18 ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე იყო: მისი დედა მარიამი დანიშნული იყო იოსებზე და ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, დაორსულებული აღმოჩნდა სულიწმიდის მიერ. 19 ხოლო იოსებმა, მისმა ქმარმა, მართალმა კაცმა, არ ისურვა მისი გამხელა და განიზრახა მისი ფარულად გაშვება. 20 და როდესაც ამას განიზრახავდა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, დავითის ძეო, ნუ გაშინებს მარიამის მიღება ცოლად, რადგან ის, ვინც მან უნდა შვას, სულიწმიდისგან არის. 21 შობს ძეს და უწოდებ მას სახელად იესოს, რადგან იგი იხსნის თავის ხალხს მისი ცოდვებისაგან.“ 22 ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის სიტყვა, ნათქვამი წინასწარმეტყველის პირით, რომელიც ამბობს: 23 „აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს,“ რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი.“