რიცხვნი 30

მაისი 9, 2015
ძველი აღთქმა
რიცხვნი
301 და უთხრა მოსემ ისრაელის ტომთა მეთაურებს: “ეს ბრძანა უფალმა: 2 ‘კაცმა რომ აღუთქვას აღთქმა უფალს, ან დაიფიცოს ფიცით, ან რაიმე აღუკვეთოს თავის თავს, რომ არ დაარღვევს თავის სიტყვას, ყოველივე, რაც მისი პირიდან გამოვიდა, უნდა ასრულდეს. 3 ქალმა რომ აღუთქვას აღთქმა უფალს და რამე აღიკვეთოს თავისი მამის სახლში, თავისი ყმაწვილქალობისას, 4 და მამამისმაც გაიგოს მისი აღთქმა და მისი აღკვეთა, რომელიც აღუკვეთა თავის თავს, და არას იტყვის მის შესახებ მამამისი, მაშინ უნდა ასრულდეს ყოველი მისი აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რომელიც აღუკვეთა თავის სულს. 5 და თუ დაუშლის მამამისი მას იმ დღეს, როცა გაიგებს, მაშინ ყოველი მისი აღთქმა და მისი აღკვეთა, რომელიც აღუკვეთა თავის თავს, არ ასრულდება და უფალი აპატიებს მას, რადგან მამამისმა დაუშალა მას. 6 და თუ იგი გათხოვდება, და მასზე მისი აღთქმანი დარჩება, ანდა მის ბაგეს დაცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს, 7 და გაიგებს მისი ქმარი, რომელ დღესაც გაიგებს და არას იტყვის მის შესახებ, მაშინ მისი აღთქმა უნდა ასრულდეს, და მისი აღკვეთანი, რაც აღუკვეთა თავის თავს, უნდა ასრულდეს. 8 და თუ მისი ქმარი იმ დღეს, როცა გაიგებს, დაუშლის მას, მაშინ მან უნდა გააუქმოს მისი აღთქმა, რომელიც მასზეა, და მის ბაგეებს დაცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს, და უფალი აპატიებს მას. 9 ქვრივისა და ქმარგაყრილის აღთქმა და ყოველი, რაც აღკვეთილი აქვს თავისი თავისთვის, უნდა ასრულდეს მასზე. 10 და თუ თავისი ქმრის სახლში დადებს აღთქმას, ან რასმე აღუკვეთს თავის თავს ფიცით, 11 და გაიგებს მისი ქმარი და არას ეტყვის და არ დაუშლის, მაშინ უნდა ასრულდეს ყოველი მისი აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რაც აღუკვეთა თავის თავს. 12 და თუ გააუქმებს მათ მისი ქმარი იმ დღეს, როცა გაიგებს, მაშინ მის ბაგეთაგან გამოთქმული ყოველი მისი აღთქმა და ფიცი მისი არ ასრულდება. მისმა ქმარმა გააუქმა ისინი და უფალი აპატიებს მას. 13 ყოველ აღთქმას და ყოველ ფიცით აღკვეთას თავის დასაოკებლად მისი ქმარი დაამტკიცებს და მისი ქმარი გააუქმებს. 14 და თუ ქმარი არას იტყვის დღითი დღე, ამით დაუმტკიცებს ყოველ მის აღთქმას, ან ყოველ მის აღკვეთას, რაც მასზეა. მან დაამტკიცა ისინი, რაკი არაფერი თქვა იმ დღეს, როცა გაიგო. 15 და თუ ქმარი გააუქმებს მათ მას შემდეგ, რაც გაიგებს, მაშინ მასზე იქნება ქალის ცოდვა.’” 16 ეს წესებია, რომლებიც უფალმა ბრძანებით დაუდო მოსეს, ქმარსა და მის ცოლს შორის, მამასა და მის ასულს შორის, მის ყმაწვილქალობისას, მამამისის სახლში.
თავი ოცდამეცხრე                                                                                                            თავი ოცდამეთერთმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close