6 და შევიდა ჰამანი, და ჰკითხა მას მეფემ: რა ვუყოთ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს? და გაიფიქრა ჰამანმა გულში: ვისი პატივისცემა უნდა სურდეს მეფეს, თუ არა ჩემიო? 7 და უთხრა მეფეს: იმ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს, 8 უბოძონ სამეფო მოსასხამი, რომელიც ემოსა მეფეს, და ცხენი, რომელზეც იგი იჯდა, როცა გვირგვინი უკურთხეს. 9 ხელში მისცენ მოსასხამი და ცხენი მეფის ყველაზე დიდებულ მთავარს; შემოსონ ის კაცი, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს; გაატარონ ცხენით ქალაქის მოედანზე და იყვირონ მის წინაშე: ასე ექცევიან მას, ვისაც მეფე მიაგებსო პატივს! 10 და უბრძანა მეფემ ჰამანს: ახლავე აიღეო მოსასხამი და ცხენი, როგორც თქვი, და ასე მოექეცი მორდექაის, იუდაელს, მეფის კარიბჭესთან რომ ზის; არაფერი დააკლოო შენს ნათქვამს. 11 და აიღო ჰამანმა მოსასხამი და ცხენი, შემოსა მორდექაი, ამხედრებული გაიყვანა ქალაქის მოედანზე და მის წინაშე ყვიროდა: ასე ექცევიან მას, ვისაც მეფე მიაგებსო პატივს! 12 და დაბრუნდა მორდექაი მეფის კარიბჭესთან, ჰამანი კი გაეშურა შინისაკენ, დამწუხრებული და თავდაბურული.