ესაია 29

ივლისი 3, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
291 ვაი, არიელ, არიელ, დავითის სადგომო ქალაქო! მოუმატეთ წელს წელი, იბრუნონ დღესასწაულებმა. 2 და მე შევაჭირვებ არიელს, და იქნება ურვა და ტირილი და მეყოლება არიელივით. 3 და დავბანაკდები შენს ირგვლივ, გარს შემოგარტყამ სანგარს და წინ აღგიმართავ გოდლებს. 4 დამცირდები, მიწიდან ილაპარაკებ და მტვრიდან ყრუდ გამოვა შენი ნათქვამი, და როგორც ხმა მუცლითმეზღაპრისა, მიწიდან იქნება შენი ხმა და მტვრიდან იჩურჩულებს შენი ნათქვამი. 5 მტვერ-ბუქივით იქნება სიმრავლე შენი მტრებისა და ანიავებული ბზესავით – სიმრავლე სასტიკთა; და უცებ მოხდება, წამისყოფაში. 6 მოგინახულებს ცაბაოთ უფალი ქუხილით, მიწისძვრითა და დიდი ხმით, ქარიშხლით, გრიგალითა და შემჭმელი ცეცხლის ალით. 7 იქნება სიზმარივით, ღამის მოჩვენებასავით არიელთან მებრძოლი ყველა ხალხის სიმრავლე, ყველა მის წინააღმდეგ გალაშქრებული, მის სიმაგრეთა წინააღმდეგ, და მისი შემაწუხებელნი, 8 იქნება, როგორც მშიერს ესიზმრება – აჰა, ჭამს იგი; გამოიღვიძებს და ცარიელია მისი კუჭი. და როგორც მწყურვალს ესიზმრება – აჰა, სვამს იგი, გამოიღვიძებს და დაქანცულია და სულს სწყურია ისევ; ასე მოუვა ყველა ხალხს, გალაშქრებულს სიონის მთის წინააღმდეგ. 9 შეყოვნდით და გაოცდით, მოაჩვენეთ თავი ბრმებად და დაბრმავდით, მთვრალნი არიან და არა ღვინისაგან, ირწევიან და არა სასმელისაგან. 10 რადგან მოგაღვარათ უფალმა ძილქუშის სული და დახუჭა თქვენი თვალები – წინასწარმეტყველნი, თქვენი წინამძღოლნი – მხილველნი დააბნელა. 11 და იქნება თქვენთვის მთელი ეს ხილვა, როგორც სიტყვები დაბეჭდილი წიგნისა, რომელსაც აძლევენ წიგნის მცოდნეს, ეუბნებიან: „წაიკითხე ეს.” მაგრამ ის ამბობს: „არ შემიძლია, რადგან დაბეჭდილია.” 12 და აძლევენ წიგნს იმას, რომელმაც არ იცის წიგნი, და ეუბნებიან: „წაიკითხე ეს.” მაგრამ ის პასუხობს: „არ ვიცი წიგნი”. 13 და თქვა უფალმა: „იმის გამო, რომ მომიახლოვდა ეს ხალხი თავისი პირით და თავისი ბაგით პატივს მცემს მე, მისი გული კი შორს არის ჩემგან, – მათი მოშიშობა ჩემს წინაშე ადამიანთა ნასწავლ მცნებად იქცა, 14 ამიტომ, აჰა, კვლავ გავაოცებ ამ ხალხს გასაოცარი საოცრებებით; და დაიკარგება მის ბრძენთა სიბრძნე, და მის გონიერთა გონება დაიმალება.” 15 ვაი მათ, რომელნიც უფლისაგან ღრმად მალავენ განზრახვას, და ბნელშია მათი საქმენი და ამბობენ: „ვინ გვხედავს ჩვენ?” და: „ვინ გვიცნობს ჩვენ?” 16 ოი, თქვენი უკუღმართობა! განა მექოთნე და თიხა ერთია? რომ ნაკეთობამ თქვას თავის გამკეთებელზე, „არ გავუკეთებივარო?” და ქმნილებამ თქვას თავის შემქმნელზე: „არაფერი გაეგებაო?” 17 სულ ცოტაც და განა ლიბანი ნაყოფიერ მინდვრად არ იქცევა? და ნაყოფიერი მინდორი ტყედ არ ჩაითვლება? 18 ყრუები მოისმენენ იმ დღეს წიგნის სიტყვებს და წყვდიადიდან და სიბნელიდან ბრმების თვალები იხილავენ. 19 წამებულნი უფრო მეტ სიხარულს ჰპოვებენ უფალში, და ღატაკი ხალხი ისრაელის წმიდაში გაიხარებს. 20 რადგან არარად იქცევა დაუნდობელი, და მგმობელს ბოლო მოეღება, და მოისპობა ყველა დამცველი ურჯულოებისა, 21 სიტყვით რომ აცთუნებენ ადამიანს და კარიბჭესთან მამხილებელს მახეს უგებენ, მართალს უგზოუკვლოდ ახეტიალებენ. 22 ამიტომ ასე თქვა უფალმა, იაკობის სახლის ღმერთმა, რომელმაც გამოისყიდა აბრაამი: „ამიერიდან არ იქნება იაკობი შერცხვენილი და ამიერიდან არ გაფითრდება მისი სახე. 23 რადგან როდესაც დაინახავს თავის შვილებს, ჩემს ხელთა ქმნილებას თავის წიაღში, წმიდად ჰყოფენ ჩემს სახელს; და განწმედენ იაკობის წმიდას, და ისრაელის ღმერთის შეეშინდებათ. 24 სულით ცთომილნი გონს მოეგებიან და მდრტვინავნი ჭკუას ისწავლიან.”
თავი ოცდამერვე                                                                                                                                 თავი ოცდამეათე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close