ესაია 27

ივლისი 3, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
271 იმ დღეს დასჯის უფალი თავისი სასტიკი, დიდი და მაგარი მახვილით, ლევიათანს, მორბენალ გველს, და ლევიათანს, დაკლაკნილ გველს, და მოკლავს ურჩხულს, რომელიც ზღვაშია. 2 იმ დღეს: „უმღერეთ მას – ვაზს ღვინისას, 3 მე, უფალი, მისი მცველი ვარ, ყოველ წამს ვრწყავ მას, რათა არ დააზიანონ, ღამით და დღისით ვიცავ მას. 4 მრისხანება არა მაქვს მე, ვინ მომცემს ბრძოლაში ნარ-ეკალს, გადავთელავდი მათ, გადავბუგავდი ერთიანად. 5 თუ ჩაეჭიდება ჩემს სიმტკიცეს, რათა ქმნას ჩემთან მშვიდობა, ქმნას მშვიდობა ჩემთან.” 6 მომავალ დღეებში ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიფურჩქნება და გაიკვირტება ისრაელი, და გაივსება ქვეყნიერების პირი ნაყოფით. 7 განა ასე სცემდა იგი მას, როგორც მის მცემელს სცემდა? განა ისეა მოკლული, როგორც მის მიერ არიან მოკლული. 8 განდევნით, გაძევებით სჯი მას. გააგდო იგი თავისი ძლიერი ქროლვით, როგორც აღმოსავლეთის ქარის დღეს. 9 ამიტომ ამით მიტევებულ იქნება იაკობის ურჯულოება, და ეს იქნება სრული ნაყოფი მისი ცოდვის მოცილებისა: როცა სამსხვერპლოს ყველა ქვას გაცამტვერებულ კირქვასავით გახდის, როცა აღარ იქნებიან მეტად აშერები და მზის კერპები. 10 რადგან გამაგრებული ქალაქი გაუკაცრიელდება, საცხოვრებელი დატოვებული და მიგდებული იქნება უდაბნოსავით. ხბო მოძოვს იქ და წამოწვება, და შეჭამს მის ტოტებს. 11 როდესაც გახმება მისი ამონაყარი, დაილეწება, ქალები მოვლენ და დაწვავენ მას; რადგან გონიერი ხალხი არ არიან ისინი. ამის გამო მათი გამჩენი არ შეიბრალებს მათ და მათი შემქმნელი მათ არ შეიწყალებს. 12 და მოხდება იმ დღეს, რომ ჩამობერტყავს უფალი თავის ნაყოფს მდინარის შესართავიდან ეგვიპტის ხევამდე და თქვენ აკრეფილნი იქნებით სათითაოდ, ისრაელის ძენო. 13 და მოხდება იმ დღეს, რომ ჩაბერავენ დიდ საყვირს და მოვლენ აშურის ქვეყანაში დაკარგულნი და ეგვიპტის ქვეყანაში გაძევებულნი, და თაყვანს სცემენ უფალს წმიდა მთაზე, იერუსალიმში.
თავი ოცდამეექვსე                                                                                                                               თავი ოცდამერვე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close