იერემია 23

ივლისი 10, 2015
ძველი აღთქმა
იერემია
231 „ვაი მწყემსებს, რომლებიც ღუპავენ და ფანტავენ ჩემი სამწყსოს ცხვარს!” – სიტყვა უფლისა. – 2 ამიტომ ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ჩემი ერის დამმწყესავ მწყემსებზე: „თქვენ დაჰფანტეთ ჩემი ცხვარი, გარიყეთ და ყური არ უგდეთ მათ! მე მოგკითხავთ თქვენ თქვენი ბოროტი ნამოქმედარის გამო,” – სიტყვა უფლისა. – 3 მე შევკრებ ჩემი ცხვრის ნატამალს ყველა ქვეყნებიდან, სადაც გავაძევე ისინი და დავაბრუნებ მათ თავიანთ საძოვარზე და ინაყოფიერებენ და გამრავლდებიან. 4 და დავაყენებ მათზე მწყემსებს, რომლებიც დამწყესავენ მათ. და აღარ შეშინდებიან მეტად და აღარ დაფრთხებიან, და აღარ დააკლდებათ მათ არაფერი.” – სიტყვა უფლისა. – 5 „აჰა, მოდის დღეები,” – სიტყვა უფლისა, – „და აღვუდგენ დავითს მართალ ყლორტს, და იმეფებს მეფე და მართლად მოიქცევა, და სამართალსა და სიმართლეს იქმს ქვეყანაზე. 6 მის დღეებში იუდა ხსნილი იქნება და ისრაელი უსაფრთხოდ დასახლდება, და აი სახელი, რომელსაც უწოდებენ მას: ‘უფალი – ჩვენი სიმართლე!’ 7 ამიტომ მოდის დღეები,” – სიტყვა უფლისა, – „და აღარ იტყვიან მეტად: ‘ცოცხალია უფალი, რომელმაც ამოიყვანა ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან!’ 8 არამედ: ‘ცოცხალია უფალი, რომელმაც გამოიყვანა და მოიყვანა ისრაელის სახლის თესლი ჩრდილო ქვეყნიდან და ყველა ქალაქიდან, სადაც გავაძევე ისინი, და იცხოვრებენ თავიანთ მიწაზე.” 9 წინასწარმეტყველთათვის: ჩემი გული შეიმუსრა ჩემში, შეიძრა ჩემი ყველა ძვალი, დავემსგავსე მთვრალს და ღვინით შეპყრობილ კაცს უფლის და მისი წმიდა სიტყვების გამო. 10 რადგან მრუშებითაა სავსე ქვეყანა, რადგან წყევლის გამო გლოვობს ქვეყანა, გახმა უდაბნოს საძოვრები. მათი მისწრაფება ბოროტია და მათი ძალა უსამართლობაშია. 11 „რადგან მლიქვნელობს წინასწარმეტყველიცა და მღვდელიც, ჩემს სახლშიც ვიპოვე მათი ბოროტება!” – სიტყვა უფლისა. – 12 „ამიტომ იქნება მათი გზა, როგორც მოლიპული ადგილები სიბნელეში, ხელს კრავენ მათ და დაეცემიან ისინი, რადგან მე მოვაწევ მათზე უბედურებას, მათი დასჯის წელს!” – სიტყვა უფლისა. – 13 „სამარიის წინასწარმეტყველებში სიბილწე დავინახე. ბაყალის სახელით წინასწარმეტყველებდნენ და აცთუნებდნენ ჩემს ერს, ისრაელს. 14 იერუსალიმის წინასწარმეტყველებში საშინელებანი დავინახე: მრუშობდნენ და სიცრუეში დადიოდნენ, და ბოროტმოქმედთ უმაგრებდნენ ხელს, რათა არც ერთი არ მოქცეულიყო თავის ბოროტებიდან. ყველანი სოდომივით გახდნენ, მისი მცხოვრებნი კი – გომორასავით.” 15 ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა წინასწარმეტყველებზე: „აჰა, მე ვაჭმევ მათ აბზინდას და ვასმევ მათ შხამიან წყალს, რადგან იერუსალიმის წინასწარმეტყველთაგან გამოდის ცთუნება მთელს ქვეყანაზე.” 16 ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „ნუ მოუსმენთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც თქვენ გიწინასწარმეტყველებენ; ისინი გატყუებენ თქვენ, თავიანთი გულის ხილვას ლაპარაკობენ, და არა იმას, რაც უფლის პირიდანაა. 17 ეუბნებიან ჩემს მაძაგებელთ, უფალმა თქვა: ‘მშვიდობა გექნებათ!’ და ყოველს, თავის გულის შეუპოვრობით მოსიარულეს, ეუბნებიან: ‘არ მოვა თქვენზე უბედურება!’ 18 რადგან ვინ იდგა უფლის თათბირში და ვინ მოისმინა მისი სიტყვა? ვინ დაუგდო ყური მის სიტყვას და ვინ მოისმინა? 19 აჰა, უფლის ქარიშხალი რისხვით გამოვიდა და ქარიშხალი ტრიალებს, ბოროტმოქმედთა თავზე დაეცემა. 20 არ შებრუნდება უფლის რისხვა, სანამ არ იქმს და არ შეასრულებს თავისი გულის ზრახვებს, უკანასკნელ დღეებში მიხვდებით მას. 21 მე არ გამომიგზავნია ეს წინასწარმეტყველნი თავად მორბოდნენ, მე არ მილაპარაკია მათთან, თავისით წინასწარმეტყველებდნენ. 22 რომ მდგარიყვნენ ჩემს თათბირში აუწყებდნენ ჩემს სიტყვებს ჩემს ხალხს, და მოაქცევდნენ მათ ბოროტი გზიდან და მათი ბოროტი ნამოქმედარიდან. 23 მხოლოდ ახლოდანა ვარ ღმერთი,” – სიტყვა უფლისა, – „შორიდან კი ღმერთი არა ვარ? 24 თუ ვინმე დაიმალება სამალავში, განა მე ვერ დავინახავ მას?” – სიტყვა უფლისა, – „განა ცა და ქვეყანა ჩემით არ არის სავსე?” – სიტყვა უფლისა. – 25 „მოვისმინე, რასაც ამბობენ წინასწარმეტყველნი, ჩემი სახელით ცრუ წინასწარმეტყველნი, რომ ამბობენ: ‘მე დამესიზმრა, მე დამესიზმრა!’ 26 როდემდე იქნება ეს წინასწარმეტყველთა გულში, სიცრუეს რომ წინასწარმეტყველებენ და თავიანთ გულის ნაფიქრს რომ ქადაგებენ, 27 რომელნიც ფიქრობენ დაავიწყონ ჩემს ხალხს ჩემი სახელი თავიანთი სიზმრებით, რომელსაც ისინი უყვებიან ერთი მეორეს, როგორც მათმა მამებმა დაივიწყეს ჩემი სახელი ბაყალის გამო? 28 წინასწარმეტყველმა, რომელმაც სიზმარი ნახა, მოუთხროს სიზმარი, ხოლო მან, ვისთანაც ჩემი სიტყვაა, თქვას ჩემი ჭეშმარიტი სიტყვა. სად ბზე, სად ხორბალი?” – სიტყვა უფლისა. – 29 „ჩემი სიტყვა ხომ ცეცხლივითაა,” – სიტყვა უფლისა, – „და ჩაქუჩივით ამტვრევს კლდეს! 30 ამიტომ აჰა, მე ვარ წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ,” – სიტყვა უფლისა, – „ჩემი სიტყვის ერთმანეთისაგან მპარავთა წინააღმდეგ. 31 აჰა, მე ვარ იმ წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ, რომელნიც თავიანთ ენას იყენებენ და ამბობენ: ‘მან თქვა!’ 32 აჰა, მე ვარ სიზმართ ამხსნელთა წინააღმდეგ,” – სიტყვა უფლისა, – „რომლებიც მოუთხრობენ და აცთუნებენ ჩემს ერს თავიანთი ტყუილებით და თავიანთი თავქარიანობით. მე კი არ გამომიგზავნია ისინი და მე არ მიბრძანებია მათთვის, და არავითარი სარგებელი არ მოაქვთ მათ ამ ერისათვის,” – სიტყვა უფლისა. – 33 „და თუ გკითხავს შენ ეს ერი, ან წინასწარმეტყველი, ან მღვდელი: ‘რა არის უფლის ტვირთი?’ მაშინ უთხარი მათ: ‘რა ტვირთი? მე მიგატოვებთ თქვენ.’ – სიტყვა უფლისა. – 34 „და წინასწარმეტყველი, მღვდელი ან ერი, ვინც იტყვის: ‘უფლის მისანი ვარ!’ დავსჯი მას და მის სახლს. 35 ასე უთხარით ერთიმეორეს, ძმამ ძმას: ‘რა უპასუხა უფალმა?’ და ‘რა თქვა უფალმა?’ 36 და უფლის ტვირთი აღარ ახსენოთ, რადგან ტვირთად ექნება კაცს თავისი სიტყვა, რადგან თქვენ დაამახინჯეთ ცოცხალი ღმერთის, უფალ ცაბაოთის, ჩვენი ღმერთის, სიტყვები. 37 ასე უთხარი წინასწარმეტყველს: ‘რა გიპასუხა შენ უფალმა?’ და ‘რა თქვა უფალმა?’ 38 და თუ იტყვით: ‘ტვირთი უფლისა,’ მაშინ ასე ამბობს უფალი, რადგან თქვენ თქვით ეს სიტყვა ‘ტვირთი უფლისა,’ მე კი გამოვგზავნე თქვენთან, რომ აღარ გეთქვათ: ‘ტვირთი უფლისა.’ 39 ამიტომ დაგივიწყებთ თქვენ; მოგაცილებთ ჩემი პირიდან და მიგატოვებთ თქვენ და თქვენს ქალაქს, რომელიც მე მოგეცით თქვენ და თქვენს მამებს. 40 და მოვაწევ თქვენზე სამუდამო სირცხვილს და სამუდამო შერცხვენას, რომელიც არ დაივიწყება.”
თავი ოცდამეორე                                                                                                                         თავი ოცდამეოთხე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close