3 მეფეთა 2

მაისი 12, 2015

ძველი აღთქმა
3 მეფეთა

21 და მოახლოვდა დავითის სიკვდილის ჟამი და ეს უანდერძა მან თავის შვილს სოლომონს: 2 „მივდივარ მთელი ქვეყნის გზით, გამაგრდი და კაცი იყავი. 3 და დაიმარხე უფლის, შენი ღმერთის, სამარხველი: იარე მის გზაზე, დაიცავი მისი წესები, მისი მცნებანი, მისი სამართალი, მისი მოწმობანი, როგორც სწერია მოსეს რჯულში, რომ ხელი მოგემართოს ყველაფერში, რასაც გააკეთებ, და ყველგან, საითკენაც პირს მიაქცევ. 4 რომ აღასრულოს უფალმა ჩემზე ნათქვამი თავისი სიტყვა: ‘თუ შენი შვილები დაიცავენ თავიანთ გზას და ივლიან ჩემს წინაშე ჭეშმარიტებით და მთელი გულითა და სულით, არ დაგელევა კაცი ისრაელის ტახტზე.’ 5 შენც იცი, რა გამიკეთა იოაბ ცერუაიას ძემ, რა გაუკეთა ისრაელის ლაშქრის ორ სარდალს – აბნერ ნერის ძეს და ყამასა იეთერის ძეს. როგორ დახოცა ისინი და მშვიდობის დროს ბრძოლის სისხლი დაღვარა, ბრძოლის სისხლი მოიცხო სარტყელზე და ფეხსამოსზე. 6 ბრძნულად მოიქეცი და მშვიდობით ნუ ჩაუშვებ მის ჭაღარას შავეთში. 7 ხოლო ბარზილაი გილყადელის შვილებს წყალობა მიაგე, თანამეინახეებად გყავდეს სუფრაზე, რადგან ახლობლობა ჰქონდათ ჩემთან, როცა შენს ძმას აბესალომს გავურბოდი. 8 აჰა, შენთან არის შიმყი, გერას ძე, ბენიამინელი ბახურიმიდან. ის იყო, რომ მწარედ მწყევლიდა, როცა მახანაიმში მივდიოდი. მაგრამ ის იორდანეზე ჩამოვიდა ჩემს შესახვედრად და მეც უფლის სახელით შევფიცე: მახვილით არ მოგკლავ-მეთქი. 9 შენ კი ნუ დატოვებ დაუსჯელს, რადგან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე, რომ სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანო შავეთში”. 10 და განისვენა დავითმა თავის მამებთან და დაიმარხა დავითის ქალაქში. 11 ხანი დავითის მეფობისა ისრაელზე იყო ორმოცი წელი: ხებრონში შვიდ წელს მეფობდა, იერუსალიმში – ოცდაცამეტ წელს. 12 და დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის ტახტზე და დიდად განმტკიცდა მისი მეფობა. 13 და მივიდა ადონია, ხაგითის ძე, ბათ-შებაყთან, სოლომონის დედასთან, და უთხრა ქალმა: „მშვიდობით ხარ მოსული?” და უთხრა: „მშვიდობით.” 14 და უთხრა: „საქმე მაქვს შენთან,” და უთხრა: „თქვი”. 15 და თქვა: „შენ იცი, რომ ჩემი იყო მეფობა, და მე შემომყურებდა მთელი ისრაელი, რომ მეფე გავმხდარიყავი, მაგრამ წამივიდა მეფობა და ჩემს ძმას ერგო, რადგან უფლისგან ჰქონდა მიცემული. 16 ახლა ერთი სათხოვარი მაქვს შენთან, ნუ გამაწბილებ”. მიუგო ქალმა: „თქვი” 17 და თქვა: „უთხარი სოლომონ მეფეს, უარს არ გეტყვის შენ, რომ არ გამაწბილოს და ცოლად მომცეს აბიშაგ შუნამელი.” 18 და თქვა ბათ-შებაყმა: „კარგი, დაველაპარაკები შენზე მეფეს.” 19 და მივიდა ბათ-შებაყი მეფე სოლომონთან, რომ ადონიაზე დალაპარაკებოდა. და წარდგა მეფე მის შესახვედრად და თაყვანისცა მას, და დაჯდა თავის ტახტზე. მეფის დედასაც დაუდგეს ტახტი, და მის მხარმარჯვნივ დაჯდა იგი. 20 და უთხრა: „ერთი მცირე სათხოვარი მაქვს შენთან, ნუ გამაწბილებ.” უთხრა მეფემ: „მთხოვე, დედაჩემო, რადგან არ გაგაწბილებ.” 21 და თქვა: „მიეცი ცოლად აბიშაგ შუნამელი შენს ძმას ადონიას”. 22 უთხრა: „რად მოითხოვ ადონიასთვის აბიშაგ შუნამელს? ბარემ სამეფოც მოითხოვე მისთვის, რაკი ჩემი უფროსი ძმაა, და ჰყავს მღვდლად აბიათარი და მეგობრად იოაბ ცერუთას ძე”. 23 და დაიფიცა მეფე სოლომონმა უფალი და თქვა: „ასე და ასე მიყოს უფალმა და უარესიც დამმართოს, თუ თავის საუბედუროდ არ ეთქვას ეს სიტყვა ადონიას! 24 ახლა კი, – ვფიცავ უფალს, რომელმაც განმამტკიცა და დამსვა დავითის, მამაჩემის, ტახტზე, რომელმაც სახლი ამიშენა დაპირებისამებრ, რომ დღესვე მოკვდება ადონია.” 25 და გაგზავნა მეფე სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე, და დაჰკრა, და მოკვდა იგი. 26 აბიათარ მღვდელს კი უთხრა მეფემ: „ყანათოთს წადი, შენს მამულში. სიკვდილის ღირსი ხარ, მაგრამ დღეს არ მოგკლავ, რადგან შენ გიტარებია უფლის კიდობანი დავითის, მამაჩემის, წინაშე და, ყველაფერს იტანდი, რასაც მამაჩემი იტანდა”. 27 და მოკვეთა სოლომონმა აბიათარი უფლის მღვდლობიდან, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რომელიც თქვა მან ყელის სახლზე შილოში. 28 და მიუვიდა ხმა იოაბს, – რადგან იოაბი ადონიას მიემხრო და აბესალომს არ მიმხრობია, – და გაიქცა იოაბი უფლის კარვისკენ და სამსხვერპლოს რქებს მოეჭიდა. 29 და შეატყობინეს მეფე სოლომონს, უფლის კარვისკენ გაიქცა იოაბი და აჰა, სამსხვერპლოსთან დგასო. გაგზავნა სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე და დააბარა: „მიდი, მოკალი!” 30 და მივიდა ბენაია უფლის კარავთან და უთხრა: „გამოდი, ასე ბრძანა მეფემ”. და თქვა: „არა, აქ მოვკვდები”. და მიუტანა ბენაიამ მეფეს ამბავი: ასე თქვაო იოაბმა, და ასე მიპასუხაო. 31 და უთხრა მეფემ: „ისე გააკეთე, როგორც თავად თქვა: მოკალი და დამარხე. ამით ჩამოგვრეცხავ მეცა და მამაჩემის სახლსაც უბრალო სისხლს, იოაბმა რომ დაღვარა. 32 უფალმა მის თავზევე მიაქციოს მისი სისხლი იმისათვის, რომ მიუხდა ორ მასზე მართალ და კეთილ კაცს და მახვილით დახოცა მამაჩემის, დავითის, უჩუმრად: აბნერ ნერის ძე, ისრაელის ჯარის სარდალი და ყამასა იეთერის ძე, იუდას ჯარის სარდალი. 33 და მიექცეს მათი სისხლი იოაბის თავს და მისი შთამომავლების თავს საუკუნოდ, ხოლო დავითს, მის შთამომავლობას, მის სახლს და მის ტახტს მშვიდობა ჰქონდეს უფლისგან უკუნისამდე”. თ 34 და წავიდა ბენაია იეჰოიადაყის ძე, თავს დაესხა მას და მოკლა იობი, და მის სახლში, უდაბნოში, დამარხა. 35 და დანიშნა მეფე სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე მის ადგილზე ჯარის სარდლად, ხოლო აბიათარის ადგილზე ცადოკ მღვდელი დაადგინა მეფემ. 36 და გაგზავნა, და შეუთვალა მეფემ შიმყის და უთხრა: „აიშენე სახლი იერუსალიმში და იცხოვრე იქ. ნურსად ნუ გახვალ იქიდან. 37 როგორც კი გახვალ და კიდრონის ხევს გასცდები, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება. შენს თავზე იქნება შენი სისხლი” 38 და უთხრა შიმყიმ მეფეს: „კეთილი, როგორც ბრძანა მეფე-ბატონმა, ისე მოიქცევა შენი მსახური”. და ცხოვრობდა შიმყი იერუსალიმში მრავალი ხანი. 39 გავიდა სამი წელი და გაექცა შიმყის ორი მსახური აქიშ მაყაქას ძესთან, გათის მეფესთან. და შეატყობინეს შიმყის, გათში არიანო შენი მსახურნი. 40 და ადგა შიმყი და შეკაზმა სახედარი, და წავიდა გათს აქიშთან თავის მსახურთა საძებრად. წავიდა შიმყი და კიდეც მოიყვანა გათიდან თავისი მსახურნი. 41 და შეატყობინეს სოლომონს, იერუსალიმიდან გათში წავიდა შიმყი და უკან მობრუნდაო. 42 და დაიბარა მეფემ შიმყი და უთხრა: „რომ დაგაფიცე უფლის სახელით და გაგაფრთხილე, თუ გახვედი და სადმე წასულხარ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება-მეთქი, შენ მიპასუხე: კეთილი, მესმისო; 43 რატომ არ შეინახე ჩემი ბრძანება, რაც გიბრძანე უფლის წინაშე ფიცით?” 44 და უთხრა მეფემ შიმყის: „შენც კარგად იცი და შენმა გულმაც, რა ავკაცობა გაგიკეთებია დავითისთვის, მამაჩემისთვის. ახლა შენს თავზე მოაქცევს უფალი შენს ავკაცობას. 45 და კურთხეული იყოს მეფე სოლომონი და მტკიცე იყოს დავითის ტახტი უფლის წინაშე უკუნისამდე!” 46 და უბრძანა მეფემ ბენაია იეჰოიადაყის ძეს, ისიც წავიდა და დაჰკრა შიმყის, და მოკვდა იგი.
თავი პირველი                                                                                                                                        თავი მესამე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close