ეზეკიელი
211 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 2 „ძეო კაცისავ! მიმართე შენი პირი იერუსალიმისაკენ და უქადაგე საწმიდრებს და უწინასწარმეტყველე ისრაელის მიწას, 3 და უთხარი ისრაელის მიწას: ‘ასე ამბობს უფალი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ: გამოვიღებ ჩემს მახვილს მისი ქარქაშიდან და მოვკვეთ შენგან მართალსა და ბოროტმომქმედს. 4 რომ მოვკვეთო შენგან მართალი და ბოროტმომქმედი, ამიტომ გამოვა ჩემი მახვილი მისი ქარქაშიდან ყველა ხორციელზე სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე. 5 და მიხვდება ყველა ხორციელი, რომ მე, უფალმა, გამოვიღე ჩემი მახვილი მისი ქარქაშიდან, და აღარ ჩაბრუნდება უკან. 6 და შენ, ძეო კაცისავ! ამოიხვნეშე წელმოწყვეტით და სიმწრით ამოიხვნეშე მათ თვალწინ. 7 და რადგან გკითხავენ შენ: ‘რისთვის ხვნეში?’ და ეტყვი: ‘ხმის გამო, რომელიც მოდის – და დადნება ყოველი გული, და მოდუნდება ყოველი ხელი, და დაუძლურდება ყოველი სული, და ყველა მუხლები გაწყალდება. აჰა, მოდის და იქნება!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა.” 8 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 9 „ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ‘ასე თქვა უფალმა: თქვი, მახვილი, მახვილი გალესილი და გაპრიალებული, 10 რომ დახოცოს, იმისათვის გაილესა, რათა ელვა ჰქონდეს, გაპრიალდა! გვიხაროდეს ჩვენ, ჩემი ძის კვერთხმა მოიძულა ყველა ხე. 11 და მიეცა გასაპრიალებლად, ხელში დასაჭერად. გაილესა ეს, მახვილი და გაპრიალდა იგი მკვლელის ხელში გადასაცემად. 12 იკივლე და იტირე, ძეო კაცისავ! რადგან ის ჩემი ერის, ისრაელის ყველა მთავრის წინააღმდეგ არის! მახვილს არიან მიცემულნი ჩემს ერთან ერთად, ამიტომ ირტყი შენს ბარძაყზე. 13 რადგან განსაცდელი იყო და რა არის, თუ კვერთხიც არ მოიძულა.” – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 14 „და შენ, ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და შემოჰკარი ხელი ხელს და გაორდება მახვილი მესამეგზის. განგმირულთა მახვილია ის, დიდის მოსაკლავი მახვილი, რომელიც გარს უვლის მათ. 15 რათა დადნეს გული და გამრავლდეს დაბრკოლებანი, ყველა მათ კარიბჭეზე დავდე მე სასტიკი მახვილი – გაკეთებულია ელვასავით, გაპრიალებულია დასახოცავად. 16 გაერთიანდი მარჯვნივ, გაემართე მარცხნივ, საითკენაც შენი პირია განკუთვნილი, 17 და მეც შემოვკრავ ხელს ხელზე და დავაცხრობ ჩემს გულისწყრომას, მე, უფალმა ვთქვი.” 18 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 19 „და შენ, ძეო კაცისავ! დაადგინე შენთვის ორი გზა ბაბილონის მეფის მახვილის მოსასვლელად. ორივენი ერთი ქვეყნიდან გამოვლენ, და ამოირჩიე ადგილი, ქალაქის გზის დასაწყისში ამოარჩიე. 20 გზა დაადგინე მახვილის მოსასვლელად ყამონიანთა რაბასა და იუდაში, გამაგრებულ იერუსალიმში. 21 რადგან დადგა ბაბილონის მეფე გზის გასაყართან, ორი გზის დასაწყისში, სამისნოდ: შეარხია ისრები, ჰკითხა თერაფიმებს, დახედა ღვიძლს. 22 მის მარჯვენა ხელში იყო მისნობა – იერუსალიმი, დაედგა კედელსანგრევი მანქანები, გაეხსნა პირი სიკვდილისათვის, აეწია ხმა მხედრული შეძახილით, დაედგა კედელსანგრევი მანქანები კარიბჭეებთან, დაეყარათ მიწაყრილი, აეშენებინათ ციხე-სიმაგრენი. 23 და იქნება ეს მათ თვალში, როგორც ფუჭი მკითხაობა, ფიცთა ფიცი აქვთ დადებული, მაგრამ ის ახსენებს იმ ურჯულოებას, რის გამოც დაჭერილ იქნებიან. 24 და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან თქვენ გაიხსენეთ თქვენი ურჯულოება, როდესაც გამოამჟღავნეთ თქვენი დანაშაულებანი, რათა გეჩვენებინათ თქვენი ცოდვანი თქვენს ყველა ნამოქმედარში, ისე, როგორც თქვენ იყავით გახსენებულნი, ხელით იქნებით დაჭერილნი. 25 და შენ, შებღალულო ბოროტმომქმედო, მთავარო ისრაელისა, რომლის დღეც მოვიდა უკანასკნელი სასჯელის დროს,’ 26 და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘მოიშორე დოლბანდი და ჩამოიღე გვირგვინი. ასე აღარ იქნება. დამდაბლებული ამაღლდება და ამაღლებული დამდაბლდება. 27 ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად ვაქცევ მას. არც ეს აღარ იქნება, სანამდე არ მოვა ის, ვისიც არის სამართალი – და გადავცემ მას.’ 28 და შენ, ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა ყამონიანებზე და მათ შერცხვენაზე’– და თქვი: ‘მახვილი, მახვილია გაშიშვლებული დასახოცავად, გაპრიალებულია ამოსაწყვეტად, რათა ელვასავით ელავდეს. 29 როდესაც წინასწარ გეუბნებოდნენ შენ ამაოს, გიმკითხავებდნენ სიცრუეს, რათა დადებულიყავი დახოცილ ბოროტმომქმედთა კისრებზე, რომელთა დღეც მოვიდა უკანასკნელი სასჯელის დროს. 30 ჩააბრუნე იგი თავის ქარქაშში. იმ ადგილას, სადაც შეიქმენი, შენი წარმოშობის ქვეყანაში განვსჯი. 31 და გადმოვღვრი შენზე ჩემს რისხვას, ჩემი წყრომის ცეცხლს დავბერავ შენზე და მიგცემ შენ მძვინვარე, მკვლელობაში გაწაფულ ადამიანთა ხელთ. 32 ცეცხლის შესაჭმელი იქნები შენ, შენი სისხლი ქვეყნის შიგნით იქნება. არ გაგიხსენებენ, რადგან მე, უფალმა, ვთქვი.