ესთერი 8

ივნისი 10, 2015
ძველი აღთქმა
ესთერი
81 იმავე დღეს მისცა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს იუდაელთა მტრის, ჰამანის სახლი. მორდექაი კი ეახლა მეფეს, რადგან გაუმხილა ესთერმა, რა იყო იგი მისი. 2 და წაიძრო მეფემ თავისი ბეჭედი, ჰამანისთვის ჩამორთმეული, და მისცა მორდექაის. ხოლო ესთერმა მორდექაი ჰამანის სახლის მოურავად დააყენა. 3 კვლავ დაელაპარაკა მეფეს ესთერი, ფეხებში ჩაუვარდა და ატირდა, ემუდარებოდა, გაეუქმებინა ჰამან აგაგელის სიავე და განზრახვა, რომელიც იუდაელთა წინააღმდეგ ჰქონდა განზრახული. 4 და გაუწოდა მეფემ ესთერს ოქროს კვერთხი, და წამოდგა ესთერი და დადგა მეფის წინაშე. 5 და თქვა: „თუ მეფე ინებებს, და თუ მე წყალობა მიპოვია მის წინაშე, და თუ ეს საქმე სწორია მეფის წინაშე და მეც მოსაწონი ვარ მის თვალში, დაიწეროს ბრძანება, რომელიც გააუქმებს ჰამანის, ჰამედათა აგაგელის ძის მიერ შეთხზულ წერილებს, რომლებიც მან დაწერა იუდაელთა მოსასპობად, რომელნიც მეფის ყველა სამთავროში ცხოვრობენ. 6 რადგან, როგორ ვუყურო უბედურებას, რაც ჩემს ერს უნდა შეემთხვეს? როგორ ვუყურო ჩემი სამშობლოს დაღუპვას?” 7 და უთხრა მეფე ახაშვეროშმა ესთერ დედოფალს და მორდექაი იუდაელს: „აჰა, ხომ მივეცი ესთერს ჰამანის სახლი, თავად კი ძელზე ჩამოჰკიდეს, რადგან მან იუდაელებზე აღმართა ხელი. 8 და თქვენ დაწერეთ მეფის სახელით იუდაელებზე, რაც გაგიხარდებათ, და მეფისავე ბეჭდით დაბეჭდეთ, რადგან არ შეიცვლება მეფის სახელით დაწერილი და მეფის ბეჭდით დაბეჭდილი.” 9 მაშინ დაუძახეს მეფის მწერლებს მესამე თვეს, რომელიც არის თვე სივანისა, ოცდამესამე დღეს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც უბრძანა მორდექაიმ იუდაელებს, სატრაპებს, განმგებლებს, სამთავროთა მთავრებს ინდოეთიდან ქუშამდე, ას ოცდაშვიდ სამთავროს, ყოველ სამთავროს თავისი დამწერლობით, ყოველ ხალხს თავის ენაზე, იუდაელებსაც თავიანთი დამწერლობით და თა-ვიანთ ენაზე. 10 და მან დაწერა მეფე ახაშვეროშის სახელით, და დაბეჭდა მეფის ბეჭდით, და დააგზავნა წერილები მეფის ცხენთსაშენის ბედაურებზე ამხედრებული მალემსრბოლების ხელით, 11 რომ მეფე ნებას აძლევდა იუდაელებს, რომლებიც იყვნენ ყველა ქალაქში, შეკრებილიყვნენ და დაეცვათ თავი, გაეწყვიტათ, დაეხოცათ და დაეღუპათ იმ ერისა და სამთავროს მთელი მხედრიონი, რომელიც მტრულად მოეკიდებოდა მათ; მათი ბალღებიც და ქალებიც ზედ მიეყოლებინათ და მათი მონაგარი დაეტაცათ, 12 ერთი დღის მანძილზე, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, მეცამეტე დღეს მეთორმეტე თვისა, რომელიც არის ადარის თვე. 13 წერილის პირი უნდა გადაეცათ, როგორც კანონი, ყველა სამთავროში, მთელი ხალხისათვის გამოსაცხადებლად, რომ იუდაელები მზად ყოფილიყვნენ ამ დღისათვის, თავიანთ მტრებზე შურისსაძიებლად. 14 და სამეფო ბედაურებზე ამხედრებულმა მალემსრბოლებმა მეფის ბრძანებით აჩქარებულებმა და გამალებულებმა გაჰქუსლეს. განკარგულება კი შუშანში, სატახტო ქალაქში, იყო გამოცხადებული. 15 და მორდექაი გამოვიდა მეფისაგან ლურჯი და თეთრი ფერის სამეფო სამოსელში, ოქროს დიდი გვირგვინით, ბისონისა და ძოწეულის მოსასხამით. შუშან-ქალაქი კი ყიჟინებდა და ხარობდა. 16 და იუდაელთათვის იყო ნათელი, სიხარული, შვება და პატივი. 17 ყველა სამთავროში, ყველა ქალაქში, ყველგან, სადაც კი მივიდა მეფის ბრძანება და განკარგულება, სიხარული და შვება ჰქონდათ იუდაელებს, ნადიმი და დღეობა. ქვეყნის ბევრი მცხოვრები იუდაელი გახდა, რადგან იუდაელთა შიშმა მოიცვა ისინი.
თავი მეშვიდე                                                                                                                                        თავი მეცხრე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close