რიცხვნი 5

აპრილი 30, 2015
ძველი აღთქმა
რიცხვნი
51 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „უბრძანე ისრაელის ძეთ, რომ გაიყვანონ ბანაკიდან ყოველი კეთროვანი და ყოველი, ვისაც რაიმე გამონადენი აქვს, და ყოველი მკვდრის შეხებით შებილწული. 3 მამაკაციდან ვიდრე დედაკაცამდე გაიყვანეთ, ბანაკის გარეთ გაიყვანეთ ისინი, რათა არ შებილწონ თავიანთი ბანაკები, რომელთა შორისაც მე ვიმყოფები.” 4 და გააკეთეს ასე ისრაელის ძეთ, და გაიყვანეს ისინი ბანაკის გარეთ, როგორც უთხრა უფალმა მოსეს, ისე გააკეთეს ისრაელის ძეთ. 5 და უთხრა უფალმა მოსეს: 6 „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თუ კაცი ან ქალი ჩაიდენს რაიმე ცოდვას ადამიანის წინააღმდეგ, რითაც დანაშაულს ჩაიდენს უფალის წინააღმდეგ, დამნაშავე იქნება ის სული, და 7 აღიარონ თავიანთი ცოდვები, რაც მათ ჩაიდინეს, და ზღოს თითოეულმა თავისი დანაშაული სრულად, და დაუმატოს მას მეხუთედი ნაწილი და მისცეს მას, ვის მიმართაც დამნაშავეა. 8 და თუ იმ კაცს არა ჰყავს მემკვიდრე, რომ დანაშაული აუნაზღაურდეს, მაშინ დანაშაულის საზღაური ეკუთვნის უფალს, მღვდლისა იყოს იგი, გარდა შენდობის ვერძისა, რომლითაც იგი შეუნდობს მას. 9 და ყოველი აღსამართავი მსხვერპლი ისრაელის ძეთა ყველა შესაწირავისა, რომელსაც ისინი მიუტანენ მღვდელს, მას ეკუთვნის. 10 თითოეულის შესაწირავი მას ეკუთვნის. თუ კაცი რამეს მისცემს მღვდელს, მას ეკუთვნის.’” 11 და უთხრა უფალმა მოსეს: 12 „განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘თუ ვინმეს ცოლი გზას ასცდა და უღალატა მას, 13 და დაწვა ვინმესთან თესლის მიღვრით, და ეს დაფარულ იქნება მისი ქმრის თვალთაგან, და შეიბილწა ფარულად, და მოწმე მის წინააღმდეგ არაა, და ზედ არავის წაუსწრია; 14 და ქმარს ეწია სული ეჭვიანობისა, და იგი იეჭვიანებს თავის ცოლზე, ხოლო ცოლი შებილწულია, ან თუ ეწვია სული ეჭვიანობისა და იგი ეჭვიანობს თავის ცოლზე, რომელიც არ არის შებილწული, 15 მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს თავისი შესაწირავი ცოლისათვის ეფის მეათედი ქერის ფქვილისა, ოღონდ არ დაასხას მას ზეთი და არ დაადოს მას გუნდრუკი, რადგან ეს შესაწირავი ეჭვნეულობისაა, ხსოვნის შესაწირავია, რომელიც გაახსენებს ცოდვას. 16 და მიიყვანს ქალს მღვდელი და დააყენებს მას უფლის წინაშე. 17 და აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭლით, და მიწას, რომელიც კარვის იატაკზეა, აიღებს მღვდელი და ჩაყრის ამ წყალში. 18 და დააყენებს მღვდელი ამ ქალს უფლის წინაშე, და თავს გაუშიშვლებს ამ ქალს, და დაუდებს მას ხელის გულზე ხსოვნის შესაწირავს, ეს ეჭვნეულობის შესაწირავია, ხოლო მღვდელს ხელში ექნება მწარე წყალი, დამლახვრელი. 19 და დააფიცოს იგი მღვდელმა და უთხრას ქალს: „თუ კაცი არ დაწოლილა შენთან, და თუ გზას არ აცდენილხარ შებილწვით შენი ქმრის უფლების ქვეშ მყოფი, მაშინ უვნებელი იყავი ამ მწარე დამლახვრელი წყლისაგან; 20 და თუ ქმრის უფლების ქვეშ მყოფი გზას ასცდი და შეიბილწე, და იწვა შენთან მამაკაცი, შენი ქმრის გარდა” – 21 და დააფიცოს მღვდელმა ეს ქალი წყევლის ფიცით, და უთხრას მღვდელმა ქალს: „მიგცეს შენ უფალმა წყევლასა და ფიცს შენს ხალხში, რომ უფალმა დაგიდამბლაოს საზარდული და გაგისიოს მუცელი. 22 და შევა ეს დამლახვრელი წყალი შენს შიგნეულში, რათა გაგისიოს მუცელი და დაგიდამბლაოს საზარდული”. და იტყვის ქალი: „ამინ, ამინ”. 23 და ჩაწეროს ეს წყევლა მღვდელმა წიგნში, და წაშალოს ისინი მწარე წყლით. 24 და ასვას ქალს მწარე დამლახვრელი წყალი და შევა მასში დამლახვრელი წყალი გასამწარებლად. 25 და აიღოს მღვდელმა ქალის ხელიდან ეჭვნეულობის შესაწირავი და შეარხიოს ეს შესაწირავი უფლის წინაშე, და მიიტანოს იგი სამსხვერპლოსთან, 26 და აიღოს მღვდელმა პეშვი ამ შესაწირავისაგან, მისი ხსოვნის ნაწილი, და აკმიოს სამსხვერპლოზე, და შემდეგ ასვას ქალს ის წყალი. 27 და როდესაც შეასმევს მას ამ წყალს, თუ იგი შებილწულია და ნაღალატევი აქვს ქმრისთვის, ეს დამლახვრელი წყალი გამწარდება მასში, და გაუსივდება მუცელი, დაუდამბლავდება საზარდული, და იქნება ეს ქალი წყეული თავის ხალხში. 28 და თუ არაა შებილწული ეს ქალი და სუფთაა, მაშინ უვნებელი დარჩება და განაყოფიერდება თესლით. 29 ესაა რჯული ეჭვიანობაზე, როცა ქმრის უფლების ქვეშ მყოფი ქალი გზას ასცდება და შეიბილწება, 30 ან როცა მამაკაცს დაეუფლება სული ეჭვიანობისა, და იგი იეჭვიანებს თავის ცოლზე, მაშინ მიიყვანოს ეს ქალი უფლის წინაშე, და გაუკეთოს მას მღვდელმა ყოველივე ამ წესისამებრ. 31 და თავისუფალი იქნება ქმარი ცოდვისაგან, ხოლო იმ ქალს დაეკისრება თავისი ცოდვა.’”
თავი მეოთხე                                                                                                                                                თავი მეექვსე

კომენტარის დატოვება

Close
Close