იგავნი სოლომონისა 4

ივლისი 3, 2015
ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
41 ისმინეთ, შვილებო, მამის დარიგება, ყური დაუგდეთ სიბრძნის შესაცნობად. 2 რადგან კარგი შეგონება მოგეცით თქვენ, ჩემს მოძღვრებას ნუ განაგდებთ. 3 რადგან მეც შვილი ვიყავი მამაჩემისა, სათუთი და ერთადერთი – დედის წინაშე, 4 ის მასწავლიდა და მეუბნებოდა: „დაიკავოს შენმა გულმა ჩემი სიტყვები, შეინახე ჩემი მცნებები და იცოცხლებ. 5 შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გაგება, ნუ დაივიწყებ და ნუ გადაუხვევ ჩემს ნათქვამს. 6 ნუ განაგდებ მას და ის შეგინახავს შენ, გიყვარდეს იგი და დაგიცავს შენ. 7 სიბრძნის სათავეა სიბრძნის შეძენა, მთელი შენი შენაძენით გაგება შეიძინე. 8 განადიდე იგი და აღგამაღლებს შენ, პატივს გცემს, თუ შემოეხვევი მას. 9 ის დაგადგამს თავზე მშვენიერ გვირგვინს, დიდებულ ჯიღას მოგიძღვნის შენ.” 10 ისმინე, შვილო ჩემო, და მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიმრავლდება შენი სიცოცხლის წლები. 11 მე მიგითითე შენ სიბრძნის გზაზე, წაგიძეხი სწორ ბილიკზე. 12 შენი სვლისას არ შევიწროვდება შენი ნაბიჯი და თუ გაიქცევი, არ წაბორძიკდები. 13 ჩაეჭიდე დარიგებას, ნუ შეეშვები, დაიცავი, რადგან შენი სიცოცხლეა იგი. 14 უკეთურთა კვალზე ნუ ივლი და ბოროტთა გზას ნუ დაადგები. 15 მიატოვე იგი, ნუ გაივლი მასზე, გადაუხვიე მისგან და გაიარე. 16 რადგან არ დაიძინებენ ისინი, სიბოროტე თუ არ ჩაიდინეს, და ძილი გაუკრთებათ, თუ არ დააბრკოლეს, 17 რადგან უკეთურების პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოს სვამენ. 18 მართალთა კვალი განთიადივითაა, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება შუადღემდე. 19 უკეთურთა გზა წყვდიადივითაა, არ იციან, რაზე წაიბორძიკებენ. 20 შვილო ჩემო, ჩემს სიტყვებს მოუსმინე, ჩემს ნათქვამს ყური მიაპყარი, 21 არ მოშორდნენ ისინი შენს თვალებს, შეინახე შენი გულის წიაღში. 22 რადგან ისინი სიცოცხლეა მათი მპოვნელისათვის და კურნებაა მთელი მისი ხორცისათვის. 23 ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები. 24 მოიცილე მზაკვრობა და ბაგეთა სიბილწე. 25 შენმა თვალებმა პირდაპირ იცქირონ და შენი მზერა სწორად წარიმართოს შენს წინაშე. 26 გათელე სარბიელი შენი ფეხისა და ყოველი შენი გზა განმტკიცდება. 27 ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ, განარიდე შენი ფეხი ბოროტებას.
თავი მესამე                                                                                                                                             თავი მეხუთე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close