ძველი აღთქმა
ეზრა
11 სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის პირველ წელს, რათა აღსრულებულიყო იერემიას პირით თქმული უფლის სიტყვა, აღძრა უფალმა სული კიროსისა, სპარსეთის მეფისა, და მან გამოაცხადა მთელ თავის სამეფოში, და წერილობითაც განაცხადა და თქვა: 2 „ასე ბრძანებს კიროსი, სპარსეთის მეფე: ‘დედამიწის მთელი სამეფონი მომცა მე უფალმა, ცათა ღმერთმა, და მიბრძანა ავუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის. 3 ვინ არის თქვენს შორის მისი ხალხიდან, ღმერთი იყოს მასთან, და ავიდეს იერუსალიმს, იუდაში რომ არის, და ააშენოს უფლის, ისრაელის ღმერთის, სახლი. ეს არის ღმერთი, რომელიც იერუსალიმშია! 4 და ყველა დანარჩენს: ყველგან, სადაც ის ცხოვრობს, ხელი გაუმართონ იმ ადგილის კაცებმა ვერცხლით, ოქროთი და საქონლით, ნებაყოფლობით ძღვენთან ერთად, უფლის სახლისთვის, რომელიც იერუსალიმშია!’” 5 და ადგნენ იუდასა და ბენიამინის მამის სახლთა თავკაცები, მღვდლები და ლევიანები, ყველანი, ვისაც კი სული აღუძრა ღმერთმა, რათა ამოსულიყვნენ იერუსალიმში უფლის სახლის ასაშენებლად. 6 და ყველამ, ვინც მათ გარშემო იყო, ხელი გაუმართა მათ ვერცხლის ჭურჭლით, ოქროთი და საქონლით და ძვირფასეულობით, გარდა ყველაფერ იმისა, რაც ნებაყოფლობით შესწირეს. 7 ხოლო მეფე კიროსმა გამოიტანა უფლის სახლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა წამოიღო იერუსალიმიდან და დააწყო თავისი ღმერთების სახლში, – 8 და გამოიტანა იგი კიროსმა, სპარსეთის მეფემ, მითრიდატე მეგანძურის ხელით, და თვლით ჩააბარა შეშბაცარს, იუდას მთავარს. 9 და აი მათი რაოდენობა: ოქროს ლანგარი – ოცდაათი, ვერცხლის ლანგარი – ათასი, ოცდაცხრა დანა, 10 ოქროს ბარძიმი – ოცდაათი, ვერცხლის ორმაგი ბარძიმი – ოთხას ათი, და სხვა ჭურჭელი – ათასი. 11 ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი სულ იყო ხუთი ათას ოთხასი. ეს ყოველივე ამოიტანა შეშბაცარმა, როცა გადასახლებულები ბაბილონონიდან იერუსალიმში დააბრუნეს.