ეზეკიელი
311 მეთერთმეტე წელს, მესამე თვის პირველ დღეს, იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 2 „ძეო კაცისავ! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მის ხალხს: ‘ვის ემსგავსები შენი სიდიადით? 3 აჰა, აშური – კედარი ლიბანში, ლამაზტოტებიანი და მაჩრდილობელი ტყით, და ტანმაღალი, და ღრუბელთა შორის იყო მისი ვარჯი. 4 წყალმა გაზარდა ის და ქვესკნელმა აამაღლა. მისი მდინარენი მისი ნარგავების ირგვლივ მიედინებოდნენ და თავის ნაკადულებს უგზავნიდა მინდვრის ყველა ხეს. 5 ამის გამო ამაღლდა ტანით მინდვრის ყველა ხეზე და გახშირდა მისი რტოები. და დაგრძელდა მისი ტოტები ბევრი წყლისაგან, როცა გაუშვა ისინი. 6 მის რტოებში იბუდებდა ცის ყველა ფრინველი, მისი ტოტების ქვეშ შობდა მინდვრის ყველა ცხოველი და მის ჩრდილში სხდებოდა ყველა მრავალრიცხოვანი ხალხი. 7 და ლამაზი იყო თავისი სიდიადით, თავისი გრძელი ტოტებით, რადგან მისი ფესვი ბევრ წყლებში იყო. 8 კედრებმა ვერ დაჩრდილეს ღვთის ბაღში, კვიპაროსები არ ჰგავდნენ მის ტოტებს და ჭადრები არ იყო მისი რტოებივით, ღვთის ბაღში არც ერთი ხე არ ჰგავდა მას თავისი მშვენებით. 9 მშვენიერად შევქმენი იგი თავისი ხშირი ტოტებითურთ, და შურდა მისი სილამაზე ყველა ხეს ედემის ბაღში, 10 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: იმიტომ, რომ ტანით გამაღლდა და მოათავსა თავისი ვარჯი ღრუბლთა შორის და აღზევდა მისი გული მის სიმაღლეში, 11 მე მივეცი იგი ძლიერ ხალხთა ხელს, გასაკეთებელს გაუკეთებს მას. მისი ბოროტების გამო გავაძევე. 12 და მოკვეთეს უცხოებმა, სასტიკებმა ხალხთა შორის და მიატოვეს ის მთებსა და ყველა ხეობაში. და დაცვივდა მისი ტოტები და დაილეწა მისი რტოები ქვეყნის ყველა მდინარის კალაპოტებში, და გამოვიდა მისი ჩრდილიდან ქვეყნის ყველა ხალხი და მიატოვეს ის. 13 მის დანაცემზე დაბინავდება ცის ყველა ფრინველი და მის ტოტებში იქნება მინდვრის ყველა ცხოველი. 14 იმისათვის, რომ არ გაამაყდეს თავისი სიმაღლით წყლის არც ერთი ხე და არ უწვდინონ თავიანთი ვარჯი ღრუბელთა შორის, და არ დადგეს მათ წინაშე მათი სიმაღლის გამო არც ერთი წყლის მსმელი, რადგან ყველანი სიკვდილს გადაეცემიან ქვემო ქვეყანაში, საფლავში ჩასულ ადამის ძეთა შორის. 15 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: შავეთში მისი ჩასვლის დღეს გლოვას გავმართავ, გადავუკეტავ მიწის ქვეშა წყლებს და შევაკავებ მის მდინარეებს, და შეჩერდებიან ბევრი წყლები, და მოვქუფრავ მისთვის ლიბანს, და მინდვრის ყველა ხე ჩამოხმება მის გამო. 16 მისი დაცემის ხმაზე შევაზანზარებ ხალხებს, როდესაც ჩავიყვან მას შავეთში საფლავში ჩასულებთან, და ენუგეშება ქვეყანაში ედემის ყველა ხეს, ლიბანის რჩეულს და საუკეთესოს, ყველა დარწყულებულს. 17 ისინიც მასთან ჩავლენ შავეთში მახვილით დახოცილებთან, და მისი შემწენიც ისხდებიან მის ჩრდილში ხალხებს შორის. 18 ვის ჰგავდი პატივითა და სიდიდით ედემის ხეთა შორის? და ჩაყვანილ იქნები ედემის ხეებთან შავეთში, წინადაუცვეთელებთან დაწვები – მახვილით დახიცილებთან. ასე მოუვა ფარაონს და მთელ მის სიმრავლეს!” – სიტყვა უფალი ღმერთისა.