ფსალმუნები 21

ძველი აღთქმა
ფსალმუნები
211 გუნდის ლოტბარს. „ცისკრის აღმობრწყინებისას”. ფსალმუნი დავითისა. ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? მე შემოგღაღადებ, მაგრამ შორს არის ჩემი შველა. 2 ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მპასუხობ, ღამით – და არ არის სიმშვიდე ჩემთვის. 3 შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის. 4 შენით იმედვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც. 5 შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და არ გაწბილდნენ. 6 მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა. 7 ყველა, ვინც მხედავს, მე დამცინის; მქირდავენ და თავს აქნევენ: 8 „უფალს მიენდო? მაშ მანვე იხსნას, მანვე უშველოს თავის სასურველს.” 9 რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე. 10 შენით ვიმედოვნებდი დედის მუცლიდან; დედის წიაღიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი. 11 ნუ განმშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის. 12 ირგვლივ მომადგნენ მე ძლიერი მოზვრები, ბაშანის ხარებმა რკალი შემომარტყეს. 13 პირი დააღეს ჩემს წინააღმდეგ, ვითარცა ლომმა, მსხვერპლს დადევნებულმა და მბრდღვინავმა. 14 ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში. 15 გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა, და ჩამიყვანე სიკვდილის მიწა-მტვრამდე. 16 რადგან გარს შემომეხვივნენ მე ძაღლები; ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა, გამიხვრიტეს ხელნი და ფერხნი. 17 მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით. 18 ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე. 19 და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე. 20 გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლთაგან ჩემი სიცოცხლე. 21 მიხსენი ლომის ხახისაგან და მარტორქის რქისაგან! 22 ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ. 23 უფლის მოშიშნო, ადიდეთ იგი; პატივი სცეს იაკობის მთელმა მოდგმამ და გეშინოდეთ მის წინაშე, ისრაელის მთელო მოდგმავ! 24 რადგან არ დაამცირა მან და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, და არ მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა. 25 მინდა შეგასხა ხოტბა მრავალ კრებულში, მისთა მოშიშთა წინაშე გადავიხდი აღთქმულს. 26 ჭამონ ღატაკთ და გაძღნენ, ადიდონ უფალი მისმა მაძიებლებმა; სამარადჟამოდ იცოცხლონ თქვენმა გულებმა. 27 გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა. 28 რამეთუ უფალს შვენის მეფობა და ის არის ხალხთა მბრძანებელი. 29 ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული, მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თავისი სულის გადარჩენა. 30 შთამომავლობა ემსახუროს მას; მოუთხრობს თაობებს უფლის შესახებ. 31 მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, ახალშობილს, რაც მოიმოქმედა უფალმა.
ფსალმუნი 20                                                                                                ფსალმუნი 22

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close