ფსალმუნები 139

By
ივლისი 22, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები
1391 გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. მიხსენი, უფალო, ბოროტი ადამიანისაგან, მოძალადე კაცისაგან დამიფარე! 2 რადგან ისინი ბოროტებას ფიქრობენ გულში და ყოველდღე ემზადებიან საომრად. 3 მოილესეს ენები, ვითარცა გველმა, ასპიტის შხამია მათ ბაგეებს ქვეშ. 4 დამიცავი, უფალო, ბოროტთა ხელიდან, მოძალადე კაცთაგან დამიფარე, რომელთაც განიზრახეს ჩემი ნაბიჯების დაბრკოლება! 5 გამიმზადეს ამპარტავნებმა მახე და საბელი, ბადე განართხეს გზაზე, ხაფანგი დამიგეს. 6 ვუთხარი უფალს: „ჩემი ღმერთი ხარ შენ;” ისმინე, უფალო, ხმა ჩემი ვედრებისა! 7 უფალო, ღმერთო ჩემო, ძალო ჩემი ხსნისა! ფარი ხარ ჩემი თავისა ბრძოლის დღეს! 8 ნუ აღასრულებ, უფალო, ბოროტის გულისწადილს, მის ბოროტ ზრახვას ნუ მისცემ გზას, თორემ აღზევდება. 9 თავნი ჩემთა გარემომცველთა დაფაროს მათთა ბაგეთა ბოროტებამ; 10 ნაკვერჩხალი დაეფრქვეთ ზემოდან, ცეცხლში ჩაიტანოს ისინი, ღრმა ორმოში, რომ ვეღარ წამოდგნენ. 11 ავსიტყვა კაცი ნუ გაძლებს ქვეყანაზე, მოძალადე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად. 12 ვიცი, რომ იქმს უფალი განკითხვას გლახაკისა და სამართალს უპოვართა. 13 ხოლო მართალნი განადიდებენ შენს სახელს, და წრფელნი დაიმკვიდრებენ წინაშე შენსა.

ფსალმუნი 138                                                                                                                                    ფსალმუნი 140

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close