ლევიანნი 8:14-24

By
იანვარი 13, 2014
14 და მიიყვანა მოზვერი ცოდვის მსხვერპლისა და დაასხეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ცოდვის მოზვერის თავს. 15 და დაკლა ის და აიღო მოსემ სისხლი და დაადო სამსხვერპლოს რქებს ირგვლივ თავისი თითით, და წარხოცა ცოდვა სამსხვერპლოდან, და სისხლი დაღვარა სამსხვერპლოს საძირკველთან და განწმიდა იგი, რათა შეენდო მისთვის. 16 და აიღო მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა, და აპკი ღვიძლისა, და ორივე თირკმელი მათი ქონით, და დააკმია მოსემ სამსხვერპლოზე. 17 მოზვერი და მისი ტყავი, მისი ხორცი და მისი სკორე დაწვა ცეცხლზე ბანაკს გარეთ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 18 და მიიყვანა ვერძი სრულადდასაწველად და დაასხეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. 19 და დაკლა მოსემ და მოაპკურა სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ. 20 და ვერძი დაჭრა ასო-ასოდ, და დააკმია მოსემ თავი და ნაჭრები, და ქონი. 21 და შიგნეული და კანჭები გარეცხა წყლით. და დაწვა მოსემ მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს სრულადდასაწველი კეთილსურნელებაა, იგი საცეცხლო შესაწირავია უფლისათვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 22 და მოჰგვარა მეორე ვერძი, ავსების ვერძი, და დაასხეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. 23 და დაკლა იგი და აიღო მოსემ მისი სისხლი და სცხო აარონის მარჯვენა ყურის ბიბილოს და მისი მარჯვენა ხელის ცერს, და მისი მარჯვენა ფეხის ცერს. 24 და მოიყვანა აარონის ძენი, და სცხო მოსემ სისხლი მათი მარჯვენა ფეხის ცერს, და მოაპკურა მოსემ ეს სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.

კომენტარის დატოვება

Close
Close