2 ნეშტთა 19

ივნისი 23, 2015
ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
191 და დაბრუნდა იოშაფატი იუდას მეფე, თავის სახლში მშვიდობით, იერუსალიმში. 2 და გამოეგება მისანი იეჰუ ხანანის ძე და უთხრა მეფე იოშაფატს: „განა შეგშვენოდა უღვთო კაცისთვის დახმარების გაწევა და უფლის მოძულის სიყვარული? ამის გამო უფლის რისხვა დაგატყდება თავს. 3 თუმცაღა კეთილი საქმეებიც აღმოგაჩნდა, რადგან მოსპე აშერები ქვეყნიდან და გული მოამზადე ღვთის საძიებლად.” 4 და ცხოვრობდა იოშაფატი იერუსალიმში, და კვლავ გავიდა ხალხში ბეერ-შებაყიდან ეფრემის მთამდე და მოაქცია იგი უფლისაკენ, მამათა ღმერთისაკენ, 5 და დააყენა მსაჯულები ქვეყანაში, იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში, ყოველ ქალაქში. 6 და უთხრა მსაჯულებს: „დაუკვირდით, რას აკეთებთ, რადგან კაცისათვის კი არ გამოგაქვთ მსჯავრი, არამედ უფლისათვის. იგი თქვენთან არის სამსჯავროზე. 7 უფლის შიში იქონიეთ, ფრთხილად მოიქეცით, რადგან არ არის უფალთან, ჩვენს ღმერთთან, უსამართლობა, არც თვალთმაქცობა და არც ანგარება.” 8 იერუსალიმში უფლის მსჯავრის გამოსატანად და დავის გადასაწყვეტად დააყენა ლევიანთაგანნი, მღვდელნი და ისრაელის მამისსახლთა თავკაცნი და დაბრუნდნენ იერუსალიმს. 9 და უბრძანა მათ და უთხრა: „ასე აკეთეთ საქმე უფლის მოშიშებით, ჭეშმარიტებითა და ერთგულებით. 10 ყველა სადაო საქმე, რომელიც კი შემოვა თქვენთან თქვენს მოძმეთაგან, თავიანთ ქალაქებში რომ ცხოვრობენ, სასისხლო იქნება ეს თუ რჯულის, მცნების, წესებისა და კანონების საქმე, გააფრთხილეთ, რომ უფალს არ შესცოდონ და თქვენც, თქვენს ძმებთან ერთად უფლის რისხვა არ დაიტეხოთ. ასე გააკეთეთ და არ შესცოდავთ. 11 აჰა, მღვდელმთავარი ამარიაჰუ გეყოლებათ ყველა საუფლო საქმეში, ზებადიაჰუ იშმაყელის ძე კი, იუდას სახლის წინამძღოლი, ყველა სამეფო საქმეში. ზედამხედველებად ლევიანები იქნებიან თქვენს წინაშე. მტკიცედ იდექით და იმოქმედეთ და კეთილთან იქნება უფალი.”
თავი მეთვრამეტე                                                                                                                                      თავი მეოცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close