რადგან საოცრება მოიმოქმედე,
თავი ოცდამესამე                                                                                                                             თავი ოცდამეხუთე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close