ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
301 სიტყვები აგურისა, იაკეს ძისა, მისნისა, წარმონათქვამი ითიელის, ითიელისა და უქალისადმი: 2 მე ხომ უმეცარი ვარ კაცთაგან და ადამიანის გონება არა მაქვს მე, 3 არ მისწავლია სიბრძნე და წმიდის შეცნობა არ ვიცი. 4 ვინ ავიდა ცაში და ჩამოვიდა? ვინ შეაგროვა ქარი თავისი მუჭებით? ვინ გამოიკრა წყალი კვართში? ვინ დაადგინა მიწის ყოველი კიდე? რა არის მისი სახელი და რა არის მისი ძის სახელი, თუ იცი? 5 ღმერთის ყოველი ნათქვამი ხალასია, ფარია ის მასზე დანდობილისათვის. 6 ნურაფერს მიუმატებ მის სიტყვებს, რათა არ დაგსაჯოს და არ გამოდგე მატყუარა. 7 ორს მოვითხოვ მე შენგან, უარს ნუ მეტყვი, სანამ მოვკვდები: 8 ამაო და სიცრუე განმაშორე, ნურც სიღარიბეს და ნურც სიმდიდრეს ნუ მომცემ, ჩემი წილი პურით გამომკვებე, 9 რომ არ გავძღე, არ უარვყო და არ ვთქვა: „ვინ არის უფალი?” ან რომ გაღარიბებულმა, არ ვიქურდო და არ შევბღალო სახელი ჩემი ღმერთისა. 10 ნუ დააბეზღებ მონას თავის ბატონთან, რათა არ დაგწყევლოს და არ დადანაშაულდე. 11 თაობა, მაწყევარი თავისი მამისა და არა მაკურთხებელი თავისი დედისა, 12 თაობა, სუფთა საკუთარ თვალში, მაგრამ განუბანელი თავის სიბინძურისაგან, 13 თაობა, რა ზვიადია მისი თვალები და რა აზიდულია მისი ქუთუთოები, 14 თაობა, რომელთა კბილები მახვილებია და რომელთა ყბები დანებია, რათა შეჭამოს საწყალნი ქვეყნისა და უპოვარნი ადამიანთაგან. 15 წურბელას ორი ასული ჰყავს: „მომეცი, მომეცი!” სამი გაუმაძღარია და ოთხი არ იტყვის: „კმარა!” 16 შავეთი და უნაყოფო საშო, ქვეყანა, რომელიც ვერ ძღება წყლით, და ცეცხლი, რომელიც არ ამბობს: „კმარა!” 17 თვალი მამის დამცინავი და დედის მორჩილების მოძულე – ამოკორტნიან მას ხევის ყორნები და შეჭამენ მას არწივის მართვენი. 18 სამი რამ არის საოცარი ჩემთვის, ხოლო ოთხი რამ არ ვიცი: 19 გზა არწივისა ცაში, გზა გველისა კლდეზე, გზა ხომალდისა ზღვის შუაგულში და გზა მამაკაცისა ქალწულთან. 20 ასეთია გზა მრუში ქალისა: შეჭამა, მოიწმინდა პირი და თქვა: „არ გამიკეთებია მე ცუდი!” 21 სამი რამის ქვეშ იძვრის მიწა და ოთხის ზიდვა არ შეუძლია: 22 მონა, როდესაც ის მეფდება, და არამზადა, როდესაც ის პურით ძღება, 23 საძულველი ქალი, როდესაც ის თხოვდება და მხევალი, როდესაც ის დაიმკვიდრებს თავისი ქალბატონის ადგილს. 24 ოთხი რამ არის უმცირესი მიწაზე, მაგრამ ისინი ბრძენზე ბრძენნი არიან: 25 ჭიანჭველები არ არიან ძლიერნი, მაგრამ ზაფხულში იმზადებენ თავიანთ პურს. 26 კურდღლები არ არიან მაგარი ხალხი, მაგრამ კლდეზე დგამენ თავიანთ სახლს. 27 მეფე არა ჰყავს კალიას, მაგრამ ყველანი მწყობრად გამოდიან. 28 ფსვენს ხელებით დაიჭერ, ის კი მეფის სასახლეებშია. 29 სამნი კარგად დააბიჯებენ და ოთხნი მარჯვედ დადიან: 30 ლომი ძლიერია მხეცებში და უკან არ დაიხევს არავის წინაშე, 31 საბრძოლოდ აღკაზმული ცხოველი და ბოტი და მეფე, როდესაც ჯარი ახლავს! 32 შენ თუ იარამზადე ქედმაღლობით ან ბოროტი განიზრახე, დაიდე ხელი პირზე! 33 რადგან რძის შედღვება წარმოქმნის კარაქს და ცხვირის შედღვება წარმოქმნის სისხლს, ხოლო რისხვის შედღვება წარმოქმნის შუღლს!