იერემია 31

ივლისი 14, 2015
ძველი აღთქმა
იერემია
311 „იმ დროს,” სიტყვა უფლისა, „მე ვეყოლები ღმერთად ისრაელის ყველა მოდგმას და ისინი მეყოლებიან მე ერად!” 2 და ასე ამბობს უფალი: „უდაბნოში ჰპოვა მადლი მახვილს გადარჩენილმა ხალხმა. მივდიოდი ისრაელის დასამყუდროებლად.” 3 შორიდან გამომეცხადა უფალი და მითხრა: „საუკუნო სიყვარულით შეგიყვარე, ისრაელ, ამის გამო მიგიზიდე წყალობით. 4 კიდევ აგაშენებ და აშენდები, ქალწულო ისრაელისა, კვლავ მორთავ შენს ბობღნებს და გამოხვალ მროკველთა გუნდში. 5 კვლავ დარგავ შენ ვენახებს სამარიის მთებზე, დარგავენ დამრგველნი და მოისთვლიან. 6 რადგან იქნება დღე, როცა ეფრემის მთაზე დაიძახებენ გუშაგნი: ‘ადექით და ავიდეთ სიონზე უფალთან, ჩვენს ღმერთთან.’” 7 რადგან ასე თქვა უფალმა: „სიხარულით უმღერეთ იაკობს და იკიჟინეთ ხალხების თავზე; გამოაცხადეთ, ადიდეთ და თქვით: ‘იხსენი, უფალო, შენი ერი, ნატამალი ისრაელისა!’ 8 აჰა, მოვიყვან მათ ჩრდილო ქვეყნიდან და შევკრებ მათ ქვეყნის კიდეებიდან, მათში ბრმას და კოჭლს, ფეხმძიმეს და მშობიარეს ერთად, დიდი კრებული დაბრუნდება აქეთ. 9 ტირილით მოვლენ ისინი და ვედრებით წავუძღვები მათ, მივიყვან სწორი გზით წყლის ნაკადულებთან. არ წაიბორძიკებენ იქ, რადგან მამად ვეყოლები მე ისრაელს, ეფრემი კი ჩემი პირმშოა.” 10 ისმინეთ სიტყვა უფლისა, ხალხებო, აუწყეთ შორეულ კუნძულებს და უთხარით: ისრაელის გამფანტველი შეკრებს მას და დაიფარავს მას, როგორც მწყემსი თავის სამწყსოს! 11 რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი და იხსნა იგი მასზე ძლიერის ხელიდან. 12 და მოვლენ ისინი და იმღერებენ სიონის მაღლობზე და ისწრაფებენ უფლის დოვლათისაკენ: პურისა და ღვინისაკენ, ზეთისაკენ, ცხვრისაკენ და ძროხისაკენ, და იქნება მათი სული უხვად მორწყული ბაღივით, და მეტად აღარ გაიტანჯებიან. 13 მაშინ გამხიარულდება ქალწული გუნდში, ჭაბუკნი და მოხუცნი ერთად, და მათ გლოვას სიხარულად ვაქცევ და ვანუგეშებ მათ, და გავახარებ მათი დარდის შემდეგ. 14 და გავაძღობ მღვდელთა სულს ქონით და ჩემი ერი ჩემი დოვლათით გაძღება!” – სიტყვა უფლისა. 15 თქვა უფალმა: „ხმა გაისმა რამაში, გოდება და მწარე ტირილი, რახელი დასტირის თავის შვილებს; არ სურს ნუგეში შვილების გამო, რადგან აღარ არიან ისინი.” 16 თქვა უფალმა: „შეიკავე ხმა ტირილისაგან და თვალები ცრემლისაგან, რადგან საზღაური აქვს შენს ნაშრომს,” – სიტყვა უფლისა, – „დაბრუნდებიან ისინი მტრის ქვეყნიდან. 17 გქონდეს იმედი შენი მომავლისა,” – სიტყვა უფლისა, – „დაუბრუნდებიან შენი ძენი თავიანთ საზღვრებს! 18 მესმის, რომ ნაღვლობს ეფრემი: ‘შენ დამსაჯე მე და დავისაჯე, როგორც გაუწვრთნელი ხბო, დამაბრუნე და დავბრუნდები მე, რადგან შენა ხარ უფალი, ჩემი ღმერთი. 19 რადგან ჩემი დაბრუნების შემდეგ მოვინანიე, და მას შემდეგ, რაც გამოვიცადე, დავირტყი თეძოზე; შემრცხვა მე და თავი მომეჭრა კიდეც, რადგან ვატარებ ჩემი სიყმაწვილის სირცხვილს!’ 20 განა ეფრემი ჩემი ძვირფასი ძე არ არის? განა ნებიერი ბავშვი არ არის? რადგან როცა კი მის წინააღმდეგ ვლაპარაკობ, მაინც ვზრუნავ მასზე. ამის გამო შფოთავს ჩემი შიგნეულობა მისთვის და სიბრალულით შევიბრალებ მას!” სიტყვა უფლისა. 21 „დაიყენე ბოძები, განალაგე გზის მაჩვენებლები, მიმართე შენი გული შარაგზას, გზას, რომლითაც დადიოდი. დაბრუნდი, ქალწულო ისრაელისა, დაუბრუნდი ამ შენს ქალაქებს. 22 როდემდე იხეტიალებ, განდგომილო ასულო? შექმნა უფალმა სიახლე ქვეყანაზე: დედაკაცი დაუწყებს დევნას მამაკაცს!” 23 ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „კვლავ იტყვიან ამ სიტყვას იუდას ქვეყანაში და მის ქალაქებში, როცა ტყვეობიდან დავაბრუნებ მათ: ‘გაკურთხოს შენ უფალმა, სიმართლის სავანევ, წმიდა მთაო!’ 24 და კვლავ დასახლდებიან იუდაში და ყველა მის ქალაქში ერთად – მიწისმუშაკნი და მწყემსნი. 25 რადგან წყურვილს მოვუკლავ დაქანცულ სულს და ავავსებ ყველა გაწვალებულ სულს.” 26 ამაზე გამომეღვიძა და გავახილე თვალი; და ძილი საამური იყო ჩემთვის. 27 „აჰა, მოდის დღეები,” – სიტყვა უფლისა, – „და დავთესავ ისრაელის და იუდას სახლს ადამიანის თესლით და საქონლის თესლით. 28 და როგორც ვფხიზლობდი მათზე, რომ აღმომეფხვრა და გამეცამტვერებინა, დამენგრია, მომესპო და მომეწია უბედურება, ასე ვიფხიზლებ მათზე, რომ ავაშენო და დავრგო.” – სიტყვა უფლისა. – 29 „იმ დღეებში აღარ იტყვიან მეტად: ‘მამებმა მკვახე ხილი ჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო!’ 30 რადგან ყოველი თავისი ურჯულოებით მოკვდება; ყოველ ადამიანს, რომელიც მკვახე ხილს შეჭამს, თავისი კბილი მოეკვეთება. 31 აჰა, მოდის დღეები,’” – სიტყვა უფლისა, – „და დავუდებ მე ისრაელის სახლსა და იუდას სახლს ახალ აღთქმას, 32 არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდე მათ მამებს იმ დღეს, როდესაც ხელი მოვკიდე მათ, რომ გამომეყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, ჩემი აღთქმა, რომელიც მათ დაარღვიეს, მე კი ვპატრონობდი მათ,” – სიტყვა უფლისა. – 33 „რადგან ეს არის აღთქმა, რომელსაც დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ,” – სიტყვა უფლისა, – „მივცემ მათ ჩემს რჯულს და მათ გულებზე დავწერ ამას, და მე ვეყოლები მათ ღმერთად და ისინი მეყოლებიან მე ერად. 34 და აღარ ასწავლის მეტად თითოეული თავის მოყვასს და თითოეული თავის ძმას ასე: შეიცანით უფალი! რადგან პატარიდან დიდამდე ყველას ვეცოდინები მე, – სიტყვა უფლისა, – რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და მათ ცოდვებს აღარ გავიხსენებ მეტად. 35 ასე თქვა უფალმა, რომელიც მზეს იძლევა დღის გასანათებლად, უბრძანებს მთვარეს და ვარსკვლავებს, ღამე გაანათონ; რომელიც ისე აღელვებს ზღვას, რომ შფოთავენ მისი ტალღები; უფალი ცაბაოთია მისი სახელი: 36 „თუ შეიცვლება ეს განჩინებანი ჩემი პირიდან,” – სიტყვა უფლისა, – „მაშინ შეწყვეტს ისრაელის თესლიც ხალხად ყოფნას ჩემს წინაშე სამუდამოდ.” 37 ასე თქვა უფალმა: „თუ გაიზომება ცა ზემოთ და გამოიკვლევა ქვეყნის საფუძველი ქვემოთ, მაშინ მეც შევიძულებ ისრაელის მთელ თესლს ყოველივე იმის გამო, რაც მათ გააკეთეს.” – სიტყვა უფლისა. – 38 აჰა, მოდიან დღენი,” – სიტყვა უფლისა, – „და აუშენდება უფალს ქალაქი ხანანელის კოშკიდან კუთხის კარიბჭემდე. 39 და საზომი ხაზი გამოვა მის პირდაპირ გარების ბორცვამდე და გოასკენ მოტრიალდება. 40 და გვამთა და ფერფლის მთელი ხეობა და ყველა მინდორი კედრონის ხევამდე ცხენთა კარიბჭის კუთხემდე აღმოსავლეთით – წმიდაა უფლისათვის, არ აღმოიფხვრება და არ დაინგრევა არასოდეს.”
თავი ოცდამეათე                                                                                                                  თავი ოცდამეთორმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close