იერემია 14

ივლისი 10, 2015
ძველი აღთქმა
იერემია
141 სიტყვა უფლისა იერემიასადმი გვალვაზე: 2 „გლოვობს იუდა და მისი კარიბჭენი დაცარიელდა, დაბნელდა ქვეყანაზე და ამაღლდა იერუსალიმის კივილი. 3 და მათმა დიდებულებმა გაგზავნეს თავიანთი ჭაბუკები წყალზე; მივიდნენ ღრმულებთან, ვერ იპოვეს წყალი, დაბრუნდნენ ცარიელი ჭურჭლებით დარცხვენილნი და გაწბილებულნი, და თავები დაიბურეს. 4 რადგან მიწა დასკდა, წყალი რომ არ იყო ქვეყანაზე, შერცხვნენ მიწის მუშაკნი, თავები დაიბურეს. 5 რადგან ირემმაც ველზე შობა და იქ დატოვა, რადგან არ იყო ბალახი. 6 და კანჯარნიც იდგნენ ხრიოკ მაღლობებზე, ტურების მსგავსად ისუნთქავდნენ ჰაერს, დაებინდათ თვალები, რადგან არ იყო ბალახი. 7 თუ ჩვენი ურჯულოება იმოწმება ჩვენს წინააღმდეგ, იმოქმედე, უფალო, შენი სახელის გულისათვის! გამრავლდა ჩვენი განდგომა, შეგცოდეთ ჩვენ. 8 ისრაელის იმედო, მისო მხსნელო უბედურების ჟამს! რატომ ხარ მწირივით ამ ქვეყანაში და ღამის გასათევად მოსული სტუმარივით? 9 რატომ ხარ კაცივით გაოგნებული, მამრივით, რომელსაც არ შეუძლია ხსნა? შენ კი ჩვენს შორის ხარ, უფალო, და შენი სახელი ჩვენზეა წოდებული. ნუ მიგვატოვებ!” 10 და ასე უთხრა უფალმა ამ ერს: „რადგან მათ უყვარდათ ხეტიალი და ფეხებს ვერ აკავებდნენ, ამიტომ უფალს არ სურს ისინი. ახლა გაიხსენებს მათ ურჯულოებას და მოჰკითხავს მათ ცოდვებს.” 11 და მითხრა მე უფალმა: „ნუ ილოცებ ამ ერის სასიკეთოდ, 12 რადგან თუ იმარხულებენ, არ მოვუსმენ მე მათ ვედრებას, თუ აღმივლენენ სრულადდასაწველსა და ძღვენს, არ ვინდომებ მათ. მახვილით და შიმშილით და შავი ჭირით შევმუსრავ მათ.” 13 და ვთქვი მე: „ოი, უფალო ღმერთო! აჰა, წინასწარმეტყველნი ეუბნებიან მათ: ‘არ ნახავთ მახვილს და შიმშილი არ გექნებათ, რადგან ჭეშმარიტ მშვიდობას მოგცემთ ამ ადგილას.” 14 და მითხრა მე უფალმა: „ტყუილს წინასწარმეტყველებენ წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით, მე არ გამომიგზავნია ისინი და არც მიბრძანებია მათთვის, და არც მილაპარაკნია მათთან; ტყუილ ხილვას და მკითხაობას, ამაოს და თავიანთი გულის ზრახვებს გიწინასწარმეტყველებენ ისინი. 15 ამიტომ ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე: ‘ჩემი სახელით წინასწარმეტყველებენ, მე არ გამომიგზავნია ისინი. თუმცა ამბობენ: მახვილი და შიმშილი არ იქნება ამ ქვეყანაშიო, მახვილითა და შიმშილით მოისპობიან ის წინასწარმეტყველნი!’ 16 და ხალხი, რომელსაც ისინი უწინასწარმეტყველებენ, დაეყრება იერუსალიმის ქუჩებში შიმშილისა და მახვილისგან. და არავინ იქნება მათი ცოლების, მათ ძეთა და მათ ასულთა დამმარხველი. და გადმოვღვრი მათზე მათ ბოროტებას. 17 უთხარი მათ ეს სიტყვა: ‘მდიოდეს თვალზე ცრემლი ღამით და დღისით და არ შეწყდეს, რადგან დიდი დალეწვით დაილეწა ქალწული, ასული ჩემი ერისა, განუკურნებელი ჭრილობით. 18 გამოვდივარ ველზე და ვხედავ მახვილით დახოცილთ, და შევდივარ ქალაქში და ვხედავ შიმშილით დასნეულებულთ, რადგან წინასწარმეტყველიც და მღვდელიც დაეხეტებიან ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობენ.” 19 მოძულებით მოიძულე იუდა, თუ სიონი შეზიზღდა შენს სულს? ისე რატომ გვცემე, რომ არა გვაქვს კურნება? ვთესავდით მშვიდობას და არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს და – საშინელებაა. 20 ვიცით, უფალო, ჩვენი ბოროტმოქმედება, ურჯულოება ჩვენი მამებისა, რადგან შეგცოდეთ შენ. 21 ნუ უარგვყოფ შენი სახელის გულისათვის, ნუ შეარცხვენ ტახტს შენი დიდებისა, გაიხსენე და ნუ დაარღვევ შენს აღთქმას ჩვენთან. 22 განა არის ხალხების კერპთა შორის მაწვიმებელი? ან ცას თუ მოაქვს თავისით თავსხმა? ეს შენ არა ხარ, უფალო, ჩვენო ღმერთო? შენ გესავთ, რადგან შენ მოიმოქმედე ეს ყოველივე.
თავი მეცამეტე                                                                                                                             თავი მეთხუთმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close