ძველი აღთქმა
იერემია
341 სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან, როდესაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი და მთელი მისი ლაშქარი, და ქვეყნის ყველა სამეფო, რომლებიც მისი ხელისუფლების ქვეშ იყვნენ, და ყველა ერი იბრძოდნენ იერუსალიმისა და ყველა მისი ქალაქის წინააღმდეგ. 2 „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘წადი და უთხარი ციდკიაჰუს, იუდას მეფეს, რომ ასე თქვა უფალმა: აჰა, მე ვაძლევ ამ ქალაქს ბაბილონის მეფის ხელს და ცეცხლში დაწვავს მას. 3 შენ თავს ვერ დააღწევ მისი ხელიდან, რადგან შეპყრობილი იქნები და მის ხელს გადაეცემი, და შენი თვალები ბაბილონის მეფის თვალებს შეხედავენ, და პირისპირ ილაპარაკებ მასთან. და ბაბილონში წახვალ.’ 4 მხოლოდ ისმინე უფლის სიტყვა, ციდკიაჰუვ, იუდას მეფევ! ასე თქვა უფალმა შენზე: ‘მახვილით არ მოკვდები შენ! 5 მშვიდობაში მოკვდები და, როგორც სწვავდნენ სურნელებას შენი მამებისათვის, პირვანდელი მეფეებისათვის, რომლებიც შენზე წინ იყვნენ, ისე დაწვავენ შენთვისაც და ვაი, ბატონოო, დაგატირებენ, რადგან მე წარმოვთქვი ეს სიტყვა,’” – სიტყვა უფლისა. 6 და უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ციდკიაჰუს, იუდას მეფეს, ყველა ეს სიტყვა იერუსალიმში. 7 ბაბილონის მეფის ლაშქარი კი იბრძოდა იერუსალიმის წინააღმდეგ და იუდას დარჩენილი ქალაქების წინააღმდეგ, და ლაქიშის წინააღმდეგ და აზეკას წინააღმდეგ, რადგან ესენიღა დარჩნენ იუდას ქალაქებიდან გამაგრებული ქალაქები. 8 სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან მას შემდეგ, რაც მეფე ციდკიაჰუმ აღუთქვა მთელ ერს, რომელიც იერუსალიმში ცხოვრობდა, რომ თავისუფლებას მიანიჭებდა მათ; 9 რომ უნდა გაეშვა თითოეულს თავისი მსახური და თითოეულს თავისი მხევალი, ებრაელი ქალი და კაცი, თავისუფლად, რათა აღარ დაემონებინა კაცს თავისი ძმა – იუდაელი. 10 და ისმინეს ყველა მთავარმა და მთელმა ერმა, რომლებმაც კავშირი დადეს, რომ თავისუფლად გაუშვებდნენ თითოეულ თავის მსახურს და თითოეულ თავის მხევალს, რათა აღარ დაემორჩილებინათ მეტად, და გაიგონეს მათ და გაუშვეს ისინი. 11 მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს და დააბრუნეს თავიანთი მსახურები და მხევლები, რომლებიც თავისუფლად გაუშვეს, და დაიმორჩილეს ისინი მსახურებად და მხევლებად. 12 და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ უფლისაგან: 13 „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘მე აღთქმა დავდე თქვენს მამებთან იმ დღეს, როდესაც ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, გამოვიყვანე ისინი, და ვუთხარი: 14 ყოველი შვიდი წლის ბოლოს გაუშვით თითოეულმა თქვენი ძმა, ებრაელი, რომელიც მოგეყიდათ თქვენ. გემსახუროს ექვს წელიწადს, შემდეგ გაუშვით თქვენგან თავისუფლად! მაგრამ თქვენმა მამებმა არ მისმინეს მე და არ დამიგდეს ყური. 15 დღეს კი, თქვენ დაბრუნდით და გააკეთეთ ის, რაც სწორია ჩემს თვალში, რომ გამოუცხადეთ თავისუფლება თითოეულმა თავის ძმას და აღთქმა დადეთ ჩემს წინაშე სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება. 16 მაგრამ გადაიფიქრეთ და შებღალეთ ჩემი სახელი და დაიბრუნა თითოეულმა თავისი მსახური და თითოეულმა თავისი მხევალი, რომლებიც თქვენ გაუშვით თავისუფლად მათი სურვილისამებრ, და დაიმორჩილეთ ისინი, რომ ყოფილიყვნენ თქვენს მსახურებად და თქვენს მხევლებად.’ 17 ამიტომ ასე ამბობს უფალი: ‘არ მისმინეთ მე, რომ თავისუფლება გამოგეცხადებინათ თითოეულს თავისი ძმისათვის და თითოეულს თავისი მოყვასისათვის. აჰა, თავისუფლებას გიცხადებთ თქვენ,’ სიტყვა უფლისა, ‘მახვილის, შავი ჭირისა და შიმშილისათვის, და შიშისზარად გაგხდით თქვენ ქვეყნის ყველა სამეფოსათვის. 18 და მოვექცევი ხალხს, ჩემი აღთქმის დამრღვევთ, რომელთაც არ შეასრულეს სიტყვები ჩემი აღთქმისა, რომელიც მათ დადეს ჩემს წინაშე, როგორც იმ ხბოს, ორად რომ გააპეს მათ და მის ნაწილებს შორის გაიარეს. 19 იუდას მთავრებს და იერუსალიმის მთავრებს, საჭურისებსა და მღვდლებს, ქვეყნის მთელ ერს, ვინც გაპობილი ხბოს ნაწილებს შორის გაიარა, 20 მივცემ მათი მტრებისა და მათი სულის მაძიებელთა ხელთ, და მათი გვამები ცის ფრინველთა და მინდვრის ცხოველთა საჭმელი გახდება. 21 და ციდკიაჰუს, იუდას მეფეს და მის მთავრებს მივცემ მათ მტერთა, მათი სულის მაძიებელთა და ბაბილონის მეფის ლაშქრის ხელთ, რომელმაც უკან დაიხია თქვენგან. 22 აჰა, მე ვუბრძანებ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘და მოვაბრუნებ მათ ამ ქალაქისაკენ, და იბრძოლებენ მის წინააღმდეგ, და დაიპყრობენ მას და ცეცხლში დასწვავენ. იუდას ქალაქებს კი უდაბნოდ ვაქცევ.’”