ძველი აღთქმა
იერემია
401 სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან მას შემდეგ, რაც ნებუზარადანმა, მცველთა უფროსმა, გაათავისუფლა იგი რამადან და წაიყვანა ბორკილებგაყრილი ბაბილონში დასახლებულ ყველა იერუსალიმელ და იუდაელ გადასახლებულთა შორის. 2 და გამოიყვანა მცველთა უფროსმა იერემია და უთხრა მას: „უფალმა, შენმა ღმერთმა წარმოთქვა ის უბედურება ამ ადგილზე. 3 და მოაწია და შეასრულა უფალმა, რაც თქვა, რადგან შესცოდეთ თქვენ უფლის წინაშე და არ შეისმინეთ მისი ხმა, და გეწიათ თქვენ ეს. 4 და ახლა, აჰა, დღეს გათავისუფლებ ბორკილებიდან, რომლებიც შენს ხელზეა; თუ მოინდომებ ჩემთან ბაბილონში წამოსვლას, წამოდი, და მე ვიზრუნებ შენზე. და თუ არ გსურს ჩემთან ბაბილონში წამოსვლა, ნუ იქმ. ნახე, მთელი ქვეყანა შენს წინაშეა, სადაც უმჯობესად და სწორად მიგაჩნია შენი წასვლა, იქ წადი.” 5 მანამდე კი, სანამ ის გაბრუნდებოდა, ნებუზარადანმა უთხრა: „ან დაბრუნდი გედალიაჰუსთან, შაფანის ძის ახიკამის ძესთან, რომელიც ბაბილონის მეფემ უფროსად დააყენა იუდას ქალაქებზე, და დარჩი მასთან ხალხში, ან სადაც სწორად მიგაჩნია შენი წასვლა, იქ წადი.” და მისცა მას მცველთა უფროსმა საგზალი და საჩუქარი და გაისტუმრა. 6 მოვიდა იერემია გედალიაჰუსთან, ახიკამის ძესთან, მიცფაში და დასახლდა მასთან ერთად ქვეყანაში დარჩენილ ხალხს შორის. 7 და გაიგონა ყველა მხედართმთავრმა, რომლებიც ველზე იყვნენ, მათ და მათმა კაცებმა, რომ ბაბილონის მეფემ გედალიაჰუ, ახიკამის ძე, დანიშნა განმგებლად ქვეყანაში და რომ მას ჩააბარა კაცები და ქალები და ბავშვები და ქვეყნის ღარიბები, რომელნიც არ იყვნენ ბაბილონში გადასახლებულნი. 8 და მივიდნენ ისინი გედალიაჰუსთან მიცფაში: ისმაელ ნეთანიას ძე, იოხანანი და იონათანი, კარეახის ძენი, სერაია თანხუმეთის ძე, ნეტოფათელი ეფაის ძენი და იეზანია მააქათელის ძე, ისინი და მათი კაცები. 9 და შეჰფიცა გედალიაჰუმ, ახიკამ შაფანის ძის ძემ, მათ და მათ კაცებს ასე: „ნუ შეგაშინებთ ქალდეველთა სამსახური, დასახლდით ქვეყანაში და ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და კარგი იქნება თქვენთვის. 10 მეც დავსახლდები მიცფაში, რომ წარვდგე ქალდეველთა წინაშე, რომლებიც ჩვენთან მოვლენ, თქვენ კი შეაგროვეთ ღვინო და ზაფხულის ნაყოფი და ზეთი, და ჩადეთ თქვენს ჭურჭელში და დასახლდით თქვენს ქალაქებში, რომლებიც თქვენ დაიკავეთ.” 11 და ასევე ყველა იუდაელმა, რომლებიც მოაბში, ყამონიანებში და ედომში და ყველა ქვეყანაში იყვნენ, გაიგონეს, რომ ბაბილონის მეფემ დატოვა იუდაელთა გადარჩენილი ნაწილი და რომ შაფანის ძის ახიკამის ძე გედალიაჰუ, დანიშნა მათზე. 12 და დაბრუნდა ყველა იუდაელი ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც იყვნენ გაძევებულნი, და მოვიდნენ იუდას ქვეყანაში გედალიაჰუსთან, მიცფაში, და შეაგროვეს ძალზე ბევრი ღვინო და ზაფხულის ნაყოფი. 13 და იოხანან კარეახის ძე და ყველა მხედართმთავარი, რომლებიც ველზე იყვნენ, მივიდნენ გედალიაჰუსთან მიცფაში. 14 და უთხრეს მას: „იცი შენ, რომ ბაყალისმა, ყამონიანთა მეფემ, გამოაგზავნა შენს მოსაკლავად ისმაელ ნეთანიას ძე?” მაგრამ არ ირწმუნა მათი გედალიაჰუმ, ახიკამის ძემ. 15 და იოხანან კარეახის ძემ, ფარულად ასე უთხრა გედალიაჰუს მიცფაში: „გამიშვი და მოვკლავ ისმაელს, ნეთანიას ძეს, და კაციშვილი ვერ გაიგებს; რისთვის უნდა მოგისწრაფოს სიცოცხლე და დაიფანტოს შენთან შეკრებილი ყველა იუდაელი, და დაიღუპოს იუდას ნატამალი?” 16 და უთხრა გედალიაჰუმ, ახიკამის ძემ, იოხანანს, კარეახის ძეს: „ნუ იქმ ამ საქმეს, რადგან ტყუილს ამბობ ისმაელზე.”