ესაია 49

ივლისი 9, 2015

ძველი აღთქმა
ესაია

491 მისმინეთ მე, კუნძულებო, და ყურად იღეთ, შორეულო ხალხებო: უფალმა დედის მუცლიდან მომიხმო მე, ჩემი დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი. 2 და დასდო ჩემი პირი ბასრი მახვილივით; თავის ხელის ჩრდილში შემიფარა მე, და დამდო მე წამახულ ისრად, თავის კაპარჭში დამმალა მე 3 და მითხრა: „ჩემი მსახური ხარ შენ, ისრაელ, რომელშიც გავბრწყინდები!” 4 მე ვუთხარი: „ამაოდ დავშვერი, ფუჭად და ტყუილად დავხარჯე ჩემი ძალა, მაგრამ ჩემი სამართალი უფალთანაა და ჩემი საზღაური – ჩემს ღმერთთან!” 5 და ახლა თქვა ჩემმა უფალმა, დედის მუცლიდან თავის მსახურად ჩემმა გამომსახველმა, რათა მივაბრუნო მისკენ იაკობი, და ისრაელი მასთან შეიკრიბოს, რათა პატივდებული ვიყო უფლის თვალში, და ჩემი ღმერთი იყოს ჩემი ძალა. 6 და თქვა მან: „არ კმარა, რომ იქნები ჩემს მსახურად იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის შენახულთა დასაბრუნებლად. მე გაგხდი შენ ხალხების სინათლედ, რათა ჩემი ხსნა დედამიწის კიდემდე იყოს.” 7 ასე უთხრა უფალმა, ისრაელის მხსნელმა და მისმა წმიდამ ადამიანთაგან აბუჩად აგდებულთ, ხალხთაგან შეძულებულთ, ბატონთა მსახურებს: „მეფენი იხილავენ და აღდგებიან, მთავარნი კი თაყვანს სცემენ უფლის გულისათვის, რომელიც მტკიცეა, ისრაელის წმიდას, რომელმაც ამოგარჩია.” 8 ასე ამბობს უფალი: „სასურველ დროს გიპასუხე შენ და ხსნის დღეს შეგეწიე; შეგინახავ და გაგხდი შენ ერის აღთქმად, რათა აღადგინო ქვეყანა და დაუმკვიდრო აოხრებული სამკვიდროები, 9 რომ უთხრა ტყვეთ: ‘გამოდით!’ და იმათაც, ვინც ბნელშია: ‘გამოჩნდით!’ გზისპირებზე გამოიკვებებიან, და ყოველ ხმელ გორაზე იქნება მათი საძოვარი. 10 არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, და არ დაჰკრავს მათ პაპანაქება და მზე, რადგან მათი შემბრალებელი წარუძღვება მათ და წყლის წყაროებზე მიიყვანს. 11 ჩემს ყველა მთას გზად ვაქცევ, და ჩემი ბილიკები აიწევა. 12 აჰა, ესენი შორიდან მოვლენ და აჰა, ესენი – ჩრდილოეთიდან და ზღვიდან, ესენი კი – სინიმის ქვეყნიდან.” 13 იმხიარულეთ, ცანო, და ილხინე, დედამიწავ! და შემოსძახეთ, მთებო, სიმღერა, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ერი და თავის დაჩაგრულთ შეიბრალებს. 14 და თქვა სიონმა: „დამტოვა მე უფალმა და დამივიწყა მე უფალმა!” 15 „განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და არ შეიბრალებს ძეს თავისი მუცლისას? იმათაც რომ დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ! 16 მე ხომ ჩემს ხელის გულებზე გამოგხაზე, შენი ზღუდენი მუდამ ჩემს წინაშეა. 17 ისწრაფიან შენკენ შენი მშენებელნი, შენი დამარბეველნი და ამაოხრებელნი გავლენ შენგან. 18 მოავლე ირგვლივ შენი თვალი და დაინახე; ყველანი შეიკრიბნენ, მოდიან შენთან. ცოცხალი ვარ!” – ამბობს უფალი. – „რადგან მათ ყველას სამკაულებივით გაიკეთებ ჩამოიკიდებ მათ, როგორც პატარძალი. 19 რადგან შენი დაქცეული და აოხრებული ადგილები, შენი დარბეული ქვეყანა და ნანგრევები დღესაც კი ვიწრო იქნება საცხოვრებლად; და შენი ჩამყლაპავნი შორს იქნებიან. 20 კვლავ იტყვიან შენს გასაგონად შენი დაკარგული შვილები: ‘ვიწროა ჩემთვის ეს ადგილი, გაიწიე, რომ დავსახლდე!’ 21 „და შენ იტყვი შენს გულში: ‘ვინ მიშვა მე ესენი? მე ხომ შვილმკვდარი ვიყავი, უნაყოფო, დევნილი და უკუგდებული? ესენი კი ვინ გაზარდა? მე ხომ მარტო დავრჩი, სად იყვნენ ესენი?’” 22 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „აჰა, მე აღვმართავ ჩემს ხელს ხალხებისაკენ, და ერების წინაშე აღვმართავ ჩემს ალამს. ისინი მოიყვანენ შენს ვაჟებს კალთით, და შენი ასულნი მხრებით იქნებიან ნატარები! 23 მეფენი იქნებიან შენი გამზრდელნი და მათი დედოფალნი – შენი ძიძები. პირქვე დამხობით თაყვანს გცემენ შენ და შენს ფერხთა მტვერს ალოკავენ და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, რომ არ შერცხვებიან ჩემი მოიმედენი! 24 წაერთმევა ნადავლი ძლიერს, ან გადარჩება სასტიკი მტარვალის ტყვე?” 25 რადგან ასე თქვა უფალმა: „თუ ძლიერის ტყვეც წაყვანილი იქნება და სასტიკის ნადავლიც გადარჩება, მე თავად გავუმართავ დავას შენს მოდავეს, და შენს ვაჟებს მე ვიხსნი. 26 ვაჭმევ შენს შემჭირვებელთ თავიანთ ხორცს, და, როგორც ტკბილი ღვინით, დათვრებიან ისინი თავიანთი სისხლით. და შეიტყობს ყველა ხორციელი, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და შენი გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.”
თავი ორმოცდამერვე                                                                                                           თავი ორმოცდამეათე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close