იერემია 29

ივლისი 10, 2015
ძველი აღთქმა
იერემია 
291 ეს არის სიტყვები წერილისა, რომელიც იერემია წინასწარმეტყველმა გაუგზავნა იერუსალიმიდან გადასახლებულ დანარჩენ უხუცესებს და მღვდლებს, და წინასწარმეტყველთ და მთელ ერს, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა იერუსალიმიდან ბაბილონში 2 (ეს იყო მას შემდეგ, რაც იერუსალიმიდან გავიდნენ მეფე იექონია და დედამისი – დედოფალი, და იუდასა და იერუსალიმის საჭურისნი და მთავარნი, ხურონი და მჭედელნი.), 3 ელყასა შაფანის ძის, და გემარია ხილკიას ძის ხელით, რომლებიც ციდკიაჰუმ, იუდას მეფემ, გაგზავნა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორთან, ბაბილონში, რომ ეთქვათ: 4 „ასე ეუბნება უფალი ცაბაოთ, ისრაელის ღმერთი, ყველა გადასახლებულს, რომლებიც მე გადავასახლე იერუსალიმიდან ბაბილონში: 5 ‘აიშენეთ სახლები და დასახლდით, და გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფი, 6 მოიყვანეთ ცოლები და შობეთ ძენი და ასულნი, და მოუყვანეთ თქვენს ძეთ ცოლები და თქვენი ასულნი გაათხოვეთ, და შობონ მათ ძენი და ასულნი და გამრავლდით იქ და არ შემცირდეთ. 7 და შესთხოვეთ მშვიდობა იმ ქალაქისათვის, სადაც გადაგასახლეთ თქვენ, და ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი მშვიდობით თქვენც გექნებათ მშვიდობა.’ 8 რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘ნუ გაცთუნებენ თქვენ თქვენი წინასწარმეტყველნი, რომელნიც თქვენს შორის არიან, და თქვენი ჯადოსანნი, და ნუ დაუჯერებთ თქვენს სიზმრებს, რომელნიც გესიზმრებათ. 9 რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ ისინი ჩემი სახელით: ‘მე არ გამომიგზავნია ისინი!’ – სიტყვა უფლისა. 10 რადგან ასე თქვა უფალმა: ‘როდესაც ბაბილონს შეუსრულდება სამოცდაათი წელი, მოგიკითხავთ მე თქვენ და ავასრულებ თქვენზე ჩემს სასიკეთო სიტყვას, რათა დაგაბრუნოთ ამ ადგილას. 11 რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი. 12 და მომიხმობთ მე, და წახვალთ და შემევედრებით, და მე მოგისმენთ თქვენ. 13 მეძიეთ მე და მიპოვნით, როდესაც მეძიებთ მთელი თქვენი გულით. 14 ნაპოვნი ვიქნები თქვენს მიერ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘და დაგაბრუნებთ თქვენი ტყვეობიდან და შეგკრებთ ყველა ხალხიდან და ყველა ადგილიდან, სადაც გაგაძევეთ,’ –სიტყვა უფლისა, – ‘და დაგაბრუნებთ იმ ადგილას, საიდანაც გადაგასახლეთ.’ 15 რადგან ამბობთ თქვენ: ‘უფალმა დაგვიყენა ჩვენ წინასწარმეტყველნი ბაბილონში.’ 16 რადგან ასე ამბობს უფალი დავითის ტახტზე მჯდომ მეფეზე და ამ ქალაქში მცხოვრებ მთელ ერზე, თქვენს ძმებზე, რომლებიც თქვენთან ერთად არ გავიდნენ გადასახლებაში, 17 ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: ‘აჰა, მე გავგზავნი მათში მახვილს, შიმშილსა და შავ ჭირს და ვაქცევ მათ გადამსკდარ ლეღვად, რომლის ჭამაც არ შეიძლება მისი უვარგისობის გამო. 18 დავედევნები მათ მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით, და საშინელებად გავხდი მათ ქვეყნის ყველა სამეფოსათვის, საწყევლად და გასაოცებლად, თავზარდასაცემად, დასაცინად და შესარცხვენად ყველა ხალხში, რომლებშიც მე გავაძევე ისინი. 19 იმის სანაცვლოდ, რომ არ უსმინე ჩემს სიტყვებს,’ – სიტყვა უფლისა, – ‘რომ ვუგზავნიდი და ვუგზავნიდი მათ ჩემს მსახურთ, წინასწარმეტყველებს, მაგრამ თქვენ არ უსმინეთ მათ,’ – სიტყვა უფლისა. 20 და ისმინეთ თქვენ სიტყვა უფლისა, ყველა გადასახლებულო, ვინც კი გაგაგზავნეთ იერუსალიმიდან ბაბილონში. 21 ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა, ახაბზე, კოლაიას ძეზე და ციდკიაჰუზე, მაყასეიას ძეზე, რომლებიც ჩემი სახელით ტყუილს გიწინასწარმეტყველებდნენ: ‘აჰა, მე მივცემ მათ ბაბილონის მეფეს ნაბუქოდონოსორს ხელში და ის დახოცავს მათ თქვენს თვალწინ. 22 და აღებული იქნება მათგან წყევლა იუდას ყველა გადასახლებულისათვის, რომლებიც ბაბილონში არიან: უფალმა გაგხადოს შენ ციდკიაჰუსავით და ახაბივით, რომელნიც ცეცხლზე შეწვა ბაბილონის მეფემ. 23 იმის გამო, რომ საზიზღრობა ჩაიდინეს მათ ისრაელში და მრუშობდნენ ისინი თავიანთ მოყვასთა ცოლებთან და ტყუილს ამბობდნენ ჩემი სახელით, რომელიც მე არ მიბრძანებია. და მე ვარ მცოდნე და მოწმე!’ – სიტყვა უფლისა. 24 და შემაია ნეხელამელს უთხარი: 25 „ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘იმის გამო, რომ შენი სახელით უგზავნიდი წერილებს იერუსალიმის მთელ ერს და ცეფანია მაყასეიას ძეს, მღვდელს და ყველა მღვდელთ, რომ: 26 უფალმა დაგაყენა შენ მღვდლად იოეჰოიადაყის ნაცვლად, რომ გეზრუნა იმისათვის, რომ ყოფილიყვნენ უფლის ტაძარში ყოველი შეშლილი კაცისა და წინასწარმეტყველის ზედამხედველნი, და რომ გაგეკრა ის ბოძზე და ჩაგესვა საკანში. 27 და ახლა რატომ არ დატუქსავთ იერემია ყანათოთელს, რომელიც თქვენ გიწინასწარმეტყველებდათ? 28 იმიტომ, რომ ჩვენთანაც გამოგზავნა ბაბილონში სათქმელად: ხანგრძლივი იქნება დევნილობა; აიშენეთ სახლები და დასახლდით და გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფი.” 29 და წაიკითხა მღვდელმა ცეფანიამ ეს წერილი იერემია წინასწარმეტყველის გასაგონად; 30 და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ: 31 „გაგზავნე, უთხრან ყველა გადასახლებულს: ‘ასე თქვა უფალმა შემაყია ნეხელამელზე: იმის გამო, რომ შემაყიამ გიწინასწარმეტყველათ თქვენ, მე კი არ გამომიგზავნია იგი, და დაგაიმედათ ტყუილზე, 32 ამიტომ ასე თქვა უფალმა: ‘აჰა, მე დავსჯი შემაყია ნეხელამელს და მის თესლს. არავინ არ ეყოლება მას ამ ერს შორის მცხოვრები და ვერ იხილავს ის სიკეთეს, რომელსაც მე ვუყოფ ჩემს ერს,’ – სიტყვა უფლისა, – ‘რადგან განდგომას ლაპარაკობდა უფლის წინააღმდეგ!’”
თავი ოცდამერვე                                                                                                                          თავი ოცდამეათე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close