ძველი აღთქმა
მეორე რჯული
21 და მოვბრუნდით, და გავემგზავრეთ უდაბნოში მეწამული ზღვის გზით, როგორც მითხრა მე უფალმა. და გარს ვუვლიდით სეყირის მთას მრავალი დღე. 2 და მითხრა უფალმა: 3 „გეყოფათ ამ მთის შემოვლა, გადაუხვიეთ ჩრდილოეთისაკენ. 4 და ამ ხალხს უბრძანე ასე: ‘თქვენ გაივლით თქვენს ძმათა, ესავიანთა საზღვარს, რომელნიც ცხოვრობენ სეყირში, და შეეშინდებათ თქვენი, მაგრამ თქვენ ძალიან გაფრთხილდით. 5 ნუ წაეკიდებით მათ, რადგან ერთ ნატერფალსაც კი არ მოგცემთ თქვენ მათი ქვეყნიდან, რადგან ესავს მივეცი სამკვიდროდ სეყირის მთა. 6 საჭმელი იყიდეთ მათგან ვერცხლით და ჭამეთ. და წყალი იყიდეთ მათგან ვერცხლით და სვით’”. 7 რადგან უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გაკურთხათ ყოველ თქვენს საქმიანობაში, იცოდა რა ყოველი თქვენი სვლა ამ დიდ უდაბნოში. აჰა, ორმოცი წელია უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენთანაა და არ მოგკლებიათ თქვენ არაფერი. 8 და ჩავუარეთ ჩვენს ძმებს ესავიანთაგან, რომელნიც ცხოვრობენ სეყირში, ყარაბას გზიდან, ელათიდან და ყეციონ-გებერიდან, და გადავუხვიეთ და გავიარეთ მოაბის უდაბნოს გზით. 9 და მითხრა მე უფალმა: „ნუ შეავიწროებ მოაბს და ომს ნუ გაუმართავ, რადგან არ მოგცემ მისი ქვეყნიდან სამკვიდრებელს, რადგან ლოტის ძეთ მივეცი ყარი სამკვიდროდ.” 10 უწინ ემიმელნი ცხოვრობდნენ იქ, ხალხი დიდი, მრავალრიცხოვანი და მაღალი, ყენაკელებივით. 11 რეფაიმებად ითვლებოდნენ ისინი, როგორც ყენაკის ძენი, მაგრამ მოაბელნი მათ ემიმელებს უწოდებენ. 12 უწინ სეყირში მკვიდრობდნენ ხორელნი და ესავიანებმა განდევნეს ისინი და მოსრეს ისინი თავიანთ წინაშე და დასახლდნენ მათ მაგიერ, როგორც მოექცა ისრაელი თავის სამკვიდრო ქვეყანას, რომელიც მისცა მათ უფალმა. 13 და თქვა უფალმა: „აწ ადექით და გადალახეთ ზარედის ხევი”! და გადავლახეთ ზარედის ხევი. 14 და ხანი, როცა წავედით კადეშ-ბარნეაყიდან ვიდრე ზარედის ხევის გადალახვამდე, ოცდათვრამეტი წელიწადი მოგვინდა. ვიდრე არ გაწყდა მეომარ კაცთა მთელი თაობა ბანაკში, როგორც დაფიცებული ჰქონდა უფალს მათთვის. 15 და უფლის ხელი იყო მათზე, რათა მოესრა ისინი ბანაკში, ვიდრე არ გაწყდნენ. 16 და როცა მოისრა ყოველი მეომარი კაცი ხალხში, 17 მაშინ მითხრა მე უფალმა: 18 „შენ გადალახავ დღეს მოაბის საზღვარს, ყართან. 19 და მიუახლოვდები ყამონის ძეთ, მაგრამ ნუ შეავიწროვებ, ნუ წაეკიდები მათ, რადგან არ მოგცემ ყამონის ძეთა ქვეყნიდან სამკვიდროს, რადგან ლოტის ძეთ მივეცი იგი სამკვიდრებლად.” 20 რეფაიმთა ქვეყნად ითვლება ისიც. რეფაიმები ცხოვრობდნენ მასში უწინ. მაგრამ ყამონელნი მათ უწოდებენ ზამზუმებს. 21 დიდი, მრავალრიცხოვანი და მაღალი ხალხი იყო როგორც ყენაკის ძენი და მოსპო ისინი უფალმა მათ წინაშე და დამკვიდრდნენ ისინი და დასახლდნენ მათ მაგიერ, 22 როგორც ესავის ძეთ უყო, სეყირის მკვიდრთ, მოსპო მათ წინაშე ხორელნი და დამკვიდრდნენ ისინი, და დასახლდნენ მათ მაგიერ დღევანდელ დღემდე. 23 და ყავიმელნი, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფლებში ღაზამდე, მოსრეს ქაფთორელებმა, რომლებიც გამოვიდნენ ქაფთორიდან და დასახლდნენ მათ მაგიერ. 24 „ადექით, გასწიეთ და გადალახეთ არნონის ხევი. აჰა, ხელთ ჩაგიგდეთ სიხონი, ხეშბონის მეფე, ამორეველი და მისი ქვეყანა: იწყეთ დამკვიდრება, და ომი გაუმართეთ მას. 25 დღეიდან დავიწყებ და შენით ძრწოლასა და შიშს მოვგვრი ხალხებს მთელს ცისქვეშეთში. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, თავზარი დაეცემა და ათრთოლდება შენს გამო.” 26 და გავუგზავნე მოციქულნი კედემოთის უდაბნოდან სიხონს, ხეშბონის მეფეს, სამშვიდობო სიტყვებით: 27 „გავივლი შენს ქვეყანაზე, მხოლოდ გზად ვივლი, არ გადავუხვევ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. 28 საჭმელი ვერცხლით მომყიდე და შევჭამ; და წყალიც ვერცხლით მომეცი და დავლევ. მხოლოდ ჩემი ფეხით გავივლი-მეთქი. 29 როგორც მომექცნენ მე ესავის ძენი, რომელნიც მკვიდრობენ სეყირში, და მოაბელები, რომლებიც მკვიდრობენ ყარში, ვიდრე გადავალ იორდანეს გაღმა იმ ქვეყანაში, რომელიც უფალმა, ღმერთმა ჩვენმა მოგვცა ჩვენ.” 30 მაგრამ არ ინება სიხონმა, ხეშბონის მეფემ, ჩვენი გავლა იქ, რადგან გაუმძვინვარა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, სული და გაუჯიუტა გული, რათა თქვენს ხელში ჩაეგდო, როგორც დღეს არის. 31 და მითხრა უფალმა მე: „აჰა, მე ვიწყებ სიხონისა და მისი ქვეყნის შენთვის მოცემას. იწყე მისი ქვეყნის დამკვიდრება.” 32 და გამოვიდა სიხონი ჩვენს შესახვედრად, ის და მთელი მისი ხალხი, საბრძოლველად იაჰცაში. 33 და მოგვცა იგი უფალმა, ჩვენმა ღმერთმა. და შევმუსრეთ იგი და მისი ძენი და მთელი მისი ხალხი. 34 და დავიპყარით ყველა მისი ქალაქი იმ დროს, და ერთიანად მუსრი გავავლეთ ყველა ქალაქს, კაცებს, დედაკაცებს და პატარებს, ცოცხალი არავინ გაგვიშვია. 35 მხოლოდ საქონელი დავიტაცეთ და ნადავლიც იმ ქალაქებიდან, რომელნიც დავიპყარით. 36 ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევის პირასაა, და ქალაქიდან, რომელიც ხეობაშია, გილყადამდე არ ყოფილა ქალაქი, ჩვენთვის მიუდგომელი რომ ყოფილიყო. ყოველივე მოგვცა ჩვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა. 37 მხოლოდ ყამონის ძეთა ქვეყანას არ მიდგომიხარ, იაბოკის ხევის ნაპირებს, მთის ქალაქებს და ყველა იმ ადგილს, როგორც ბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.