15 და აღიმართნენ ქერუბიმები, ეს ის ცოცხალი არსებები იყვნენ, რომლებიც ვიხილე მდინარე ქებარის პირას. 16 ქერუბიმების სვლისას ბორბლებიც მიდიოდნენ მათთან ერთად; და, როდესაც ქერუბიმები ფრთებს გაშლიდნენ, რომ მიწიდან აწეულიყვნენ, ბორბლები არ ცილდებოდნენ მათ, არამედ მათთან ერთად იყვნენ. 17 მათი გაჩერებისას ისინიც იდგნენ, და მათი აწევისას ისინიც აიწევდნენ ხოლმე მათთან ერთად, რადგან ცოცხალი სული იყო მათში. 18 და კვლავ გავიდა უფლის დიდება ტაძრის ზღურბლიდან და ზედ დაადგა ქერუბიმებს. 19 და გაშალეს ქერუბიმებმა ფრთები და ჩემს თვალწინ აიმართნენ მიწიდან; და როდესაც ისინი გადიოდნენ, ბორბლებიც მათთან იყო; და დადგნენ უფლის ტაძრის აღმოსავლეთის კარიბჭის შესასვლელთან და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ. 20 ეს ის არსებანი იყვნენ, რომლებიც მე ვიხილე მდინარე ქებარის პირას, ისრაელის ღმერთის ტახტის ქვეშ რომ იდგნენ, და მივხვდი, რომ ქერუბიმები იყვნენ ისინი. 21 ყოველ მათგანს ოთხი სახე ჰქონდა და ოთხი ფრთა, და თითოეულს ფრთებქვეშ ადამიანის ხელის მსგავსი რამ. 22 და შესახედაობა მათი სახისა მსგავსი იყო იმ სახეთა, რომლებიც მე ვიხილე მდინარე ქებარის პირას, – მათი გამოსახულებაც და თვითონაც. თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა.