ძველი აღთქმა
გამოსვლა
31 1 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „აჰა, მე მოვუხმე სახელით ბეცალელს, ძეს ხურისა, ძისა ურისა, იუდას ტომიდან. 3 და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნითა და ყოველგვარი ხელოვნებით, 4 ოსტატობით რომ შეძლოს ოქროზე, ვერცხლსა და სპილენძზე მუშაობა. 5 მოსაოჭველი ქვების გათლა და ხეზე კვეთა, რათა შეასრულოს ყოველგვარი ხელოვნება. 6 და აჰა, მე მივეცი მას აჰოლიაბი, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, და ყოველი ბრძენის გულს მივეცი მე სიბრძნე. და მათ გააკეთონ ყოველი, რაც მე გიბრძანე შენ: 7 საკრებულო კარავი და კიდობანი მოწმობისა და თავსარქველი, რომელიც მასზეა, და ყოველი ჭურჭელი კარვისა. 8 და ტაბლა, და მისი ჭურჭელნი და წმიდა სასანთლე მთელი მისი ხელსაწყოებით, და სამსხვერპლო საკმევლისა. 9 და სამსხვერპლო სრულადდასაწველისა მთელი მისი ხელსაწყოებით, და საბანელი და მისი კვარცხლბეკი. 10 და სამსახურებელი შესამოსელნი, და წმიდა სამოსელნი აარონ მღვდლის და მის ძეთა შესამოსელნი მღვდლობის გასაწევად. 11 და ზეთი და საკმეველი კეთილსურნელებათაგან წმიდისათვის. როგორც მე გიბრძანე, ყველაფერი ისე გააკეთონ.” 12 და უთხრა უფალმა მოსეს: 13 „უთხარი ისრაელის ძეთ ასე: ‘ჩემი შაბათები დაიცავით კარგად, იგი ნიშანია ჩემსა და თქვენს შორის თქვენს თაობებში, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი განმწმედელი. 14 და დაიცავით შაბათი, რადგან წმიდაა ის თქვენთვის: მისი შემბილწველი სიკვდილით მოკვდეს, რადგან ყველა, ვინც გააკეთებს ამ დღეს საქმეს, მოიკვეთება ის სული თვისი ერის წიაღიდან. 15 ექვსი დღე აკეთონ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე, შაბათი, დასვენებაა უფლისა, წმიდაა უფლისათვის. ყოველი, ვინც საქმეს გააკეთებს შაბათს, სიკვდილით მოკვდეს. 16 და დაიცვან ისრაელის ძეთ შაბათი, რათა იზეიმონ შაბათი მათ თაობებში საუკუნო აღთქმად. 17 და ჩემს შორის და ისრაელის ძეთა შორის ნიშანია იგი საუკუნოდ, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, და მეშვიდე დღეს იუქმა და დაისვენა.’” 18 და მისცა მან მოსეს, რაჟამს დაასრულა ლაპარაკი მასთან სინაის მთაზე, ორი დაფა მოწმობისა, ქვის დაფები, დაწერილი ღვთის თითით.