ეზეკიელი
361 „და შენ, ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მთებზე და თქვი: ‘მთანო ისრაელისა, ისმინეთ უფლის სიტყვა. 2 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: იმის გამო, რომ მტერმა თქვა თქვენს წინააღმდეგ: „აჰა”, და ‘მარადიული მაღლობები ჩვენი გახდნენ,’” 3 ამიტომ იწინასწარმეტყველე და თქვი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: იმიტომ აგაოხრეს და ისწრაფვიან თქვენს გადაყლაპვას ყოველი მხრიდან, რათა გახდეთ მემკვიდრეობა ხალხის ნატამალისა და მიეცეთ სალაპარაკოდ და საჭორაოდ.’ 4 ამიტომ, ისრაელის მთებო, ისმინეთ სიტყვა უფალი ღმერთისა: ‘ასე უთხრა უფალმა ღმერთმა მთებსა და ბორცვებს, კალაპოტებსა და ხეობებს, აოხრებულ ნანგრევებსა და მიტოვებულ ქალაქებს, რომელნიც იყვნენ ნადავლად და დასაცინად იმ ხალხთა ნატამალისა, რომელნიც ირგვლივ არიან.’ 5 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ხომ ჩემი რისხვის ცეცხლში ვამბობდი ამ ხალხების ნატამალზე და მთელ ედომზე, რომელთაც მიითვისეს ჩემი ქვეყანა მემკვიდრეობად მთელი გულის სიხარულით, სულის ზიზღით, რათა მისი სანახები გაძარცულიყო.’ 6 ამიტომ იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწაზე და უთხარი მთებსა და ბორცვებს, კალაპოტებსა და ხეობებს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, ჩემი შურით და რისხვით ვამბობდი, რადგან ხალხთაგან შეურაცხყოფას ითმენდით!’ 7 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘მე ავწიე ჩემი ხელი, რომ ხალხები, რომელნიც თქვენს ირგვლივ არიან, ითმენენ თავიანთ შეურაცხყოფას. 8 თქვენ კი, მთანო ისრაელისა, გაშლით თქვენს ტოტებს და თქვენს ნაყოფს მოუტანთ ჩემს ერს, ისრაელს, რადგან მალე მოვლენ. 9 რადგან, აჰა, მე თქვენსკენ ვარ და მოგმართავთ თქვენ, და დამუშავდებით და დაითესებით. 10 და გავამრავლებ თქვენზე ადამიანს, მთელ ისრაელის სახლს, მთლიანად, და დასახლდება ქალაქები და ნანგრევები აშენდება. 11 და გავამრავლებ თქვენზე ადამიანსა და საქონელს და გამრავლდებიან და ინაყოფიერებენ. და დაგასახლებთ წინანდებურად და უკეთესად მოგექცევით, ვიდრე თქვენს დასაბამში, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. 12 და გავატარებ თქვენზე ადამიანს, ჩემს ერს, ისრაელს და დაგიმკვიდრებენ და იქნები მათი წილი და მეტად აღარ იქნები უშვილო.’ 13 და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან გეუბნებიან თქვენ: „ადამიანის მჭამელი ხარ შენ და შენი ერი უშვილო ჰყავი!” 14 ამიტომ ადამიანებს აღარ შეჭამ მეტად და შენს ერს აღარ დასტოვებ უშვილოდ!’ სიტყვა უფალი ღმერთისა. 15 ‘და აღარ მოვასმენინებ შენზე ხალხთაგან ლანძღვას, და ხალხთაგან შეურაცხყოფას აღარ მოითმენ და შენს ერს აღარ დააბრკოლებ!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. 16 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 17 „ძეო კაცისავ! ისრაელის სახლმა, მცხოვრებმა თავის მიწაზე, შებილწა იგი თავისი მოქმედებით. როგორც უწმიდურება წიდოვანისა, ისეთი იყო მათი გზა ჩემს წინაშე. 18 და გადმოვაღვარე ჩემი რისხვა მათ იმ სისხლის გამო, რომელიც დაღვარეს ქვეყანაზე და თავიანთი კერპებით შებილწეს იგი. 19 და გავფანტე ისინი ხალხებში და განვაბნიე ქვეყნებში. მათი გზისამებრ და მათი მოქმედებისამებრ განვსაჯე ისინი. 20 და მივიდნენ ისინი ხალხებთან, სადაც მოვიდნენ, და შებღალეს ჩემი წმიდა სახელი, რადგან ეუბნებოდნენ მათ: უფლის ერია ესენი და მისი ქვეყნიდან გამოვიდნენ. 21 და შევიბრალე სახელი ჩემი წმიდასი, რომელიც შებღალა ისრაელის სახლმა ხალხებში, რომლებთანაც მივიდნენ. 22 ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, სახლო ისრაელისა, არამედ ჩემი წმიდა სახელისათვის, რომელიც შებღალეთ ხალხებში, რომლებთანაც მიხვედით. 23 და მე გავწმედ ჩემს დიდებულ სახელს, შებღალულს ხალხებში, რომელიც შებღალეთ თქვენ მათ შორის. და მიხვდებიან ხალხები, რომ მე ვარ უფალი!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘როდესაც წმიდად გამოვცხადდები თქვენში მათ თვალწინ. 24 და აგიყვანთ ხალხებიდან და შეგაგროვებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე. 25 და გასხურებს წმიდა წყალს, და განიწმიდებით მთელი თქვენი სიბილწისაგან და ყველა თქვენი კერპისაგან განგწმედთ თქვენ. 26 და მოგცემთ თქვენ ახალ გულს და ახალ სულს ჩავდებ თქვენში, ამოგარიდებთ ქვის გულს თქვენი ხორციდან და მოგცემთ ხორცის გულს. 27 ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და გავაკეთებ ისე, რომ ჩემი წესებით ივლით და ჩემს სამართალს დაიცავთ და შეასრულებთ. 28 და დასახლდებით ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამებს მივეცი და იქნებით ჩემს ერად და მე ვიქნები თქვენს ღმერთად. 29 მე გიხსნით თქვენ ყველა თქვენი სიბილწისაგან. მოვუხმობ ხორბალს და გავამრავლებ მას და არ მოვავლენ თქვენზე შიმშილს. 30 გავამრავლებ ხის ნაყოფს და მინდვრის მოსავალს, რათა აღარ ითმინოთ შიმშილის სირცხვილი ხალხებში. 31 და გაიხსენებთ თქვენს ბოროტ გზებს და თქვენს მოქმედებას, რომელიც უკეთურია, და შეგძაგდებათ თქვენი თავი თქვენი ურჯულოებისა და თქვენს სისაძაგლეთა გამო. 32 თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას,’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘იცოდეთ თქვენ! შერცხვით და გაწბილდით თქვენი გზების გამო, ისრაელის სახლო.’ 33 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘იმ დღეს, როდესაც მე განგწმედთ თქვენი ყველა ურჯულოებისაგან და დავასახლებ თქვენს ქალაქებს და აშენდება ნანგრევები 34 და ეს გაუდაბურებული მიწა დამუშავდება იმის ნაცვლად, რომ უდაბნო იყო ყოველი გამვლელის თვალში, 35 და იტყვიან: ‘ეს გაუდაბურებული ქვეყანა ედემის ბაღად იქცა, და აოხრებული, გაუდაბურებული და დანგრეული ქალაქები გამაგრდა და აშენდა. 36 და მიხვდებიან ხალხები, რომლებიც თქვენს ირგვლივ დარჩებიან, რომ მე, უფალმა, აღვადგინე დანგრეული, გავაშენე გაუდაბურებული! მე, უფალმა, ვთქვი და გავაკეთე!’ 37 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘კიდევ ამ სათხოვარს ავუსრულებ ისრაელის სახლს, რომ ცხვრის ფარასავით ვუმრავლებ მათ ადამიანებს. 38 როგორც საღვთო ცხვარი, როგორც იერუსალიმის ცხვარი მის დღესასწაულებში, ისე იქნებიან გაუდაბურებული ქალაქები სავსე ადამიანთა სამწყსოთი, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.’”