ძველი აღთქმა
იერემია
371 და გამეფდა მეფე ციდკიაჰუ, იოშიაჰუს ძე, იეჰოიაკიმის ძის იექონიაჰუს ნაცვლად, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გაამეფა იუდას ქვეყანაში. 2 და არ ისმინეს მან და მისმა მსახურებმა და ქვეყნის ერმა უფლის სიტყვები, რომელიც იერემია წინასწარმეტყველის ხელით წარმოთქვა. 3 და გაგზავნა მეფე ციდკიაჰუმ იეჰუქალ შელემიას ძე და ცეფანია მაყასეია მღვდლის ძე იერემია წინასწარმეტყველთან, რომ ეთქვათ: „შეევედრე ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს.” 4 იერემია კი დადიოდა ხალხში და ჯერ არ იყო დაპატიმრებული. 5 გამოვიდა ფარაონის ლაშქარი ეგვიპტიდან; და ქალდეველებმა, იერუსალიმს რომ ადგნენ გარს, შეიტყვეს ეს ამბავი და უკუიქცნენ იერუსალიმისაგან. 6 და იყო სიტყვა უფლისა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ: 7 “ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: უთხარით იუდას მეფეს, რომელიც თქვენ გგზავნით ჩემთან ჩემს შესაკითხავად: „ფარაონის ლაშქარი, რომელიც თქვენს დასახმარებლად გამოვიდა, თავის ქვეყანაში, ეგვიპტეში დაბრუნდება. 8 და მობრუნდებიან ქალდეველნი და შეებრძოლებიან ამ ქალაქს და დაიპყრობენ მას და ცეცხლში დაწვავენ.’ 9 ასე თქვა უფალმა: ‘ნუ მოიტყუებთ თქვენს თავს: წავლენ ჩვენგან ქალდეველნიო, რადგან არ წავლენ. 10 რადგან, კიდევაც რომ დაამარცხოთ ქალდეველთა ლაშქარი, რომელიც თქვენ გებრძვით, და დარჩნენ მათგან კაცნი, მახვილით დაკოდილნი, ისინი აღდგებიან თითოეული თავისი კარვიდან და დაწვავენ ამ ქალაქს ცეცხლში.’” 11 და როდესაც ქალდეველთა ლაშქარი უკუიქცა იერუსალიმისაგან ფარაონის ლაშქრის გამო, 12 გამოვიდა იერემია იერუსალიმიდან ბენიამინის ქვეყანაში წასასვლელად, რათა გასცლოდა იქიდან ხალხს. 13 ბენიამინის კარიბჭეში იყო, რომ იქ ზედამხედველთა უფროსმა, სახელად ირიამ, ხანანიას ძის, შელემიას ძემ დაიჭირა იერემია წინასწარმეტყველი და უთხრა: „ქალდეველებს უვარდები ტყვედ.” 14 და უპასუხა იერემიამ: „ტყუილია, მე არ ჩაუვარდები ქალდეველებს ტყვედ.” მაგრამ არ უსმინა მას და დაიჭირა ირიამ იერემია და მიიყვანა მთავრებთან. 15 და განრისხდნენ მთავრები იერემიაზე და სცემეს და ჩასვეს ის საპატიმროში, იონათან მწერლის სახლში, რადგან საპყრობილედ დაადგინეს იგი. 16 და შევიდა იერემია დილეგში და თაღებში, და იჯდა იქ იერემია მრავალი დღე, 17 გაგზავნა მეფე ციდკიაჰუმ და წაიყვანეს იგი; და თავის სახლში მეფე ფარულად შეეკითხა მას: „არის რამე სიტყვა უფლისაგან?” და უპასუხა იერემიამ: „არის!” და უთხრა: „ბაბილონის მეფეს გადაეცემი ხელთ. 18 უთხრა იერემიამ მეფე ციდკიაჰუს: „რა შევცოდე მე შენს წინაშე და შენს მსახურთა წინაშე და ამ ერის წინაშე, რომ საპყრობილეში ჩამსვით? 19 სად არიან თქვენი წინასწარმეტყველნი, რომლებიც ასე გიწინასწარმეტყველებდნენ: ‘არ წამოვა ბაბილონის მეფე თქვენს წინააღმდეგ და ამ ქვეყნის წინააღმდეგ?’ 20 ახლა კი, მისმინე, ბატონო მეფევ! და შეწყნარებულ იქნეს ჩემი ვედრება შენს წინაშე და ნუ დამაბრუნებ იონათან მწერლის სახლში, რათა არ მოვკვდე იქ.” 21 და ბრძანა მეფე ციდკიაჰუმ და გადასცეს იერემია ზედამხედველებს საყარაულო ეზოში და აძლევდნენ მას პურის კოკორს დღეში მცხობელთა ქუჩიდან ვიდრე ქალაქში პური არ გამოილია. და იჯდა იერემია საყარაულო ეზოში.