37 ნუ განსჯით და არ განისჯებით; ნუ განკიცხავთ და არ განიკიცხებით; მიუტევეთ და მოგეტევებათ. 38 მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე, მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.“ 39 უთხრა მათ იგავიც: „განა შეუძლია ბრმას ბრმის მეგზურობა? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან? 40 არ არის მოწაფე მოძღვარზე მეტი, ხოლო განსწავლული იქნება, როგორც მისი მოძღვარი. 41 რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ამჩნევ? 42 როგორ ეუბნები შენს ძმას: ‘ძმაო, შენი თვალიდან წველი ამომაღებინე,’ საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას თვალიდან წველი.