ძველი აღთქმა
გამოსვლა
34 1 და უთხრა უფალმა მოსეს: „გამოთალე შენთვის პირველთა მსგავსი ორი ქვის დაფა და მე დავწერ ამ დაფებზე სიტყვებს, რომელნიც იყო პირველ დაფებზე, შენ რომ დაამსხვრიე. 2 და იყავი მზად განთიადისას და ამოდი დილას სინაის მთაზე, და დადექი ჩემთან იქ, მთის წვერზე. 3 ნურავინ ამოგყვება და ნურც ნურავინ გამოჩნდება მთელ მთაზე, ნურც წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი ნუ მოძოვს ამ მთის პირას”. 4 და გამოთალა მოსემ ორი ქვის დაფა, იმ პირველთა მსგავსი, და ადგა დილაადრიანად მოსე, და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უფალმა უბრძანა მას. და ეჭირა ხელში ორი დაფა. 5 და ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და დადგა [მოსე] მასთან იქ, და წარმოთქვა სახელი უფლისა. 6 და გაიარა უფალმა მის წინაშე და წარმოთქვა: „უფალი, უფალი, ღმერთი შემბრალე და მოწყალე, სულგრძელი და დიდად მოწყალე, და ჭეშმარიტი, 7 ინახავს წყალობას ათასეულებისათვის, შეუნდობს ბრალს და დანაშაულს, და ცოდვას. დამნაშავეს არ გაუშვებს დაუსჯელად. მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილთაშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე.” 8 და ისწრაფა მოსემ და მოიდრიკა მიწამდე და თაყვანი სცა უფალს. 9 და თქვა: „თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მეუფეო, აბა წამოვიდეს მეუფე ჩვენთან ერთად, რადგან ეს ხალხი ქედფიცხელია. გვაპატიე ჩვენი ბრალი და ჩვენი ცოდვები, და გვაქციე შენს სამკვიდრებლად”. 10 და თქვა: „აჰა, მე ვდებ აღთქმას მთელი შენი ხალხის წინაშე მოვახდენ სასწაულებს, რომელნიც არ მომხდარა მთელ დედამიწაზე არც ერთ ერში. და იხილოს ყოველმა ხალხმა, რომელთა შორისაც შენ ხარ, უფლის საქმე, რადგან საშინელია, რასაც მე შენთვის გავაკეთებ. 11 დაიცავი, რასაც გიბრძანებ დღეს: აჰა, მე გავრეკავ შენი პირისაგან ამორეველებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსეველებს. 12 გაფრთხილდი, არ დაუდო კავშირი იმ ქვეყნის მცხოვრებთ, რომელშიც შეხვალ, რათა არ გექცეს მახედ შენს შორის. 13 მათი სამსხვერპლოები დაანგრიეთ და მათი სვეტები დალეწეთ, და მათი აშერები აჩეხეთ. 14 რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, გარდა უფლისა, რადგან შურისმგებელია მისი სახელი, შურისმგებელი ღმერთია იგი. 15 არ დაუდო კავშირი იმ ქვეყნის მცხოვრებთ, თორემ როცა იმეძავებენ თავიანთი ღმერთების კვალდაკვალ და შესწირავენ მსხვერპლთ თავიანთ ღმერთებს, შენც მიგიწვევენ და შეჭამ მათ მსხვერპლს, 16 და ნუ მოიყვან მათ ასულთაგან ცოლებს შენს ძეთათვის, რათა როდესაც იმეძავებენ მათი ასულნი თავიანთი ღმერთების კვალდაკვალ, შენმა ძეებმაც არ იმეძაონ მათი ღმერთების კვალდაკვალ. 17 ჩამოსხმულ ღმერთებს ნუ გაიკეთებ. 18 დღესასწაული უფუარობისა დაიცავი: შვიდი დღე ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე, დათქმულ დროს აბიბის თვეში, რადგან აბიბის თვეში გამოხვედი ეგვიპტიდან. 19 საშოს ყოველი პირველგამპობი [ძე] ჩემია და ასევე ყოველი მამალი შენი ჯოგიდან, პირველმოგებული მოზვერიც და კრავიც. 20 პირველმოგებული სახედარი გამოისყიდე კრავით და, თუ არ გამოისყიდი, გადაუმტვრიე კისერი. ყოველი პირმშო შენს ძეთაგან გამოისყიდე. და ნუ გამოჩნდებით ჩემს წინაშე ხელცარიელნი. 21 ექვსი დღე იმუშავე და მეშვიდე დღეს დაისვენე. ხვნისა და მკის ჟამსაც დაისვენე. 22 შვიდეულის დღესასწაული აღასრულე; იზეიმე პირველმოწეული ხორბლისა და რთვლის დღესასწაული წლის დამლევს. 23 წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამაკაცი მეუფის, უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე, 24 რადგან გავრეკავ ერებს შენი პირისაგან და განვავრცობ შენს საზღვარს, და არავინ ისურვებს შენს ქვეყანას, თუ გამოცხადდები უფლის, შენი ღმერთის წინაშე წელიწადში სამჯერ. 25 გაფუებულზე ნუ დაღვრი ჩემი მსხვერპლის სისხლს და ნუ დატოვებ დილამდე საპასექო დღესასწაულის მსხვერპლს. 26 პირველმოწეული ნაყოფი შენი მიწისა მიიტანე უფლის, შენი ღმერთის, სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თვისი დედის რძეში.” 27 და უთხრა უფალმა მოსეს: „დაიწერე ეს სიტყვები, რადგან ამ სიტყვებით დაგიდევი აღთქმა შენცა და ისრაელსაც.” 28 და იყო იქ უფალთან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია. და დაწერა ქვის დაფებზე აღთქმის სიტყვები, ათი სიტყვა. 29 და ორივე დაფა მოწმობისა ხელთ ეპყრა მოსეს ჩამოსვლისას სინაის მთიდან. და არ იცოდა მან, რომ ასხივებდა მისი სახე მასთან ლაპარაკის გამო. 30 და იხილეს აარონმა და ყველა ისრაელის ძემ მოსე და ასხივებდა მისი სახე, და შეეშინდათ მასთან მისვლისა. 31 და მოუხმო მათ მოსემ და დაბრუნდნენ მასთან აარონი და ყველა მთავარი თემისა, და ელაპარაკა მათ მოსე. 32 და შემდეგ მიეახლა ყველა ისრაელის ძე და ამცნო მათ ყველაფერი, რასაც ელაპარაკა უფალი მას სინაის მთაზე. 33 როცა დაასრულა მოსემ მათთან ლაპარაკი, დაიდო სახეზე რიდე. 34 როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე მასთან სალაპარაკოდ, ჩამოიხსნიდა ხოლმე რიდეს გამოსვლამდე. და გამოვიდოდა და ამცნობდა ისრაელიანებს, რაც ნაბრძანები ჰქონდა. 35 და ხედავდნენ ისრელიანები, რომ ასხივებდა მოსეს სახე, და კვლავ იდებდა მოსე რიდეს თავის სახეზე, ვიდრე მივიდოდა მასთან სალაპარაკოდ.