ფსალმუნები 68

By
ივლისი 8, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები 

681 გუნდის ლოტბარს. „შოშანიმის” ხმაზე. დავითისა. მიხსენი, ღმერთო, რადგან ყელამდე მომადგა წყალი. 2 ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი; შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო. 3 მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში. 4 უმიზეზოდ მოძულე უფრო მეტი მყავს, ვიდრე თმა მაქვს თავზე. გაძლიერდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი, ჩემზე ტყუილ-უბრალოდ გადამტერებულნი; რაც არ წამირთმევია, ის უნდა დავუბრუნო. 5 ღმერთო, შენ უწყი ჩემი უვიცობა და ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან. 6 ნუ შერცხვებიან ჩემს გამო შენი მოიმედენი, ღმერთო, უფალო ძალთაო; ნუ გაწბილდებიან ჩემს გამო, ვინც შენ გეძებს, ღმერთო ისრაელისა. 7 რადგანაც შენი გულისათვის მივიღე ლანძღვა, სირცხვილმა დაფარა ჩემი სახე. 8 შორეული გავხდი ჩემი ძმებისათვის და უცხო – დედაჩემის შვილთათვის. 9 რადგან შენი სახლის შურმა დამღრღნა მე და შენთა მლანძღველთა ლანძღვა დამატყდა თავს. 10 და ვტირი ჩემი სულის მარხვით, და მათი სალანძღავი გავხდი; 11 და ჩავიცვი სამოსად ძაძა და იგავად ვიქეცი მათთვის. 12 ჩემზე ლაპარაკობენ კარიბჭესთან მსხდომნი, და მღერიან ღვინის მსმელნი. 13 და მე ვლოცულობ შენს მიმართ, უფალო, სასურველ დროს; ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე შენი შველის ჭეშმარიტებით. 14 მიხსენი ლავისგან, რომ არ დავინთქა; გადამარჩინე ჩემთა მოძულეთა და წყლის სიღრმეთაგან. 15 ნუ გამიტაცებს წყლის ტალღა, და ნუ ჩამყლაპავს მორევი, და ნუ შეიკრავს ჩემზე პირს ჭა. 16 მიპასუხე, უფალო, რადგან კარგია შენი წყალობა; შენი დიდი სიბრალულით გადმომხედე. 17 ნუ დაფარავ სახეს შენი მორჩილისგან, რადგან მიჭირს; სწრაფად მიპასუხე. 18 მოუახლოვდი ჩემს სულს, გადამარჩინე; ჩემი მტრების ჯიბრით მიხსენი. 19 შენ იცი, ჩემი გალანძღვა, ჩემი გაწბილება და ჩემი შერცხვენა; შენს თვალწინ არიან ჩემი მტრები. 20 დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული და ქანცი გამიწყდა; ველოდი თანამგრძნობლებს და არავინ იყო, მანუგეშებელს და ვერ ვპოვე. 21 და აურიეს ჩემს საჭმელში ნაღველი, და წყურვილის დროს მასვეს ძმარი. 22 იყოს მათი ტაბლა მათთვის ხაფანგად და სიმშვიდის ჟამს – მახედ. 23 დაბნელდეს თვალნი მათნი და წელი მათი სამუდამოდ მოადუნე. 24 გადმოაფრქვიე მათზე შენი მრისხანება, და შენი რისხვის ალი ეწიოთ მათ. 25 სამკვიდრებელი მათი გაპარტახდეს, მათ კარვებში არ იყოს მკვიდრი! 26 ვინაიდან, ვინც შენ გვემე, დევნიან, და შენგან დაჭრილთა სატკივარს ამრავლებენ. 27 დაურთე ცოდვა მათს ცოდვას და ნუმც შეაღწევენ შენს სიმართლეში. 28 ამოიშალონ ცოცხალთა წიგნიდან და მართლებთან ნუ ჩაიწერებიან. 29 ხოლო მე ღარიბი და დავრდომილი ვარ. შენმა შველამ, ღმერთო, დამიფაროს მე. 30 ვაქებ ღმერთის სახელს გალობით, განვადიდებ მადლიერებით. 31 და უფრო მოეწონება უფალს, ვიდრე ხარი, მოზვერი რქიანი და ჩლიქიანი. 32 ნახავენ მოკრძალებულნი, გაიხარებენ, და გაცოცხლდება გული თქვენი, მაძიებელნო ღმრთისა. 33 რადგან მოუსმენს ღატაკებს უფალი და თავის ტყვეებს არ უგულებელყოფს. 34 განადიდებენ მას ცა და დედამიწა, ზღვები და ყოველი მათში მოძრავი. 35 რადგანაც ღმერთი დაიხსნის სიონს და ააშენებს იუდას ქალაქებს, და დასახლდებიან იქ და დაიმკვიდრებენ. 36 მის მორჩილთა შთამომავლობა დაეუფლება მას, და მისი სახელის მოყვარულნი დაბინავდებიან მასში.

ფსალმუნი 67                                                                                                                                              ფსალმუნი 69

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close