ესაია 44

ივლისი 3, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
441 და ახლა ისმინე, იაკობ ჩემო მსახურო, და ისრაელ, რომელიც ავირჩიე. 2 ასე თქვა უფალმა, შენმა შემქმნელმა, დედის მუცელში შენმა გამომსახველმა და შენმა შემწემ: ‘ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ; და შენ, იეშურუნ, რომელიც ავირჩიე. 3 რადგან მე გადმოვღვრი წყალს გვალვიანზე და ნაკადულებს – ხმელ მიწაზე; გადმოვღვრი ჩემს სულს შენს თესლზე, და ჩემს კურთხევას – შენს შვილთაშვილებზე. 4 და აღმოცენდებიან ისინი ბალახებს შორის, როგორც ტირიფნი წყლის სადინარებთან.’ 5 ეს იტყვის: ‘უფლისა ვარ მე!’ ის იაკობის სახელით იწოდება. დაწერს თავის ხელით: ‘უფლისა’ და ისრაელის სახელი დაერქმევა. 6 ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და მისი გამომხსნელი, უფალი ცაბაოთი: ‘მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.’ 7 ‘ვინ არის ჩემსავით? წარმოთქვას და გამოაცხადოს ეს და მიამბოს დაწყობილად, თუ რა მოხდა იმ დღიდან, რაც დავადგინე მე საუკუნო ხალხი; და მოწევნადი და, რაც მოვა, გამოუცხადონ მათ.’ 8 ‘ნუ გეშინიათ და ნუ ფრთხებით, მე ხომ ძველთაგან გაუწყე შენ და გამოგიცხადე? და თქვენ მოწმენი ხართ ჩემი, განა არის ღმერთი ჩემს გარდა? და არ არის სხვა კლდე. მე არ ვიცი.’” 9 კერპთა გამომსახველნი ყველანი ფუჭნი არიან და მათი ძვირფასეულობანი – უსარგებლონი, რის მოწმენიც თავად არიან. ისინი ვერ ხედავენ და ვერ ხვდებიან, ამიტომაც შერცხვნენ. 10 ვინ გამოსახა ღმერთი და ჩამოასხა კერპი, სარგებლობა რომ არა აქვს? 11 აჰა, ყველა მათი მეგობარი შერცხვება, ოსტატნი კი, ადამიანთაგან რომ არიან, შეიკრიბონ ყველანი და დადგნენ – შეშინდებიან, შერცხვებიან ერთად. 12 მჭედელი ცულს აკეთებს და ნახშირზე მუშაობს, და ჩაქუჩით გამოსახავს და ამუშავებს მას თავისი მკლავის ძალით; შია კიდეც და არც ძალა აქვს, წყალს არა სვამს და იღლება. 13 დურგალი ლარს ჭიმავს, მონიშნავს ხეს საჭრეთლით, ამუშავებს მას ხელეჩოთი და ფარგლით შემოხაზავს მას, და უკეთებს კაცის სახებას, მსგავსს ლამაზი ადამიანისა, რათა დასვას სახლში. 14 მოჭრის თავისთვის კედრებს, და იღებს ცაცხვს და მუხას, და იმარაგებს თავისთვის ტყის ხეებს, რგავს ფიჭვს და წვიმა ზრდის მას. 15 და აქვს ეს ადამიანს დასაწვავად. და ის იღებს მათგან და თბება, და ათბობს ღუმელს და აცხობს პურს, ღმერთსაც აკეთებს და თაყვანს სცემს, აკეთებს მას ქანდაკებად და ქედს უხრის მას. 16 მის ნახევარს წვავს ცეცხლში, მეორე ნახევრით ხარშავს ხორცს შესაჭმელად, ხრაკავს შესაწვავს და ძღება, და თბება და ამბობს: „ოჰ, გავთბი, ვიგრძენი ცეცხლი!” 17 ხის ნარჩენი ღმერთად ქმნა, თავის კერპად, ქედს უხრის მას და თაყვანს სცემს, და ევედრება მას და ამბობს: „გადამარჩინე, რადგან ჩემი ღმერთი ხარ შენ!” 18 ცნობა არა აქვთ და არც გაგება აქვთ, რადგან ტალახით აქვთ აგლესილი თვალები, რათა ვერ იხილონ, ვერაფერს მიხვდნენ მათი გულები. 19 არ განსჯის თავის გულში და არა აქვს მას გაგება და გონება, რომ თქვას: „მისი ნახევარი ცეცხლში დავწვი მის ნაკვერცხალზე პური გამოვაცხვე, ხორცი შევწვი და ვჭამე, მისი მონარჩენი კი სისაძაგლედ ვაქციე. ჯირკს ვეთაყვანები?” 20 ფერფლით იკვებება ის, მოტყუებულმა გულმა აცთუნა და ვერ გადაირჩენს სულს და ვერ იტყვის: „სიცრუე ხომ არ არის ჩემს მარჯვენაში?” 21 „გახსოვდეს ესენი, იაკობ, და ისრაელ, რადგან მსახური ხარ ჩემი, მე გამოგსახე, შენ ჩემი მსახური ხარ, არ დაივიწყები ჩემგან, ისრაელ! 22 წარვხოცე მე, როგორც ნისლი, შენი დანაშაულებანი და როგორც ჯანღი – შენი ცოდვანი; მობრუნდი ჩემსკენ, რადგან მე გამოგისყიდე შენ. 23 იზეიმეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა, შემოსძახეთ, მიწის ქვეშეთნო, დასჭექეთ მხიარულად, მთებო, ტყევ და მასში ყველა ხემ, რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი და ისრაელში განდიდდება. 24 ასე თქვა უფალმა, შენმა გამომხსნელმა და დედის მუცელში შენმა გამომსახველმა: „მე ვარ უფალი, ყოვლის შემქმნელი, ცის გადამჭიმელი, დედამიწის ჩემით დამგები, 25 რომელიც არღვევს ცრუთა ნიშნებს და ააშკარავებს ჯადოსანთა შეშლილობას, უკან ახევინებს ბრძენთ და მათ ცოდნას სისულელედ აქცევს, 26 განამტკიცებს სიტყვას თავისი მსახურისას და თავის მოციქულთა რჩევას სრულყოფს, ვინც ამბობს იერუსალიმზე: ‘დასახლდება’ და იუდას ქალაქებზე: ‘აშენდება, და მის ნანგრევებს აღვადგენ!’ 27 ის ეუბნება უფსკრულს: ‘ამოხმი! და შენს მდინარეებს ამოვაშრობ!’ 28 ვინც ამბობს კიროსზე: ‘მწყემსი ჩემია,’ და ჩემს ყველა სურვილს ის აღასრულებს! და რათა ითქვას იერუსალიმზე: ‘აშენდება!’ და ტაძარზე: ‘დაფუძნდება!”
თავი ორმოცდამესამე                                                                                                               თავი ორმოცდამეხუთე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close