რიცხვნი 10

მაისი 3, 2015
ძველი აღთქმა
რიცხვნი
101 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „გაიკეთე შენთვის ვერცხლის ორი საყვირი, ნაჭედი გააკეთე ისინი და გქონდეს თემის მოსაწვევად და ბანაკთა ასაყრელად. 3 და როდესაც დააყვირებენ მათ, შეიკრიბება შენთან მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან. 4 და თუ ერთ საყვირს დააყვირებენ, შეიკრიბებიან შენთან მთავარნი და ისრაელის ათასისთავნი. 5 და როდესაც საგანგაშოს დააყვირებთ, აიყრებიან ბანაკები, რომელნიც დაბანაკებულნი არიან აღმოსავლეთით. 6 და როდესაც მეორედ დააყვირებთ საგანგაშოს, აიყრებიან ბანაკები, რომელნიც ბანაკობენ სამხრეთით. საგანგაშო დააყვირონ მათი აყრისას. 7 ხოლო როცა შეკრებთ კრებულს, დააყვირეთ საგანგაშოს გარეშე. 8 და აარონის ძეებმა, მღვდლებმა, უნდა დააყვირონ საყვირები: და ეს იქნება თქვენთვის მარადიულ წესად თქვენს თაობებში. 9 და როცა გახვალთ საბრძოლველად თქვენსავე ქვეყანაში მტრის წინააღმდეგ, რომელიც თქვენ გმტრობთ, მაშინ დააყვირეთ საყვირებს საგანგაშო და იქნებით გახსენებულნი უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე, და გადაურჩებით თქვენს მტრებს. 10 და თქვენი სიხარულის დღეს, და თქვენს დღესასწაულებზე, და თქვენს ახალმთვარობებში დააყვირეთ საყვირებს თქვენს სრულადდასაწველებზე და თქვენს სამშვიდობო მსხვერპლებზე; და ეს იქნება თქვენს გასახსენებლად თქვენი ღმერთის წინაშე. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.” 11 და იყო, მეორე წელს, მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს აიწია ღრუბელი მოწმობის კარვიდან. 12 და აიყარნენ ისრაელის ძენი სინაის უდაბნოდან. და შეჩერდა ღრუბელი ფარანის უდაბნოში. 13 და აიყარნენ ისინი პირველად მოსეს ხელით გადაცემული უფლის სიტყვისამებრ. 14 და დაიძრა დროშა იუდას ძეთა ბანაკისა პირველად თავიანთი ლაშქრით და მისი ლაშქრის მეთაური იყო ნახშონი, ძე ყამინადაბისა. 15 და ისაქარის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ნათანელი, ძე ცუყარისა. 16 და ზებულუნის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ელიაბი, ძე ხელონისა. 17 და როცა ჩამოიხსნა სავანე, მაშინ აიყარნენ გერშონის ძენი და მერარის ძენი, სავანის მზიდველნი. 18 და დაიძრა დროშა რეუბენის ბანაკისა თავიანთი ლაშქრით, და მის ლაშქრის მეთაური იყო ელიცური, ძე შედეურისა. 19 და სიმონის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო შელუმიელი, ძე ცურიშადაისა. 20 და გადის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ელიასაფი, ძე რეღუელისა. 21 და შემდეგ აიყარნენ კეჰათელები, საწმიდრის მზიდველნი. სავანე მათ მისვლამდე იყო აღმართული. 22 და დაიძრა დროშა ეფრემის ძეთა ბანაკისა თავიანთი ლაშქრით, და ლაშქრის მეთაური იყო ელიშამაყი, ძე ყამიჰუდისა. 23 და მენაშეს ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო გამალიელი, ძე ფედაცურისა. 24 და ბენიამინის ძეთა ლაშქრის მეთაური იყო აბიდანი, ძე გედეონისა. 25 და ბოლოს დაიძრა დროშა დანის ძეთა ბანაკისა, მათი ლაშქრით – ეს ბანაკი ყოველთვის უკანასკნელი იყო. და მისი ლაშქრის მეთაური იყო ახიყეზერი, ძე ყამიშადაისა. 26 და აშერის ტომის ლაშქრის მეთაური იყო ფაგეყიელი, ძე ყაქრანისა. 27 და ნაფთალის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ახირაყ, ძე ყენანისა. 28 ეს იყო ისრაელის ძეთა მგზავრობათა რიგი მათი ჯარების მიხედვით. და ასე მგზავრობდნენ ისინი. 29 და უთხრა მოსემ ხობაბს, მოსეს სიმამრის, მიდიანელი რეღუელის ძეს: „ჩვენ მივემგზავრებით იმ ადგილისაკენ, რომელზეც უფალმა თქვა: ‘მას მოგცემ თქვენ’. წამოდი ჩვენთან, და სიკეთეს გწევთ, რადგან უფალმა სიკეთე ბრძანა ისრაელზე.” 30 მაგრამ მან უპასუხა: „არ წამოვალ, არამედ წავალ ჩემს ქვეყანაში და ჩემს სამშობლოში.” 31 და უთხრა მოსემ: „ნუ მიგვატოვებ ჩვენ, ვინაიდან იცი ჩვენი დგომანი უდაბნოში და შენ ჩვენთვის თვალი იქნები. 32 და თუ წამოხვალ ჩვენთან, მაშინ რა სიკეთესაც გვწევს ჩვენ უფალი, ჩვენც იმავეს გწევთ შენ.” 33 და აიყარნენ ისინი უფლის მთიდან სამი დღის სავალ გზაზე, და უფლის სავანე მიდიოდა მათ წინაშე სამი დღის სავალ გზაზე, რათა აღმოეჩინა მათთვის დასადგომი ადგილი. 34 და უფლის ღრუბელი ფარავდა მათ დღისით ბანაკიდან მათი აყრისას. 35 და როდესაც დაიძრებოდა კიდობანი, ამბობდა მოსე: „აღდექ, უფალო, და განიბნენ შენი მტრები და გაიქცნენ შენი მოძულენი შენი პირისაგან.” 36 და როცა ჩერდებოდა კიდობანი, იგი ამბობდა: „მობრუნდი, უფალო, ისრაელთა მრავალ ათასეულთან.”
თავი მეცხრე                                                                                                                                     თავი მეთერთმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close