იესო ნავეს ძე 17

By
მაისი 7, 2015
ძველი აღთქმა
იესო ნავეს ძე

171 ეს იყო მენაშეს ტომის წილი, რადგან ის იოსების პირმშო იყო. მაქირს, მენაშეს პირმშოს, გილყადის მამას, რადგან ის მებრძოლი კაცი იყო, ერგო გილყადი და ბაშანი. 2 და ერგოთ მენაშეს დანარჩენ ძეებსაც მათი საგვარეულოების მიხედვით: აბიყეზერის ძეთ, ხელეკის ძეთ, ასრიელის ძეთ, შექემის ძეთ, ხეფერის ძეთ და შემიდას ძეთ. ესენი არიან მენაშეს შთამომავლები, იოსების ძისა, მათი საგვარეულოების მიხედვით. 3 ხოლო ცელაფხადს, ხეფერის ძეს, გილყადის ძეს, მაქირის ძეს, მენაშეს ძეს არ ჰყავდა ძენი, არამედ ასულნი. და მის ასულებს ერქვათ: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა. 4 და წარდგნენ ისინი ელეაზარ მღვდლის, იესო ნავეს ძისა და მთავართა წინაშე, და თქვეს: „უფალმა უბრძანა მოსეს, რომ მოეცა ჩვენთვის სამკვიდრო ჩვენს მოძმეთა შორის.” და მისცა მათ, უფლის ბრძანებისამებრ, სამკვიდრო მათი მამის ძმებს შორის. 5 და ერგო მენაშეს ათი ნაკვეთი, გარდა გილყადისა და ბაშანის ქვეყნისა, რომელიც იორდანეს გაღმა იყო. 6 რადგან მენაშეს [ძეთა] ასულებმა დაიმკვიდრეს სამკვიდრო მის ძეებს შორის. გილყადის ქვეყანა ერგო მენაშეს დანარჩენ ძეებს. 7 მენაშეს [ძეთა] საზღვარი გადიოდა აშერიდან მიქმეთათისკენ, შექემის პირდაპირ რომ არის, და მიიწევდა საზღვარი მარჯვნივ, ყენ-თაფუახის მკვიდრებისკენ. 8 მენაშეს ერგო ქვეყანა თაფუახისა. და თაფუახი მენაშეს საზღვართან ეფრემის ძეთ ერგოთ. 9 და ეშვებოდა საზღვარი კანას ხევისკენ, ხევის სამხრეთიდან. ეს ქალაქები ერგო ეფრემს მენაშეს ქალაქებს შორის. და მენაშეს სამკვიდროს საზღვარი ხევის ჩრდილოეთ მხარეს იყო, და ზღვასთან წყდებოდა. 10 სამხრეთით ეფრემისა იყო და ჩრდილოეთით – მენაშესი, და ზღვა იყო მათი საზღვარი. და აშერს ისინი ეკვროდნენ ჩრდილოეთიდან, და ისაქარს – აღმოსავლეთიდან. 11 მენაშეს სამკვიდრო იყო ისაქარამდე და აშერამდე: ბეთ-შეანი და მისი სოფლები, იბლეყამი და მისი სოფლები, დორის მკვიდრნი და მისი სოფლები, ყენდორის მკვიდრნი და მისი სოფლები, თანაქის მკვიდრნი და მისი სოფლები, მეგიდოს მკვიდრნი და მისი სოფლები. მესამეა ნაფეთი. 12 და დაიმკვიდრეს მენაშეს ძეთ ქალაქები და დარჩნენ ქანაანელები ამ ქვეყანაში საცხოვრებლად. 13 და როცა მომძლავრდნენ ისრაელის ძენი, მოხარკეებად გაიხადეს ქანაანელები, მაგრამ განდევნით არ განუდევნიათ ისინი. 14 და ელაპარაკნენ იოსების ძენი იესოს და უთხრეს: „რად მოგვეცი ერთი წილი სამკვიდრო და მხოლოდ ერთი ნაკვეთი, მე ხომ მრავალრიცხოვანი ხალხი ვარ, და ასე მაკურთხა უფალმა?” 15 და უთხრა მათ იესომ: „თუ მრავალრიცხოვანი ხარ. ადი ტყეში და გატეხე შენთვის ახო ფერიზელთა და რეფას ძეთა ქვეყანაში, თუ ეფრემის მთა გევიწროება.” 16 და უთხრეს იოსების ძეთ: „არ გვეყოფა ეს მთა. რკინის ეტლი აქვს ყველა ბარში მცხოვრებ ქანაანელს, იმათაც, ვინც ბეთ-შეანში არიან და მის სოფლებში, და იმათაც, ვინც იზრეყელის ველზე არიან.” 17 და უთხრა იესომ იოსების, ეფრემისა და მენაშეს სახლს ასე: „მრავალრიცხოვანი ხალხი ხარ შენ და ძალაც დიდი გაქვს, ამიტომ არ უნდა გქონდეს შენ ერთი წილი. 18 მთა შენი იქნება, ტყიანი კია, მაგრამ ახოს გატეხავ და ბოლომდე შენი იქნება, რადგან განდევნი ქანაანელებს, თუმცა მათ რკინის ეტლები აქვთ, და ძლიერნი არიან.”

თავი მეთექვსმეტე                                                                                                                              თავი მეთვრამეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close