იესო ნავეს ძე
221 მაშინ მოუხმო იესომ რეუბენელებს, გადელებს და მენაშეს ნახევარ ტომს, და უთხრა მათ: 2 „თქვენ ასრულებდით ყველაფერს, რასაც მოსე, უფლის მსახური, გიბრძანებდათ, მეც ყურს მიგდებდით ყველაფერში, რასაც გიბრძანებდით. 3 არ მიგიტოვებიათ თქვენი ძმები ამ მრავალი დღეების მანძილზე დღევანდლამდე, და იცავდით უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებთა დასაცველს. 4 და ახლა კი დაასვენა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენი ძმები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის. ახლა კი დაბრუნდით და წადით თქვენ თქვენს კარვებში, თქვენს სამკვიდრო ქვეყანაში, რომელიც მოგცათ თქვენ მოსემ, უფლის მსახურმა, იორდანეს გაღმა. 5 ოღონდ გულმოდგინედ შეასრულეთ მცნება და რჯული, რომელიც გამცნოთ თქვენ მოსემ, უფლის მსახურმა, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და იაროთ ყველა მის გზაზე და დაიცვათ მისი მცნებანი, მიეწებოთ მას და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულით და მთელი თქვენი სულით.” 6 და აკურთხა ისინი იესომ და გაუშვა, და წავიდნენ ისინი თავ-თავიანთი კარვებისაკენ. 7 და მენაშეს ტომის ნახევარს მისცა მოსემ სამკვიდრო ბაშანში, ხოლო მის მეორე ნახევარს მისცა იესომ სამკვიდრო მათ ძმებთან ერთად იორდანეს გამოღმა, დასავლეთ მხარეს. და როცა გაუშვა ისინი იესომ თავ-თავიანთი კარვებისაკენ და აკურთხა ისინი, 8 უთხრა მათ ასე: „დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენს კარვებში, და ერთობ დიდძალი პირუტყვით, ვერცხლით, ოქროთი, სპილენძით, რკინით, და დიდძალი სამოსლით. გაუნაწილეთ თქვენს მტერთაგან წამოღებული ნადავლი თქვენს ძმებს.” 9 და გაბრუნდნენ რეუბენის ძენი, გადის ძენი და მენაშეს ნახევარი ტომი ისრაელის ძეთაგან სილოამიდან, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, გილყადის ქვეყნისკენ, მათი სამკვიდრო ქვეყნისკენ, რომელიც დამკვიდრებული ჰქონდათ უფლის ბრძანებით, მოსეს ხელით. 10 და მიადგნენ რა იორდანეს სანახებს, ქანაანის ქვეყანაში, იქ, იორდანესთან ააშენეს სამსხვერპლო რეუბენიანებმა და გადიანებმა და მენაშეს ნახევარმა ტომმა, – შესახედად დიდი სამსხვერპლო. 11 და გაიგეს ისრაელის ძეთ რომ ლაპარაკობდნენ: „რეუბენის ძეთ და გადის ძეთ და მენაშეს ნახევარმა ტომმა სამსხვერპლო ააშენეს ქანაანის ქვეყანაში, იორდანეს სანახებში, ისრაელის ძეთა პირისპირ.” 12 გაიგეს ეს ისრაელის ძეთ, შეიკრიბა მთელი თემი შილოში, რათა გასულიყო მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. 13 და გაუგზავნეს ისრაელის ძეთ რეუბენის ძეებს, გადის ძეებს და მენაშეს ნახევარ ტომს გილყადის მხარეში ფინხასი, ელეაზარ მღვდლის ძე. 14 და გააყოლეს ათი მთავარი, თითო მთავარი თითო მამის სახლიდან, ისრაელის ყველა ტომიდან. და მამის სახლის თითოეული მეთაური ისრაელის ათასეულების მეთაური იყო. 15 და მივიდნენ ისინი რეუბენის ძეებთან, გადის ძეებთან და მენაშეს ნახევარ ტომთან გილყადის ქვეყანაში და უთხრეს მათ: 16 “ასე ამბობს უფლის მთელი თემი: ‘ეს რა ღალატი ჩაიდინეთ ისრაელის ღმერთის წინაშე, ზურგი რომ შეაქციეთ დღეს უფალს, და სამსხვერპლო აიშენეთ და აუმხედრდით დღეს უფალს? 17 ნუთუ არ კმაროდა ჩვენთვის ფეღორის დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვწმედილვართ რის გამოც მომსვრელი სენი იყო უფლის თემში? 18 და თქვენ დღეს აქცევთ ზურგს უფალს! და თუ თქვენ დღეს აუმხედრდებით უფალს, ხვალ განურისხდება იგი ისრაელის მთელ თემს! 19 და თუ უწმიდური გეჩვენებათ თქვენი სამფლობელო ქვეყანა, მაშინ თქვენი უფლის სამფლობელო ქვეყანაში გადადით, სადაც დავანებულია უფლის სავანე, და დამკვიდრდით ჩვენს შორის, უფალს კი ნუ აუმხედრდებით და ნურც ჩვენ აგვიმხედრდებით უფლის, ჩვენი ღმერთის, სამსხვერპლოს გარდა, სხვა სამსხვერპლოს შენებით. 20 განა ყაქან ზერახის ძე მარტო არ იყო, ღალატი რომ ჩაიდინა დარისხებულის გამო, მაგრამ რისხვა დაატყდა თავს მთელი ისრაელის თემს? მარტო ის არ მომკვდარა თავისი დანაშაულის გამო.” 21 და მიუგეს რეუბენის ძეთ, გადის ძეთ და მენაშეს ნახევარმა ტომმა, და უთხრეს ისრაელის ათასისთავებს: 22 “ღმერთების ღმერთმა უფალმა, ღმერთების ღმერთმა უფალმა, მან უწყის და ისრაელმაც უწყოდეს! თუ უფლის წინააღმდეგ ასამხედრებლად და საღალატოდ მოვქცეულიყავით, დღეს ნუ გადაგვარჩენს უფალი! 23 თუ სამსხვერპლო უფლისათვის ზურგის შესაქცევად აგვეშენებინოს, სრულადდასაწველის აღსავლენად, საძღვნოდ თუ სამშვიდობო მსხვერპლთათვის, მაშინ თავად უფალმა იძიოს შური! 24 თუ შიშის გამო არ მოვქცეულიყავით ასე, რომ ხვალ თქვენს შვილებს არ ეთქვათ ჩვენი შვილებისთვის: ‘რა საერთო გაქვთ თქვენ უფალთან, ისრაელის ღმერთთან? 25 საზღვრად იორდანე დადო უფალმა ჩვენსა და თქვენს შორის, რეუბენის ძენო და გადის ძენო. არა გაქვთ თქვენ წილი უფალში.’ და აუკრძალავდნენ თქვენი ძენი ჩვენს ძეთ უფლის თაყვანისცემას. 26 და ვთქვით: ავიშენოთ სამსხვერპლო არა სრულადდასაწველისთვის და არა მსხვერპლთათვის, 27 არამედ რომ მოწმე იყოს იგი თქვენსა და ჩვენს, და ჩვენს მომავალ თაობებს შორის, რომ ჩვენც უნდა ვემსახუროთ უფალს მის წინაშე ჩვენი სრულადდსაწველებით და მსხვერპლებით და ჩვენი სამშვიდობო შესაწირავებით, რათა არ უთხრან ხვალ თქვენმა ძეებმა ჩვენს ძეებს: ‘არა გაქვთ თქვენ წილი უფალში.’ 28 და ვთქვით: როცა გვეტყვიან ჩვენ და ჩვენს თაობებს ხვალ, მაშინ ჩვენ ვიტყვით: ‘აჰა, სახე უფლის სამსხვერპლოსი, რომელიც ჩვენმა მამებმა ააშენეს არა სრულადასაწველისთვის და არა მსხვერპლთათვის არამედ, რათა მოწმე ყოფილიყო ჩვენსა და თქვენს შორის.’ 29 ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ, რომ უფალს ავუმხედრდეთ და დღეს ზურგი ვაქციოთ უფალს, და ავაშენოთ სამსხვერპლო სრულადდასაწველისთვის, პურეულის ძღვნისათვის და მსხვერპლისათვის უფლის, ჩვენი ღმერთის, სამსხვერპლოს გარდა, რომელიც მისი სავანის წინაა.” 30 და გაიგონეს ფინხას მღვდელმა, თემის მთავრებმა და ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა, მას რომ ახლდნენ, სიტყვანი, რეუბენის ძეთ, გადის ძეთ და მენაშეს ძეთ რომ თქვეს, და მოიწონეს. 31 და უთხრა ფინხას, ელეაზარის ძემ, მღვდელმა, რეუბენის ძეთ, გადის ძეთა და მენაშეს ძეთ: „დღეს შევიტყეთ, რომ ჩვენს შორისაა უფალი, ღალატი არ ჩაგიდენიათ უფლის წინაშე, და თქვენ იხსენით ისრაელის ძენი უფლის ხელიდან.” 32 და დაბრუნდნენ ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი, და მთავარნი, რეუბენის ძეთაგან და გადის ძეთაგან ქანაანის ქვეყანაში, ისრაელის ძეებთან, და მოუტანეს მათ ამბავი. 33 და მოიწონეს ეს ამბავი ისრაელის ძეთ, და აკურთხეს ღმერთი ისრაელის ძეთ და აღარ უფიქრიათ მათზე გალაშქრება იმ ქვეყნის დასარბევად, სადაც ცხოვრობდნენ რეუბენის ძენი და გადის ძენი. 34 და უწოდეს რეუბენის ძეთ და გადის ძეთ სამსხვერპლოს [ყედი] რადგან „მოწმეა იგი ჩვენს შორის, რომ უფალია ჩვენი ღმერთი.”