ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
241 ნუ შეგშურდება ბოროტი კაცისა და ნუ ისურვებ მათთან ყოფნას, 2 რადგან ძარცვაზე ფიქრობს მათი გული, სიბოროტით ლაპარაკობენ მათი ბაგენი. 3 სიბრძნით აშენდება სახლი და გონებით განმტკიცდება, 4 და ცოდნით ოთახები გაივსება, ყოველი ძვირფასი და საამური ქონებით. 5 ბრძენი მამაკაცი ძლიერია და მცოდნე კაცი იმტკიცებს ძალას. 6 რადგან გონივრულად წარმართავ შენს ომს და მრავალ მრჩეველშია ხსნა. 7 სულელისათვის სიბრძნე ძნელად მისაწვდომია, კარიბჭესთან არ გახსნის თავის ბაგეს. 8 ვინც ბოროტის ქმნას ფიქრობს, მას ბოროტგანმზრახველს უწოდებენ. 9 სულელის განზრახვა ცოდვაა, ხოლო თავქარიანი საძულველია ადამიანისათვის. 10 დაიღლები გასაჭირის დღეს, მცირეა შენი ძალა. 11 დაიფარე სასიკვდილოდ წარგზავნილნი და ნუთუ მიატოვებ დასახოცად განწირულთ? 12 თუ იტყვი: „აბა, ჩვენ არ ვიცოდით ეს” – განა გულთამხილავი ვერ გაიგებს? შენი სულის მფარველმა ხომ იცის და ის მიუზღავს ადამიანს მისი საქმისამებრ. 13 ჭამე, შვილო, თაფლი, რადგან კარგია იგი, და გოლეული ეტკბობა შენს სასას. 14 ასეთია სიბრძნის შეცნობა შენი სულისათვის, თუ ჰპოვე იგი, ყოფილა მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა. 15 ნუ ჩაუსაფრდები, უკეთურო, მართლის სავანეს, ნუ გაძარცვავ მის წამოსაწოლს, 16 რადგან შვიდჯერ დაეცემა მართალი, მაგრამ ადგება, ხოლო უკეთურნი უბედურებაში წაბორძიკდებიან. 17 შენი მტრის დაცემისას ნუ გაიხარებ და მისი წაბორძიკებისას ნუ ილხენს შენი გული, 18 თორემ იხილავს უფალი და ცუდად გამოჩნდება მის თვალში და მოაქცევს მისგან თავის რისხვას. 19 ნუ გაეჯიბრები ბოროტმოქმედთ და ნუ შეგშურდება უკეთურთა, 20 რადგან მომავალი არ ექნება ბოროტს, უკეთურთა სანთელი ჩაქრება. 21 გეშინოდეს უფლისა, შვილო, და მეფისა, და მეამბოხეებში ნუ გაერევი, 22 რადგან უცაბედად მოვა მათი დაღუპვა და ორივეს ზიანს ვინ შეიცნობს? 23 ესენიც ბრძენთათვისაა: მიკერძოება სასამართლოზე არ არის კარგი. 24 ვინც უკეთურს ეუბნება: „შენ მართალი ხარ”, იმას ხალხები დასწყევლიან, იმას ერები შერისხავენ. 25 ხოლო მამხილებელთ სიამე ექნებათ და მათზე გადმოვა კეთილი კურთხევა. 26 ტუჩებზე კოცნის, ვინც პასუხობს სარწმუნო სიტყვებით. 27 შეასრულე შენი საქმე გარეთ და მოამზადე მინდორში იგი, შემდეგ კი ააშენე შენი სახლი. 28 ნუ იქნები უმიზეზო მოწმე შენი მოყვასისა და ნუ ცდუნდები შენი ბაგეებით. 29 ნუ იტყვი: „როგორც ის მომექცა, მეც ისე მოვექცევი მას, მივუზღავ კაცს თავისი საქმისამებრ”. 30 ზარმაცი კაცის მინდორთან გავიარე და უგუნური ადამიანის ვენახთან, 31 და აჰა, სულმთლად ღვარძლად ამოსულიყო, მისი ზედაპირი ეკალ-ბარდებს დაეფარა და მისი ქვის ზღუდე დანგრეულიყო. 32 და ვიხილე, გულისყური მივაპყარ, დავინახე, დარიგება მივიღე: 33 „ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულხელდაკრეფა დასაწოლად”. 34 და მოვა მგზავრივით შენი სიღატაკე და შენი სიღარიბე ფარიანი კაცივით.