ფსალმუნები 39

By
ივნისი 23, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

391 გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. მტკიცედ ვესავდი უფალს ყური მომაპყრო და მოისმინა ჩემი ვედრება, 2 და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა კლდეზე ფერხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები, 3 და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა – განსადიდებლად ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეეშინდება უფლისა, და მიენდობა მას. 4 ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს, და არ მიმართავს კადნიერთ და სიცრუის მოტრფიალეთ. 5 უფალო, ღმერთო ჩემო, დიდია სასწაულნი, შენ რომ მოიმოქმედე, და ჩანაფიქრები ჩვენს მიმართ; ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ მათზე; – მაგრამ ძნელია სათქმელად. 6 მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე; ყურები გამიმახვილე; სრულადდასაწველი და ცოდვის მსხვერპლი არ მოგითხოვია; 7 მაშინ ვთქვი: „აი, მოვედი; წიგნის გრაგნილში სწერია ჩემთვის. 8 შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.” 9 შენს სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს, აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი. 10 შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში; შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე ვლაპარაკობდი; შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის. 11 შენ, უფალო, არ დამილიო შენი თანაგრძნობა; შენი წყალობა და შენი ჭეშმარიტება მუდამ მიცავენ მე. 12 რადგან გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა. 13 ისურვე, უფალო, ჩემი დახსნა; უფალო, ჩემს დასახმარებლად გამოეშურე. 14 დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებენ, უკუიქცნენ და წახდნენ ჩემი ავის მდომნი; 15 დაე, შეძრწოლდნენ სირცხვილისაგან, ვინც მეუბნებოდა: „ოჰო, ოჰო!” 16 გაიხაროს და გამხიარულდეს ყველა, ვინც შენ გეძებს; შენი შველის მოყვარულებმა მუდამ თქვან: „დიდია უფალი!” 17 ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; უფალი იფიქრებს ჩემზე. – ჩემი დამხმარე და მხსნელი შენა ხარ, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ.

ფსალმუნი 38                                                                                                                                         ფსალმუნი 40

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close