ძველი აღთქმა
იერემია
221 ასე თქვა უფალმა: „ჩადი იუდას მეფის სახლში და ილაპარაკე იქ ეს სიტყვა, 2 და თქვი: ისმინე სიტყვა უფლისა, დავითის ტახტზე მჯდომო, იუდას მეფევ, შენ და შენმა მსახურებმა და ამ კარიბჭეებში შემომსვლელმა შენმა ერმა! 3 ასე თქვა უფალმა: ‘ქმენით სამართალი და სიმართლე, და დაიხსენით წართმეული მძარცველის ხელიდან, და მწირს და ობოლს და ქვრივს ნუ მოატყუებთ, ნუ გაძარცვავთ და უდანაშაულო სისხლს ნუ დაღვრით ამ ადგილზე. 4 რადგან, თუ შეასრულებთ ამ სიტყვას, მაშინ შემოვლენ ამ სახლის კარიბჭეებში მეფენი, დავითის ტახტზე მსხდომნი, ამხედრებულნი ეტლებზე და ცხენებზე, და მისი მსახურები და მისი ერი. 5 და თუ არ მოისმენთ ამ სიტყვებს, ჩემს თავს ვიფიცავ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘რომ ნანგრევებად იქცევა ეს სახლი.” 6 რადგან ასე თქვა უფალმა იუდას მეფის სახლზე: „შენ ჩემი ხარ ვით გილყადი, ლიბანის თხემი; მაგრამ უდაბნოდ, უკაცრიელ ქალაქებად გაქცევ შენ. 7 და მოვუხმობ შენზე შემმუსვრელთ, თითოეულს თავისი იარაღით, და მოჭრიან ისინი შენს რჩეულ კედრებს და ცეცხლში ჩაყრიან. 8 და მრავალი ხალხები გაივლიან ამ ქალაქზე და ეტყვიან ერთმანეთს: ‘რის გამო მოექცა უფალი ასე ამ დიდებულ ქალაქს?’ 9 და ეტყვიან პასუხად: ‘იმის გამო, რომ მიატოვეს უფლის, თავიანთი ღმერთის, აღთქმა და სხვა ღმერთებს სცემდნენ თაყვანს და მათ ემსახურებოდნენ.’ 10 ნუ იტირებთ მკვდარს და ნუ იგლოვებთ მას, იტირეთ წამსვლელი, რადგან აღარ დაბრუნდება, და აღარ იხილავს თავის მშობლიურ ქვეყანას. 11 რადგან ასე თქვა უფალმა შალუმზე, იუდას მეფის იოშიას ძეზე, რომელიც თავისი მამის, იოშიას ნაცვლად მეფობდა და რომელიც გავიდა ამ ადგილიდან: ‘აღარ დაბრუნდება იგი იქ! 12 რადგან იმ ადგილზე, სადაც დაასახლეს, იქ მოკვდება და ამ ქვეყანას ვეღარ იხილავს!’ 13 ვაი იმას, ვინც უსამართლობით აშენებს თავის სახლს და უკანონოდ – თავის ქორედებს! თავის მოყვასს მუქთად ამუშავებს და მის გასამრჯელოს არ აძლევს მას. 14 ვინც ამბობს: ‘ავიშენებ ფართო სახლს და ვრცელ ქორედებს, და გაჭრის თავისთვის სარკმელებს და კედრით შემოფიცრავს და სინგურით შეღებავს. 15 იმით მეფობ, რომ კედარს ეტოქები. განა მამაშენი არ ჭამდა და არ სვამდა? მაგრამ სამართალსა და სიმართლეს იქმოდა და ამიტომაც ჰქონდა სიკეთე. 16 ჩაგრულსა და ღარიბ-ღატაკს განიკითხავდა, ამიტომაც კარგი იყო, განა ეს არ არის ჩემი შეცნობა?” – სიტყვა უფლისა. –17 „რადგან შენი თვალი და შენი გული მხოლოდ შენს ანგარებაზეა მიპყრობილი, უდანაშაულო სისხლის დაღვრაზე ძარცვა-გლეჯაზე და ძალადობაზე.” 18 ამიტომ ასე თქვა უფალმა იეჰოიაკიმზე, იოშიას, იუდას მეფის ძეზე: „არ დაატირებენ მას: ‘ვაი, ჩემო ძმაო,’ ან ‘ვაი, ჩემო დაო!’ არ დაატირებენ მას: ‘ვაი, ბატონო!’ და ‘ვაი, მისი დიდებულება!’ 19 ვირის დამარხვით დაიმარხება, ამოათრევენ მას და მოისვრიან იერუსალიმის კარიბჭეთა მიღმა. 20 ადი ლიბანზე და იყვირე, და ბაშანზე გამოეცი შენი ხმა და ყაბარიმიდან იყვირე, რადგან დაილეწა ყველა შენი მოტრფიალე. 21 მე გელაპარაკებოდი შენს კეთილდღეობაში, მაგრამ შენ თქვი: ‘არ მოვისმენ!’ ეს არის შენი გზა შენი სიყმაწვილიდან, რომ არ უსმენდი ჩემს ხმას. 22 ყველა შენს მწყემსს ქარი დამწყესავს და შენი მოტრფიალენი ტყვედ წავლენ. მაშინ კი შერცხვები და შერცხვენილი იქნები ყველა ბოროტების გამო. 23 ლიბანში მჯდომო, კედრებში დაბუდებულო, რა საცოდავი იქნები, როდესაც გეწევა ტანჯვა, როგორც მშობიარის ტკივილები. 24 როგორც ცოცხალი ვარ,” – სიტყვა უფლისა, – „რომ შენ, ქონია იოაკიმის ძევ, იუდას მეფევ, ბეჭედიც რომ იყო ჩემი მარჯვენა ხელისა, იქიდანაც კი მოგიძრობ. 25 და მიგცემ შენი სულის მაძიებელთა ხელთ და მათ ხელთ, რომელთა წინაშეც თრთიხარ, და ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, ხელთ და ქალდეველთა ხელთ. 26 და გადაგყრით შენ და შენს დედას, რომელმაც შენ გშობა, სხვა ქვეყანაში, სადაც არ შობილხარ, მაგრამ იქ დაიხოცებით. 27 იმ ქვეყანაში, სადაც დაბრუნებას ისწრაფვის მათი სული, არ დაბრუნდებიან ისინი. 28 საზიზღარი დამსხვრეული ძეგლია ეს კაცი – ქონია – თუ უსარგებლო ჭურჭელი? რატომ არიან გადაყრილნი, ის და მისი თესლი და გადასროლილნი იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობდნენ? 29 ქვეყანავ, ქვეყანავ, ქვეყანავ, ისმინე სიტყვა უფლისა! 30 ასე თქვა უფალმა: ჩაწერეთ ეს კაცი უშვილოდ, ბედკრულ მამაკაცად თავის დღეებში, რადგან მისი თესლიდან ვერ აღზევდება დავითის ტახტზე მჯდომი და ხელმწიფე იუდაში.”