ძველი აღთქმა
იერემია
71 სიტყვა უფლისა, რომელიც ესმა იერემიას: 2 „დადექი უფლის სახლის კარიბჭეში და დაიძახე იქ ეს სიტყვა და თქვი: ისმინეთ უფლის სიტყვა, ყველა იუდაელო, შემომსვლელნო ამ კარიბჭეებში, რომ თაყვანი სცეთ უფალს. 3 ასე ამბობს უფალი ცაბაოთი, ისრაელის ღმერთი: გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი მოქმედებანი და დაგასახლებთ ამ ადგილზე. 4 ნუ ხართ დანდობილნი ცრუ სიტყვებზე, რომ ამბობენ: უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია ეს! 5 მაგრამ თუ გამოასწორებთ თქვენს გზებსა და თქვენს მოქმედებებს, თუ იქმთ სამართალს კაცსა და მის მოყვასს შორის, 6 მწირს, ობოლსა და ქვრივს არ დაჩაგრავთ და უდანაშაულო სისხლს არ დაღვრით ამ ადგილზე, და თუ სხვა ღმერთებს არ გამოედევნებით თქვენს საუბედუროდ, 7 მაშინ დაგასახლებთ ამ ადგილზე, ქვეყანაში, რომელიც მე მივეცი თქვენს მამებს უკუნითი უკუნისამდე. 8 აჰა, თქვენ დანდობილი ხართ ცრუ, უსარგებლო სიტყვებზე. 9 როგორ! იპარავთ, კლავთ, მრუშობთ, ტყუილად იფიცებთ, ბაყალს უკმევთ და სხვა ღმერთებს მისდევთ, რომელთაც არ იცნობთ. 10 და მერე მოდიხართ და დგებით ჩემს წინაშე ამ სახლში, ჩემი სახელით რომ იწოდება, და ამბობთ: ‘გადავრჩით!’ რათა ისევ ჩაიდინოთ ყოველივე ეს სისაძაგლე? 11 ავაზაკთა ბუნაგად იქცა თქვენს თვალში ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება! აჰა, მეც ვხედავ!” – სიტყვა უფლისა. – 12 „წადით ჩემს ადგილზე, რომელიც შილოშია, იქ, სადაც პირველად დავავანე ჩემი სახელი, და ნახეთ, რა გავუკეთე მას ჩემი ერის, ისრაელის, ბოროტმოქმედების გამო. 13 ახლა კი, რადგან თქვენ ჩაიდინეთ ყველა ეს საქმე,” – სიტყვა უფლისა, – „მე კი გეუბნებოდით თქვენ განთიადიდან, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, გიხმობდით და არ მპასუხობდით, 14 ისევე მოვექცევი სახლს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება და რომელზეც თქვენა ხართ დანდობილნი, და იმ ადგილს, რომელიც მე მოგეცით თქვენ და თქვენს მამებს, როგორც მოვექეცი შილოს; 15 და მოგისვრით თქვენ ჩემი პირიდან, როგორც მოვისროლე თქვენი ყოველი ძმა, ეფრემის ყველა თესლი. 16 შენ კი, ნუ ილოცებ ამ ხალხისათვის და ნუ აამაღლებ მათთვის ვედრებასა და ლოცვას, და ნუ შემეხვეწები, რადგან არ მოგისმენ. 17 განა ვერ ხედავ, რას აკეთებენ ისინი იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში? 18 შვილები ხეებს აგროვებენ, მამები კი ცეცხლს აჩაღებენ; ქალები ცომს ზელენ, რომ დაამზადონ კვერები ცის დედოფლის საპატივცემოდ და ღვრიან შესაწირავს სხვა ღმერთებისათვის, რათა გამაბრაზონ მე. 19 მაგრამ მე მაბრაზებენ ისინი,” – სიტყვა უფლისა, – „თუ თავიანთ თავს – შესარცხვენად? 20 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „აჰა, ჩემი რისხვა და ჩემი გულისწყრომა გადმოინთხევა ამ ადგილზე, ადამიანზე და საქონელზე, მინდვრის ხეზე და მიწის ნაყოფზე; და გაღვივდება და არ ჩაქრება.” 21 ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „თქვენი სრულადდასაწველი მსხვერპლები დაუმატეთ თქვენს მსხვერპლებს და ჭამეთ ხორცი. 22 რადგან მე არ ვეუბნებოდი თქვენს მამებს და არ ვუბრძანებდი მათ ეგვიპტის ქვეყნიდან მათი გამოყვანის დღეს სრულადდასაწველისა და მსხვერპლის გამო, 23 არამედ მხოლოდ ეს სიტყვა ვუბრძანე მათ, ასე: ‘გაიგონეთ ჩემი სიტყვა და ვიქნები თქვენი ღმერთი, და თქვენ იქნებით ჩემი ერი და ივლით ყველა იმ გზით, რომელსაც გიბრძანებთ თქვენ, რომ სასიკეთო იყოს თქვენთვის.’ 24 მაგრამ მათ არ გაიგონეს და არ დამიგდეს ყური და იარეს თავიანთი გონებით, თავიანთი ბოროტი გულის შეუპოვრობით, და უკან იყვნენ და არა წინ. 25 იმ დღიდან, როდესაც თქვენი მამები გამოვიდნენ ეგვიპტის ქვეყნიდან, დღემდე გიგზავნიდით ჩემს მსახურთ, წინასწარმეტყველთ; განთიადიდან ვგზავნიდი მათ. 26 მაგრამ არ მისმინეს მე და არ დამიგდეს ყური, და გაიმაგრეს კისერი და თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ. 27 შენ კი ეტყვი მათ ყველა ამ სიტყვას, მაგრამ არ მოგისმენენ; მოუხმობ მათ და არ გიპასუხებენ. 28 უთხარი მათ: ‘ესაა ხალხი, რომელმაც არ ისმინა უფლის, მისი ღმერთის ხმა და არ მიიღო დარიგება; დაიკარგა ჭეშმარიტება და ამოიკვეთა მათი ბაგეებიდან. 29 შეიჭერი თმები და გადაყარე და აამაღლე ხრიოკ მაღლობებზე მოთქმა, რადგან უფალმა მოიძულა და დატოვა მისი წყრომის თაობა. 30 რადგან იუდას ძენი ბოროტს სჩადიან ჩემს თვალწინ,” – სიტყვა უფლისა, – „თავიანთი სისაძაგლენი დააწყვეს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა შებილწონ. 31 და ააშენეს გორაკები თოფეთისა, რომელიც ბენ-ჰინომის ჭალაშია, რათა დაეწვათ ცეცხლში თავიანთი ძენი და ასულნი, რაც არ მიბრძანებია და არც გამივლია გულში. 32 ამიტომ მოდიან დღეები,” – სიტყვა უფლისა, – „და აღარ იტყვიან მეტად თოფეთს და ბენ-ჰინომის ჭალას, არამედ მკვლელობის ჭალას და დამარხავენ თოფეთში უადგილობის გამო. 33 და იქნება ამ ხალხის გვამები ცის ფრინველთა და ქვეყნის ცხოველთა საჭმელად, და აღარავინ იქნება მათი დამფრთხობი. 34 და შევწყვეტ მე იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში მხიარულების ხმას და ლხინის ხმას, ნეფის ხმას და პატარძლის ხმას, რადგან უდაბნოდ იქცევა ეს ქვეყანა.