ესაია 30

ივლისი 3, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
301 „ვაი, გაუგონარ შვილებს,” – სიტყვა უფლისა. – „რჩევას იღებენ, და არა ჩემგან, ჩანაფიქრს ფიქრობენ და არა ჩემი სულით, რათა ცოდვა ცოდვას მიუსართონ. 2 ეგვიპტეში ჩასასვლელად რომ გაემართნენ, ჩემს ბაგეს კი არ დაეკითხნენ, რათა გამაგრებულიყვნენ ფარაონის სიმაგრეში, და ეგვიპტის ჩრდილისთვის შეეფარებინათ თავი. 3 მაგრამ ფარაონის სიმაგრე სირცხვილად გექცევათ, ეგვიპტის ჩრდილში შეფარება – შესარცხვენად. 4 რადგან მისი მთავარნი ცოყანში იყვნენ, და მისმა მოციქულებმა ხანესამდე მიაღწიეს. 5 ყველა შერცხვენილია ხალხის გამო, რომელიც ვერ შეეწევა მათ, ვერც საშველად და ვერც სარგოდ, მხოლოდ სირცხვილად და შესარცხვენად.” 6 ტვირთი ნეგების პირუტყვისა: უბედურებისა და გაჭირვების ქვეყანაში, საიდანაც გამოდიან ძუ და ხვადი ლომი; ასპიტი და მფრინავი ურჩხული! ჩოჩორთა ზურგით მოაქვთ მათ თავიანთი დოვლათი და აქლემთა კუზით – თავიანთი საუნჯე უსარგებლო ხალხთან. 7 ეგვიპტე კი, მისი შემწეობა, ამაო და ფუჭია, ამიტომაც ვუწოდე მას: „უქმად მოქადულნი”. 8 ახლა მოდი, დაუწერე ეს დაფაზე, და წიგნში ამოკვეთე და დარჩება უკანასკნელ დღემდე, უკუნითი უკუნისამდე. 9 რადგან მეამბოხე ხალხია ის, ცრუ ძენი, ძენი, რომელთაც არ სურთ უფლის რჯულის მოსმენა, 10 რომლებიც ეუბნებიან მხილველებს: “ნუ იხილავთ” – და წინასწარმეტყველთ: „ნუ გვიწინასწარმეტყველებთ სიმართლეს, გვითხარით რამ საამებელი, იხილეთ რამ სამხიარულო. 11 განდექით გზიდან, გადაუხვიეთ ბილიკიდან, მოგვასვენეთ ისრაელის წმიდისაგან.” 12 ამიტომ ასე თქვა ისრაელის წმიდამ: „რადგან თქვენ შეიძულეთ ეს სიტყვა და დაენდეთ გამოძალვას და მოტყუებას და ეყრდნობით ამას, 13 ამიტომ გექნებათ თქვენ ეს ურჯულოება, როგორც ნაპრალი დამაქცეველი, როგორც შენანგრევი მაღალ კედელზე, რომლის ჩამოქცევა მეყსეულად მოვა. 14 და დალეწავს, როგორც ლეწავენ მექოთნის ჭურჭელს ნამსხვრევებად, შეუბრალებლად, და არ მოინახება ამ ნამსხვრევებში ნატეხი, კერიდან ცეცხლის ასაღებად, ან ტბორიდან წყლის ამოსახაპად.” 15 რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა, ისრაელის წმიდამ: „მოქცევასა და სიმშვიდეში გადარჩებოდით, სიმყუდროვესა და მინდობაში იქნებოდა თქვენი ძალა, მაგრამ თქვენ არ ინდომეთ. 16 ამბობდით: „არა, რადგან ცხენით გავიქცევით,” ამიტომაც გაიქცევით; „ჩვენ სწრაფი ცხენებით გავჭენდებით!” ამიტომ სწრაფნი იქნებიან თქვენი მდევარნი. 17 ათასეული გაიქცევა ერთის მუქარით, ხუთის მუქარით თქვენ მოჰკურცხლავთ, სანამ არ დარჩებით სარყესავით მთის თხემზე და ნიშანივით – ბორცვზე.” 18 ამიტომ უფალი დროს უცდის, რომ შეგიწყალოთ. ამიტომ მაღლდება, რომ შეგიბრალოთ. რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყველა მისი მოიმედე. 19 რადგან, ხალხო, მცხოვრებო სიონსა და იერუსალიმში, ტირილით აღარ იტირებთ, შეგიწყალებს ის შენი ღაღადის პასუხად; მოსმენისთანავე გიპასუხებს. 20 და მოგცემთ თქვენ უფალი გაჭირვების პურს და სიმძიმილის წყალს. და შენი მოძღვარი აღარ დაიმალება და იხილავენ შენი თვალები შენს მოძღვარს. 21 და შენი ყურები მოისმენენ სიტყვას, ნათქვამს შენს უკან: „აი გზა, მას გაჰყევით”, როცა მარჯვნივ წახვალთ ან მარცხნივ. 22 სიბილწედ შერაცხავთ შენი ძეგლების ვერცხლის პერანგს და შენი კერპების ოქროს სამოსელს. მიმოფანტავ მათ, როგორც სიბინძურეს; „მოშორდი”, ეტყვი მათ. 23 და მისცემს ის წვიმას შენს თესლს, რომელსაც დათესავ მიწაზე. და პური, მიწის მოსავალი, იქნება მსუყე და ნოყიერი, შენი სამწყსო იმ დღეს გაშლილ საძოვარზე დაიმწყესება. 24 ხარები და ვირები, მინდოს რომ ხნავენ, მარილიან საკვებს შეჭამენ, განიავებულს ნიჩბითა და ფიწლით. 25 და ყოველ მაღალ მთაზე და ყოველ შემაღლებულ ბორცვზე წყალუხვი ღელეები იქნება დიდი განადგურების დღეს, კოშკების დაცემისას. 26 და იქნება მთვარის ნათელი, როგორც მზის ნათელი, და მზის ნათელი შვიდმაგი იქნება, როგორც შვიდი დღისა იმ დღეს, როდესაც უფალი შეუხვევს მოტეხილს თავის ხალხს და ჭრილობას განუკურნავს. 27 აჰა, უფლის სახელი მოდის შორიდან, გიზგიზებს მისი რისხვა და მძიმეა მისი ტვირთი, მისი ბაგენი სავსეა მრისხანებით და მისი ენა შემჭმელი ცეცხლივითაა. 28 მისი სუნთქვა მოვარდნილი ღვართქაფივითაა, ყელამდე სწვდება, რომ გაცრას ხალხები ამაოების საცერში. და ამოსდებს ხალხებს ყბებში ლაგამს, რომ წარმართოს ცთუნებათაკენ. 29 სიმღერა გექნებათ თქვენ, როგორც დღესასწაულის კურთხევის ღამეს, და გულის სიხარული, როგორც სალამურის ღუღუნით მავალს, რომ ავიდეს მთაზე უფლისა –ისრაელის კლდისა. 30 უფალი მოასმენინებს თავისი ხმის სიდიადეს, და თავისი მკლავის ცემას აჩვენებს გულისწყრომის რისხვაში და შემჭმელი ცეცხლის ალში, ქარიშხალში და ქვის სეტყვაში. 31 რადგან უფლის ხმისაგან დაილეწება აშური, შოლტით მცემელი. 32 ყოველი ჩავლა სასჯელის კვერთხისა, რომელსაც უფალი დასცემს მასზე, დაფდაფთა და ქნართა ხმაზე მოხდება. და ბრძოლებში ხელის მოქნევით შეებრძოლება მას. 33 რადგან შესაწირი ადგილი, მეფისთვისაცაა გამზადებული, გაღრმავებული და გაფართოებული, მის კოცონში ცეცხლი და ბევრი შეშაა. უფლის სუნთქვა გოგირდის ღელესავით გიზგიზებს მასში.
თავი ოცდამეცხრე                                                                                                                  თავი ოცდამეთერთმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close