ფსალმუნები
931 უფალო, ღმერთო შურისძიებისა, ღმერთო შურისძიებისა, გამოჩნდი! 2 ამაღლდი, მსაჯულო ქვეყნიერებისა, მიუზღე საზღაური ამპარტავნებს. 3 ვიდრემდე, უფალო, ბოროტნი, ვიდრემდე უნდა ილხენდნენ ბოროტნი? 4 აღმითქვამენ და ამბობენ სიცრუეს, ამაყად ყვებიან სიმრუდის მოქმედნი. 5 შენს ერს, უფალო, ჩაგრავენ და შენს სამემკვიდროს ტანჯავენ. 6 ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ჟლეტენ. 7 ამბობენ: „ვერ იხილავს უფალი, და ვერ გაიგებს ღმერთი იაკობისა.” 8 გონს მოდით, უგუნურნო ერისანო! უმეცარნო, როდის დაჭკვიანდებით? 9 დამნერგავი ყურისა განა ვერ მოისმენს? თვალის შემქმნელი განა ვერ დაინახავს? 10 ხალხთა განმრიგე განა ვერ ამხილებს – ის, ვინც ასწავლის ადამიანს ჭკუას? 11 უფალმა იცის ზრახვანი კაცისა, რადგან ამაონი არიან ისინი. 12 ნეტარია კაცი, რომელსაც დასჯი, უფალო, და შენს რჯულს ასწავლი. 13 რათა დაასვენო ავი დღეებისაგან, ვიდრე ბოროტს ორმო გაეთხრებოდეს. 14 რადგან არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდრეოს არ მიატოვებს; 15 რადგან სიმართლესთან დაბრუნდება სამართალი, და მას მიჰყვება ყველა გულწრფელი. 16 ვინ აღუდგება ჩემს გამო ბოროტებას? მხარში ვინ ამომიდგება სიმრუდის მოქმედთა წინააღმდეგ? 17 უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემი შემწე, ცოტაც და, დასახლდებოდა ჩემი სული ჯოჯოხეთში. 18 თუ ვთქვი: „მომიცურდა ფეხი,” შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს. 19 როცა ზრუნვით ამევსება გული, შენი ნუგეში მიამებს სულს. 20 ნუთუ გაგიტოლდება ტახტი უკუღმართთა, უსამართლობას რომ სჩადიან შენი რჯულის საწინააღმდეგოდ? 21 გაილაშქრებენ მართლის სულზე, და წმიდა სისხლს ბრალში გახვევენ. 22 მაგრამ უფალი გახდა ჩემი მტკიცე სიმაგრე, ჩემი თავშესაფრის კლდე. 23 მათვე მიაგებს თავიანთ უსამართლობას და თავიანთ სიავით მოსპობს მათ, მოსპობს მათ უფალი, ღმერთი ჩვენი.