გამოსვლა
111 და უთხრა უფალმა მოსეს: „კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტელებს. ამის მერე გაგიშვებთ აქედან. როდესაც გაგიშვებთ იგი, სულ გაგყრით აქედან. 2 დაარიგე ხალხი, რომ ითხოვოს ყოველმა კაცმა თავისი მეზობელი კაცისაგან და ყოველმა ქალმა თავისი მეზობელი ქალისაგან ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი.” 3 წყალობა მისცა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში და მოსეც დიდი კაცი გახდა ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონის მსახურთა თვალში და ხალხის თვალში. 4 და თქვა მოსემ: „ასე ამბობს უფალი: ‘შუაღამისას მე გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში. 5 და მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში – ფარაონის პირმშოდან, ტახტზე რომ ზის, მხევლის პირმშომდე, ხელსაფქვავს რომ უზის, და ყოველი პირუტყვის პირველმოგებული. 6 და იქნება ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე დიდი გოდება, რომლის მსგავსი არც ყოფილა და არც აღარასდროს იქნება. 7 ისრაელის ძეთა შორის კი ძაღლი არ შეუყეფს კაციდან პირუტყვამდე, რათა იცოდეთ, რა ზღვარს დებს უფალი ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის. 8 და ჩამოვა ჩემთან ყველა ეგ შენი მსახური და თაყვანს მცემს და იტყვის: ‘გადით, შენ და მთელი ხალხი, რომელიც შენს ფერხთითაა! ‘და შემდგომ ამისა გავალ.” და გამოვიდა მოსე ფარაონისგან, განრისხებული. 9 და უთხრა უფალმა მოსეს: „არ მოგისმენთ თქვენ ფარაონი, რათა გავამრავლო ჩემი სასწაულები ეგვიპტის ქვეყანაში.” 10 მოსემ და აარონმა მოახდინეს ყველა ეს სასწაული ფარაონის წინაშე. და გაამძვინვარა უფალმა გული ფარაონისა და არ გაუშვა ისრაელის ძენი თავისი ქვეყნიდან.