3 მეფეთა 13

მაისი 12, 2015
ძველი აღთქმა
3 მეფეთა
131 აჰა, მოვიდა უფლის შეგონებით ღვთისკაცი იუდადან ბეთელს, როცა იერობყამი სამსხვერპლოსთან იდგა საკმევლის საკმევად. 2 და დასძახა სამსხვერპლოს უფლის სახელით და თქვა: „სამსხვერპლოვ, სამსხვერპლოვ! ასე ამბობს უფალი: ‘აჰა, დაებადება ძე დავითის სახლს და იოშია იქნება მისი სახელი. და ზედ დაგაკლავს იგი გორაკთა მღვდლებს, რომლებიც საკმეველს გიკმევენ, და შენს თავზე დაწვავენ ადამიანთა ძვლებს.’“ 3 და ნიშანიც გაუცხადა იმავე დღეს, თქვა: „აჰა, იმის ნიშანი, რომ უფლის ნაბრძანებია ეს სიტყვა: ‘აჰა, დაიშლება სამსხვერპლო და გაიფანტება ნაცარი, ზედ რომ ყრია.’“ 4 როცა გაიგონა მეფემ ღვთისკაცის სიტყვა, სამსხვერპლოს რომ დასძახა ბეთელში, წამოიღო ხელი სამსხვერპლოდან და ბრძანა: „შეიპყარით!” და უმალვე გაუხმა მისკენ მიშვერილი ხელი და ვეღარ შეძლო უკან წაღება. 5 და დაიშალა სამსხვერპლო და ნაცარიც გაიფანტა სამსხვერპლოდან იმ ნიშნის თანახმად, ღვთისკაცმა რომ გააცხადა უფლის შეგონებით. 6 და მიუგო მეფემ და უთხრა ღვთისკაცს: „შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, და ილოცე ჩემთვის, რომ ხელის უკან წაღება შევძლო.” შეევედრა ღვთისკაცი უფალს და შეძლო მეფემ უკან წაეღო ხელი, რომელიც აღუდგა, როგორც ჰქონდა. 7 და უთხრა მეფემ ღვთისკაცს: „სახლში წამომყევი, რამე შეჭამე და საჩუქარსაც მოგცემ.” 8 და უთხრა ღვთისკაცმა მეფეს: „ნახევარი სახლიც რომ მომცე, არ წამოგყვები, არც პურს შევჭამ და არც წყალს შევსვამ ამ ადგილას. 9 რადგან ასე მაქვს ნაბრძანები უფლის სიტყვით: ‘პურს ნუ შეჭამ, წყალს ნუ შესვამ, და ნურც იმ გზით დაბრუნდები, საიდანაც მოხვედი.’“ 10 სხვა გზით წავიდა იგი. იმ გზით არ გაბრუნებულა, რომლითაც მოვიდა ბეთელს. 11 ერთი მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა ბეთელში. მოვიდა მისი შვილი და უამბო ყველაფერი, რაც ღვთისკაცმა გააკეთა იმ დღეს ბეთელში. და მეფესთან მისი ნალაპარაკევიც უამბეს მამას. 12 შეეკითხა მამა: „რომელი გზით წავიდა?” და დაანახეს შვილებმა გზა, რომლითაც იუდადან მოსული ღვთისკაცი წავიდა. 13 და უთხრა შვილებს: „შემიკაზმეთ სახედარი.” და შეუკაზმეს სახედარი და ზედ შეჯდა. 14 და გაჰყვა ღვთისკაცს. მუხის ქვეშ მჯდომარე იპოვა იგი და უთხრა: „შენა ხარ ღვთისკაცი, იუდადან რომ იყო მოსული?” მიუგო: „მე ვარ.” 15 და უთხრა: „სახლში წამომყევი და ჭამე პური.” 16 და თქვა: „ვერ დავბრუნდები შენთან ერთად და ვერც შენთან ერთად წამოვალ, ვერც პურს შევჭამ და ვერც წყალს შევსვამ ამ ადგილას, 17 რადგან ნაბრძანები მაქვს უფლის სიტყვით: ნუ შეჭამ პურს, ნურც წყალს შესვამ იქ, ნურც ამ გზით გაბრუნდები, რომლითაც მოხვედიო.” 18 და უთხრა: „მეც შენსავით წინასწარმეტყველი ვარ. ანგელოზი მელაპარაკა უფლის ბრძანებით და მითხრა: ‘შენი სახლისკენ გააბრუნე ეს კაცი, პური ჭამოს და წყალიც შესვას,’“ – იცრუა მან. 19 და დაბრუნდა იგი მასთან ერთად, პური ჭამა მის სახლში და წყალიც შესვა. 20 სუფრას უსხდნენ, რომ უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველს, რომელმაც დააბრუნა იგი. 21 და დაუყვირა მან იუდადან მოსულ ღვთისკაცს და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ‘რაკი უფლის სიტყვას გადახვედი და არ შეასრულე მისი ბრძანება, რაც უფალს, შენს ღმერთს, ჰქონდა შენთვის ნაბრძანები, 22 მაგრამ შენ უკვე დაბრუნდი, პური ჭამე და წყალი შესვი იმ ადგილას, რომელზეც გიბრძანა: ‘ნურც პურს შეჭამ და ნურც წყალს შესვამ’, ამიტომ არ ჩავა შენი გვამი შენი მამა-პაპის საფლავში.” 23 პურის ჭამისა და წყლის შესმის შემდეგ შეუკაზმა სახედარი იმ კაცს, წინასწარმეტყველს, რომელიც წეღან დააბრუნა. 24 და წავიდა და შემოეყარა გზად ლომი და მოკლა იგი ლომმა. გზაზე ეგდო მისი გვამი და სახედარი ედგა გვერდით, და ლომიც იდგა გვამთან. 25 დაინახა ჩამვლელმა ხალხმა გზაზე დაგდებული გვამი და გვამთან მდგომი ლომი, მივიდნენ და მიუტანეს ამბავი ქალაქში, სადაც ის მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა. 26 და გაიგო ეს ამბავი წინასწარმეტყველმა, რომელმაც გზიდან დააბრუნა ის კაცი და თქვა: „ეს ის ღვთისკაცია, უფლის ბრძანებას რომ გადავიდა; უფალმა მისცა ლომს, რომელსაც დაუტორავს და მოუკლავს, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის.” 27 და თავის შვილებს უთხრა: „შემიკაზმეთ სახედარი”. და შეუკაზმეს. 28 და წავიდა და იპოვა გზაზე დაგდებული მისი გვამი, სახედარი და ლომი იდგნენ გვამთან. ლომს არც გვამი შეუჭამია და არც სახედარი დაუტორავს. 29 და აიღო წინასწარმეტყველმა ღვთისკაცის გვამი, დაასვენა სახედარზე და უკან წამოიღო. და მოვიდა ქალაქში მოხუცი წინასწარმეტყველი მის დასატირებლად და დასამარხად. 30 და ჩაასვენა გვამი თავის სამარხში და დასტიროდა მას: „ვაი, ძმაო.” 31 და დამარხა და უთხრა თავის შვილებს: „როცა მოვკვდები, დამმარხეთ სამარხში, სადაც ღვთისკაცი მარხია, მისი ძვლების გვერდით დაასვენეთ ჩემი ძვლები, 32 რადგან ახდება სიტყვა, რაც უფლის ჩაგონებით დასძახა მან ბეთელში მდგარ სამსხვერპლოს და გორაკთა სახლებს, სამარიის ქალაქებში რომ არის აღმართული.” 33 ამ ამბების შემდეგაც არ მიუტოვებია იერობყამს ბოროტ გზაზე სიარული, და კვლავ განაწესებდა ხალხიდან გორაკთა მღვდლებს; ვინც მოეწონებოდა, იმას აუვსებდა ხელს და ის ხდებოდა გორაკთა ქურუმი. 34 ეს იყო მიზეზი, რომ ცოდვაში ჩავარდა იერობყამის სახლი, რომ მოისპო და წარიხოცა მიწის პირისაგან.
თავი მეთორმეტე                                                                                                                        თავი მეთოთხმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close