ძველი აღთქმა
ნაუმი
11 შემართულია შენს თავზე ურო, დაიცავი ციხე-სიმაგრე, გზისკენ იყურე, წელი გაიმაგრე, ძალა მოიკრიბე! 2 რადგან დააბრუნა უფალმა იაკობის დიდება, როგორც დიდება ისრაელისა! რადგან გაძარცული ჰყავდათ ისინი მძარცველებს, აჩანაგებდნენ მათ ვენახებს. 3 წითლად შეიღება გმირთა ფარები, მეწამული მოსავთ მეომრებს; ცეცხლებს აკვესებს ეტლების ფოლადი, როცა მზადაა საბრძოლველად, და ირხევიან კვიპაროსის შუბები. 4 დაქრიან ქუჩებში ეტლები, მოედნებზე დაგრიალებენ, ჩირაღდნის ალივით ლაპლაპებენ, ელვასავით ელავენ. 5 გაიხსენებს თავის ძლიერებს, მაგრამ სრბოლისას წაიფორხილებენ, მიაწყდებიან კედლებს და საფარს მოაწყობენ. 6 გაიღება მდინარეთა ჭიშკრები და აირ-დაირევა სასახლე. 7 გადაწყდა: გაშიშვლდება, გაიტაცებენ! მისი მხევლები მტრედის ხმაზე მოთქვამენ, გულში ხელს იცემენ. 8 წყლისგან დაიცალა, ნინევე – წყალსატევი, ისინი კი გარბიან. „დადექით! დადექით!” მაგრამ არავინ ბრუნდება უკან. 9 დაიტაცეთ ოქრო! დაიტაცეთ ვერცხლი! არ დაილევა მდიდრული ნახელავი – ძვირფასი ნივთები. 10 გატიალდა, გაოხრდა, გაპარტახდა! დადნა გული და კანკალებს მუხლები, მოწყდათ წელი, ფერი წაუვიდათ. 11 სად არის ლომთა ბუნაგი და – ბოკვერთა სანავარდო, სადაც დადიოდნენ ხვადი, ძუ ლომი და მათი ლეკვი, და არ იყო დამაფრთხობელი? 12 ლომი გლეჯს თავისი ლეკვებისთვის, და აღრჩობს თავისი ძუსთვის, ნატაცებით ავსებს ბუნაგს და გამოქვაბულს – დაგლეჯილი ნადავლით. 13 „აჰა, მითქვამს შენთვის,” – ამბობს ცაბაოთ უფალი, – „ცეცხლში დავწვავ შენს ეტლს, მახვილი შეჭამს შენს ბოკვრებს. შენს მტაცებლობას აღვკვეთავ ქვეყანაზე და აღარ გაისმება მოციქულთა ხმა.”