იერემია 16

ივლისი 10, 2015
ძველი აღთქმა
იერემია
161 და იყო სიტყვა უფლისა: 2 „ნუ მოიყვან ცოლს და ნუ გეყოლება ძენი და ასულნი; 3 რადგან ასე თქვა უფალმა აქ შობილ ძეებსა და ასულებზე და დედებზე, რომელნიც მათ შობენ, და მათ მამებზე ამ ქვეყანაში: 4 სნეულთა სიკვდილით მოკვდებიან და არ დაიტირებიან, და არ დაიმარხებიან, ნაკელად იქნებიან მიწის პირზე და მახვილითა და შიმშილით მოისპობიან, და მათი გვამები ცის ფრინველისა და მიწის ცხოველის საჭმელად იქნება.” 5 რადგან ასე თქვა უფალმა: „ნუ შეხვალ მგლოვიარეთა სახლში და ნუ წახვალ დასატირებლად, ნუ იტირებ მათ, რადგან ავკრიბე ჩემი მშვიდობა ამ ხალხისაგან,” – სიტყვა უფლისა, – „შეწყალება და სიბრალული. 6 და დაიხოცებიან დიდები და პატარები ამ ქვეყანაში და არ დაიმარხებიან, არ დაიტირებენ, არ ჩამოიხოკავენ და არ გაიკრეჭენ თმას მათთვის. 7 არ გადატეხავენ მათთვის პურს გლოვის გამო მკვდარზე ნუგეშის საცემლად, არ შეასმევენ მათ ნუგეშის საცემ თასს მამაზე და დედაზე. 8 ნადიმის სახლში ნუ მიხვალ მათთან დასაჯდომად, საჭმელად და სასმელად.” 9 რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „აჰა, მე შევწყვეტ თქვენს თვალწინ და თქვენს დღეებში ამ ადგილიდან ლხენის ხმას და სიმხიარულის ხმას, და ნეფის ხმას და პატარძლის ხმას. 10 როდესაც ეტყვი ამ ერს ყველა ამ სიტყვას და ისინი გკითხავენ შენ: ‘რისი გულისათვის თქვა უფალმა ჩვენზე ეს დიდი უბედურება, ან რა არის ჩვენი ურჯულოება და რა არის ჩვენი ცოდვა, რომლითაც შევცოდეთ უფალს, ჩვენს ღმერთს?’ 11 მაშინ უთხარი მათ: ‘იმის გულისათვის, რომ თქვენმა მამებმა მიმატოვეს მე!’ – სიტყვა უფლისა, – ‘და უკან გაჰყვნენ სხვა ღმერთებს და ემსახურებოდნენ მათ და თაყვანს სცემდნენ მათ, მე კი მიმატოვეს და ჩემი რჯული არ დაიცვეს. 12 თქვენ კი თქვენს მამებზე უარესად იქცევით და აჰა, თითოეული თავისი ბოროტი გულის შეუპოვრობას მიჰყვება, მე კი არ მისმენს. 13 და გადაგყრით თქვენ ამ ქვეყნიდან ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობდით არც თქვენ და არც თქვენი მამები; და სამსახურს დაუწყებთ იქ სხვა ღმერთებს დღე და ღამე, რადგან არ მოგცემთ შეწყალებას.’ 14 ამიტომ აჰა, დღეები მოდის,” – სიტყვა უფლისა, – „და აღარ იტყვიან: ‘ცოცხალია უფალი, რომელმაც გამოიყვანა ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან,’ 15 არამედ: ‘ცოცხალია უფალი, რომელმაც გამოიყვანა ისრაელის ძენი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქვეყნიდან, სადაც გააძევა ისინი!’ და მე დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მივეცი მათ მამებს. 16 და მე გავგზავნი ბევრ მეთევზეს,” – სიტყვა უფლისა, – „და ითევზავებენ ისინი, და ამის შემდეგ გავგზავნი მრავალ მონადირეს და მოინადირებენ ისინი ყოველი მთის თავზე, ყოველი ბორცვის თავზე და კლდეთა ნაპრალებიდან, 17 რადგან ჩემი თვალია ყველა მათ გზაზე, ვერ დაიმალებიან ჩემს წინაშე და არ დაიფარება მათი ურჯულოება ჩემს თვალთაგან. 18 და გადავუხდი მათ ჯერ მათი ურჯულოების გამო, რადგან შებილწეს ჩემი ქვეყანა, თავიანთ სისაძაგლეთა გვამებით და თავიანთი საზიზღრობებით გაავსეს ჩემი სამკვიდრებელი.” 19 „უფალო ჩემო და ძალავ ჩემო, დასაყრდენო ჩემო და ჩემო თავშესაფარო გაჭირვების დღეს! შენთან მოვლენ ხალხები ქვეყნის კიდეებიდან და იტყვიან: ‘მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრეს ჩვენმა მამებმა – ამაო ღმერთები, რომელთაგანაც არ არის სარგებელი. 20 გაიკეთებს ადამიანი თავისთვის ღმერთებს? ისინი არ არიან ღმერთები! 21 ამიტომ მე ვასწავლი მათ ამჯერად და გამოვუცხადებ მათ ჩემს ხელს და ჩემს ძლიერებას, და გაიგებენ ისინი, რომ ჩემი სახელი უფალია.”
თავი მეთხუთმეტე                                                                                                                     თავი მეჩვიდმეტე 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close