იობი 16

ივნისი 26, 2015
ძველი აღთქმა
იობი
161 და მიუგო იობმა და თქვა: 2 მისთანები ბევრი მსმენია, ამაო ნუგეშისმცემელნი ხართ ყველანი! 3 ნეტა მოეღება ბოლო ქარიან სიტყვებს? და რამ შეგაურვა, ასეთ პასუხს რომ იძლევი? 4 მეც თქვენსავით ვილაპარაკებდი, თქვენი სული ჩემი სულის ადგილზე რომ ყოფილიყო. თავს მოვუყრიდი სიტყვებს თქვენს წინააღმდეგ, და თავის ქნევას დავიწყებდი, 5 გაგამხნევებდით ჩემი პირით, და ჩემს ბაგეთა მოძრაობა დაგიამებდათ ტკივილს. 6 თუ ვილაპარაკებ, ტკივილი არ დამიამდება, თუ დავდუმდები, რა გამშორდება? 7 მაგრამ ახლა მან დამქანცა. შენ დამიქციე მთელი ჩემი კრებული. 8 შენ გამიჩინე ნაოჭები, რაც მოწმობაა ჩემს წინააღმდეგ, წამოიმართა ჩემს წინააღმდეგ ჩემი სიმჭლევე, და იგი მოწმობს ჩემს საპირისპიროდ. 9 მისი რისხვა მფლეთს და მემტერება, კბილებს მიღრჭიალებს, ჩემი მტერი თვალებს აკვესებს ჩემზე, 10 პირი აქვთ ჩემზე დაღრენილი, მაგინებენ და სახეში მცემენ, ერთად შეითქვნენ ჩემს წინააღმდეგ. 11 მიმცა მე ღმერთმა უსამართლოს, და ურჯულოთა ხელში ჩამაგდო. 12 მშვიდად ვიყავი და დამლეწა; ჩამავლო კისერში ხელი და დამლეწა, და თავის სამიზნედ დამსვა. 13 გარს მეხვევიან მისი ისრები. ის სერავს ჩემს თირკმელებს და არ იბრალებს, ანთხევს ჩემს ნაღველს მიწაზე. 14 იგი ლეწვით მლეწავს და მლეწავს, მეომარივით გამორბის ჩემკენ. 15 ძაძა გადავიკერე კანზე და მიწა მტვერში ამოვიგანგლე რქა. 16 სახე ალეწილი მაქვს ტირილისაგან და სიკვდილის აჩრდილია ჩემს წამწამებზე. 17 თუმცა არაა ძალადობა ჩემს ხელთ და ჩემი ლოცვაც წმიდაა. 18 მიწავ, ნუ დაფარავ ჩემს სისხლს, და ნუ ექნება თავმისადრეკი ჩემს მოთქმას. 19 ახლა კი, აჰა, ცაშია ჩემი მოწმე, ჩემი ქომაგი მაღალთა შინაა. 20 ჩემნო ქომაგნო, ჩემო მეგობრებო, ღვთის მიმართ აღივსება ჩემი ცრემლი, 21 რათა განსაჯოს მან კაცსა და ღმერთს შორის, როგორც ადამიანსა და მის მოყვასს შორის, 22 რადგან თავდება ჩემს წელთა რიცხვი და ვდგები უკანმოუქცეველ გზაზე.”
თავი მეთხუთმეტე                                                                                                                            თავი მეჩვიდმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close