ძველი აღთქმა
ნეემია
131 იმ დღეს წაკითხულ იქნა მოსეს წიგნი ხალხის გასაგონად და ნახეს მასში დაწერილი, რომ ყამონელი და მოაბელი უკუნისამდე არ უნდა შევიდეს ღვთის კრებულში, 2 რადგან არ შეეგებნენ ისინი ისრაელის ძეთ პურითა და წყლით, არამედ მოისყიდეს ბილყამი მათ წინააღმდეგ, რათა დაეწყევლა ისინი, მაგრამ ჩვენმა ღმერთმა ის წყევლა კურთხევად აქცია. 3 და ეს რჯული რომ მოისმინეს, გამოყვეს ყოველი შერეული ხალხი ისრაელიდან. 4 და ამის წინ ელიაშიბ მღვდელმა, ტობიას ახლობელმა, ჩვენი ღვთის სახლის ოთახებზე მიჩენილმა, 5 ტობიას ის დიდი ოთახი მოუწყო, სადაც უწინ ინახავდნენ ხოლმე საძღვნოს, საკმეველს, ჭურჭლეულს, ხორბლის, მაჭრის და ზეთის მეათედს, რაც დაწესებული იყო ლევიანთათვის, მგალობელთათვის, კარისმცველთათვის, და მღვდლების შესაწირავისათვის. 6 ყოველივე ამის დროს მე იერუსალიმში არ ვიყავი, რადგან ბაბილონის მეფის ართახშასთას ოცდამეთორმეტე წელს ვეახელი მეფეს. რამოდენიმე ხნის შემდეგ დავეთხოვე მეფეს. 7 დავბრუნდი იერუსალიმს და შევიტყვე იმ ბოროტების შესახებ, ელიაშიბს რომ გაეკეთებინა ტობიასთვის ღვთის სახლის ეზოებში ოთახის მიცემით. 8 ძალიან მეწყინა ეს და ოთახიდან გამოვყარე ტობიას სახლის ყველა ნივთი. 9 და ვუბრძანე, გამოესუფთავებინათ ის ოთახები. და დავაბრუნე იქ ღვთის სახლის ჭურჭელი, პურეულის საძღვნო და საკმეველი. 10 და შევიტყვე, რომ ლევიანებს თავიანთი წილი არ ეძლეოდათ და ლევიანები და მგალობელნი, რომლებიც საქმეს უძღვებოდნენ, გადახვეწილები იყვნენ თავ-თავიანთ მინდვრებში. 11 და ვეჩხუბე მოხელეებს და ვუთხარი: „რატომ არის მიტოვებული ღვთის სახლი?” და შევკრიბე ისინი, და დავაყენე თავ-თვიანთ ადგილებზე. 12 და მთელმა იუდამ დაიწყო ხორბლის, მაჭრისა და ზეთის ნაათალის მოტანა საკუჭნაოებში. 13 საკუჭნაოების მეუნჯეებად დავნიშნე შელემია მღვდელი, ცადოკ მწიგნობარი და ფედაია ლევიანი, და მათთან იყო ხანანი, ძე ზაქურისა, მათანიას ძისა, რადგან ისინი სანდოებად იყვნენ მიჩნეული, და მათი მოვალეობა იყო ძმებისათვის განაწილება. 14 ამის გულისათვის გამიხსენე, ჩემო ღმერთო, და ნუ წაშლი ქველ საქმეებს, ღვთის სახლისათვის და მისი სამსახურისათვის რომ გამიკეთებია. 15 და იმ დღეებში დავინახე, რომ იუდაში შაბათობით წურავდნენ ყურძენს საწნახელში; ძნებს ეზიდებოდნენ; სახედრებს ჰკიდებდნენ, როგორც ღვინოს, ყურძენს და ლეღვს, ასევე ყველანაირ საპალნეს, და ყველაფერი ეს მოჰქონდათ იერუსალიმში შაბათ დღეს. და გავაფრთხილე ისინი იმ დღეს, როცა ხორაგეულს ჰყიდდნენ. 16 და ცორელები სახლობდნენ იერუსალიმში და მოჰქონდათ თევზი და ყოველნაირი გასაყიდი და შაბათობით ასყიდებდნენ იუდაელებს, თვით იერუსალიმშიც კი. 17 და ვეჩხუბე იუდას დიდებულებს და ვუთხარი მათ: „რა არის ეს ბოროტი საქმე, თქვენ რომ სჩადიხართ და ბღალავთ შაბათ დღეს? 18 განა ასე არ იქცეოდნენ თქვენი მამები, და განა ჩვენმა ღმერთმა არ მოავლინა ყველა ეს უბედურება ჩვენზე და ამ ქალაქებზე? თქვენ კი შაბათის შებღალვით უმატებთ მის რისხვას ისრაელზე!” 19 როდესაც იერუსალიმის კარიბჭესთან ჩამობნელდა, შაბათის დადგომამდე, ვუბრძანე კარებები ჩაეკეტათ და განკარგულება გავეცი, არ გაეღოთ ისინი, ვიდრე შაბათის მომდევნო დილა არ დადგებოდა. და ჩემი მსახურნი დავაყენე კარიბჭეებთან, რომ ტვირთი არ შემოსულიყო შაბათ დღეს. 20 სოვდაგრებმა და ნაირ-ნაირი საქონლით მოვაჭრეებმა ერთი-ორჯერ იერუსალიმის გარეთ გაათიეს ღამე. 21 და გავაფრთხილე ისინი და ვუთხარი მათ: „რად ათევთ ღამეს ქალაქის კედლის წინ? თუ კიდევ ასე მოქცეულხართ, ხელს აღვმართავ თქვენზე.” და მას აქეთ აღარ მოსულან შაბათობით. 22 და ვუბრძანე ლევიანებს, რომ განწმედილიყვნენ, მოსულიყვნენ და დაეცვათ კარიბჭეები, რათა წმიდად შეენახათ შაბათი დღე. ესეც გამიხსენე, ღმერთო ჩემო, და შემიწყალე შენი დიდი წყალობისამებრ. 23 იმავე დღეებში ვნახე იუდაელები, რომელთაც აშდოდელი, ყამონელი და მოაბელი ქალები ჰყავდათ მოყვანილი.. 24 და ამიტომაც მათი ძენი ნახევრად აშდოდურად ლაპარაკობდნენ ან სხვადასხვა ხალხთა ენებზე, და იუდეური ლაპარაკი არ შეეძლოთ. 25 ვეჩხუბე მათ, ვწყევლე, ვურტყი ზოგიერთ კაცს და ვაგლიჯე თმა, ღმერთი დავაფიცე და ვუთხარი: „არ გაატანოთ თქვენი ასულები მათ ვაჟებს და ნურც თქვენს ვაჟებს მოუყვანთ მათ ასულებს და ნურც თქვენ მოიყვანთ! 26 ამ ამბებზე არ იყო, რომ შესცოდა სოლომონმა, ისრაელის მეფემ? მრავალ ხალხს შორის არ ყოფილა ისეთი მეფე, და უყვარდა იგი თავის ღმერთს და დაადგინა იგი ღმერთმა მეფედ მთელ ისრაელზე, მაგრამ ისიც აცთუნეს უცხოელმა ქალებმა! 27 თქვენზეც უნდა გავიგოთ, რომ სჩადიხართ ყველა ამ დიდ ბოროტებას და ღალატობთ ღმერთს უცხოელი ქალების მოყვანით?” 28 იოიადაყის, ელიაშაბ მღვდელმთავრის ძის ვაჟთაგან ერთ-ერთი იყო ხორონელი სანბალატის სიძე; თავიდან მოვიშორე იგი. 29 გაუხსენე მათ, ღმერთო ჩემო, რადგან მათ შებღალეს სამღვდელოება, სამღვდელოებისა და ლევიანთა აღთქმა. 30 და განვწმიდე ისინი ყოველივე უცხოურისაგან და დავუწესე მოვალეობანი მღვდლებს და ლევიანებს, თითოეულს თავისი საქმე. 31 ვიზრუნე შეშისა და პირველნაყოფების დაწესებულ დროზე მოტანისათვის. გამიხსენე მე, ღმერთო ჩემო, სასიკეთოდ!
თავი მეთორმეტე ესთერი